მგალობელი ასპუჭაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:12, 30 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგალობელი ასპუჭაკა (ლათ. Sylvia hortensis Gmelin, 1788) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მგალობელი ასპუჭაკა ბეღურაზე მომცრო ზომის ფრინველია, ფრთა 75-85 მმ-ია, კუდი – 65-72 მმ, ნისკარტი – 12-15 მმ, წონა – 20-27 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, კეფა და ყურების მფარავები შავი აქვს; ზურგი, მხრები, ფრთების მფარავები, წელი და კუდზედა ბუმბულები – ასპიდურ-რუხი. მომქნევები მუქი მურაა, ღია ფერის არშიებით. საჭის ბუმბულები მოშავოა, მაგრამ წვეროები მოთეთრო, ხოლო კიდურა წყვილის გარეთა მარაოები თეთრი აქვთ. მუცლის მხარე მოთეთროა, მკერდი და სხეულის გვერდები მორუხო. კუდქვეშა და წვივის ბუმბულებიც მორუხოა, მაგრამ – ღია ფერის კიდეებით. ნისკარტი და ფეხები შავი ან მოშავოა. დედალს თავი ზემოდან, კეფა და ყურების მფარავები მოშავო-მურა აქვს, ხოლო ზურგი – მოწაბლისფრო-რუხი.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური მგალობელი ასპუჭაკა – S. h. crassirostris Cretzschmar, 1826.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი შედგება სამი იზოლირებული რეგიონისაგან: ერთი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას; მეორე – ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ევროპის ქვეყნებს – ესპანეთს, პორტუგალიას, სამხრეთ საფრანგეთს, იტალიასა და იუგოსლავიას; მესამე – მცირე აზიას, ამიერკავკასიას, ირანს, ავღანეთს და შუა აზიას – ჩრდილოეთით ტალასის ალათაუმდე. ზამთრობს ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ არაბეთში, პაკისტანსა და ინდოეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მთების მშრალ ბუჩქნარებში, ტყისპირებში, მაღალ ბალახნარებში, ბაღებში, სამოსახლოს მახლობელ ადგილებში.

გამრავლება

ბუდეს აკეთებს ნამჯის, ბალახის ღეროებისა და სხვა მასალისაგან ბუჩქზე, იშვიათად ხეზეც. მაისის მეორე ნახევარში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მეტწილად დედალი, ზოგჯერ მას ცვლის მამალიც. საინკუბაციო პერიოდი 12 დღემდე გრძელდება. არის ცნობა წელიწადში მეორედ ბუდობის შესახებაც.

კვება

მგალობელი ასპუჭაკას ძირითადი საკვებია ნაირგვარი მწერები, მათი ლარვები, აგრეთვე ობობები. შემოდგომითა და ზამთარში ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო ეს სარგებლობა დიდი არაა. დიდია მისი ესთეტიკური მნიშვნელობა, როგორც შესანიშნავი მგალობელი ფრინველი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები