ყარანა-მეგაზაფხულე
ყარანა-მეგაზაფხულე (ლათ. Phylloscopus trochilus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − ყარანა (Phylloscopus)
ყარანა-მეგაზაფხულე ბეღურაზე ბევრად პატარა ფრინველია, ფრთა 60-73 მმ-ია, კუდი – 45-55 მმ, ნისკარტი ნესტოების წინა კიდეებიდან – 5-7 მმ, წონა – 8-10 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება უმნიშვნელოა, დედალი რამდენადმე მკრთალია ქვემო მხარეს. ზრდასრული ფრინველი გაზაფხულზე უპირატესად მოწაბლისფრო-რუხია, ზოგჯერ მომწვანო ელფერით, რაც ყველაზე უფრო შესამჩნევია წელის არეში. კარგად ეტყობა ღია ყვითელი ზოლები თვალებს ზემოთ („წარბები“), რომლებიც უკანა ბოლოში უფრო თეთრი ხდება. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა, მომწვანო არშიებით გარეთა მარაოებზე. ფრთის მტევნის მოხრილობასთან და იღლიის ბუმბულები ყვითელია. მუცლის მხარე მოთეთროა, ყვითელი ელფერით. ჩიჩახვისა და მკერდის გვერდები მორუხოა, ნისკარტი მუქი მურა, მაგრამ ნისკარტქვედას ძირში მოყვითალო. ფეხები ღია ფერისაა. პირველი მომქნევი 12-18 მმ-ია და 2-6 მმ-ით გრძელია, ვიდრე მტევნის ზემო მფარავები, ხოლო მე-2 მომქნევი დაახლოებით მე-6 მომქნევის ტოლია.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება რუსული ყარანა-მეგაზაფხულე – Ph. t. acredula Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ნაწილებს, დასავლეთით ბრიტანეთის კუნძულებიდან და საფრანგეთიდან (პირენეის ნახევარკუნძულზე არაა), აღმოსავლეთით ანადირის აუზამდე; ჩრდილოეთით გავრცელების საზღვარი აღწევს ბარენცის ზღვის ნაპირებამდე, პეჩორის შესართავამდე, იამალის სამხრეთ ნაწილამდე, ლენისა და კოლიმის ქვემო დინებამდე; სამხრეთით – იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს, ჩრდილოეთ უნგრეთს, კიევს, პენზას, ტყე-ველის ზონას ჩრდილოეთ ყაზახეთში, ომსკს, ნოვოსიბირსკს, საიანს და ქვემო ტუნგუსკას. დამოუკიდებელი არეალია ამიერკავკასიაში. ზამთრობს აფრიკაში ეკვატორის სამხრეთით. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში, ხშირი ბუჩქნარებით, როგორც დაბლობში, ისე მთების ფერდობებზე, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს ფოთლოვანებს, ჭალებს, პარკებს, განსაკუთრებით კი ხეხილის ბაღებს.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე, ბუჩქების ძირში, ტყისპირებში, არხების ან ხრამების განათებულ ფერდობებზე, არახშირი მცენარეული საფარით. მაისის შუა რიცხვებში დებს 4-8 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღემდე გრძელდება. ზოგან აღნიშნულია წლის განმავლობაში ორჯერ გამრავლების შემთხვევა, რაც მეტად საეჭვოა.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი მწერები – ხოჭოები, ორფრთიანები, პეპლები, ბუგრები, ხერხიები, ციკადები და მრავალი სხვა, მათი კვერცხები და ლარვები, აგრეთვე ობობები. შემოდგომით ჭამს კენკრასაც.
მნიშვნელობა
ხეხილის ბაღებში მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.