მწვანე ყარანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 28 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვანე ყარანა (ლათ. Phylloscopus trochiloides Sundevall, 1838) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მწვანე ყარანა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 55-65 მმ-ია, კუდი – 40-50 მმ, ნისკარტი – 7-9 მმ, წონა – 6-10 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი გამრავლების პერიოდში, ზურგის მხარეს მკვეთრი მწვანეა. ფრთის ზემო დიდი მფარავების ბოლოები მოყვითალოა და ფრთაზე წარმოქმნიან განივ ზოლს. ფრთის ზემო საშუალო მფარავებიც ასევე მოყვითალოა, მაგრამ ძალიან მკრთალია, რის გამო მეორე განივი ზოლი ფრთაზე ძნელად შესამჩნევია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა, გარეთა მარაოებზე მწვანე კიდეებით. მუცლის მხარე ყვითელია. ნისკარტზედა მუქი მურაა, ხოლო ნისკარტქვედა – უფრო ღია ფერის. ფეხები მოწაბლისფროა, თითები – წენგოსფერი. ზაფხულის ბოლოს, გახუნებული ბუმბულსაფარველი ზურგის მხარეს უფრო მურა ხდება, ხოლო მუცლის მხარე ჭუჭყიანდება.

აღწერილია 6-9 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ყვითელმუცელა მწვანე ყარანა – Ph. t. nitidus Blyth, 1843.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. მათ შორის უდიდესი მოიცავს სამხრეთ ციმბირს და ტყის ვიწრო ზოლს ევროპაში, აღმოსავლეთით ოხოტის ზღვის სანაპიროებიდან, დასავლეთით პოლონეთისა და გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილებამდე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის ციმბირში, დაახლოებით 63-64-ე პარალელებზე, ევროპაში – ქ. სიკტივკართან, კარელიის ყელზე და ბალტიის ზღვის სანაპიროებზე; სამხრეთით – სმოლენსკის, პენზის, ორენბურგის ოლქებზე, ჩრდილოეთ ყაზახეთში, ალტაის მთებთან და აღმოსავლეთით მთების სისტემებით აღწევს ზღვისპირეთის მხარემდე. ცალკე არეალს შეადგენს კავკასია, ჩრდილოეთი ირანი და კოპეტ-დაღი. არის აგრეთვე ავღანეთში, მონგოლეთსა და ჩინეთში. ზამთარს ატარებს ინდოეთში, ინდოჩინეთში და მახლობელ კუნძულებზე. სა- ქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი. ბ ი ო ტ ო პ ი დაბლობებში გვხვდება მეტწილად ტუგაის ტიპის ტყეში; მთებში მოიპოვება ყოველგვარ ტყესა და ბუჩქნარებში, მთის მდინარეთა ხეობებში, ფერდობებზე, აღწევს სუბალპური ზონის ქვემო ნაწილამდე.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხავსის, ბალახისა და ფოთლებისაგან მიწაზე, მაღალ ბალახნარებში ან ბუჩქების ძირში. მაისის მეორე ნახევარში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღემდე გრძელდება.

კვება

მწვანე ყარანას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის ტყის მწერები, მათი კვერცხები და ლარვები. ჭამს ობობებსაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები