მცირე მემატლია
მცირე მემატლია (ლათ. Muscicapa parva Bechstein, 1793) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მემატლიასებრნი (Muscicapidae)
- გვარი − მემატლია (Muscicapa)
მცირე მემატლია ჩვენში გავრცელებულ მემატლიებს შორის ყველაზე პატარაა, ფრთა 65-70 მმ-ია, კუდი 48-55 მმ, ნისკარტი – 7-8 მმ, წონა – 9-11 გ. სიდიდეში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია, ხოლო შეფერილობაში არის მცირე სხვაობა. ზრდასრული მამალი ზემო მხრიდან მოყავისფრო-რუხია, თავზე უფრო რუხი ელფერით, ვიდრე ზურგზე. კუდზედა ბუმბულები ნაცრისფერია, ხოლო კუდის ზემო მფარავები – შავი. ფრთა მუქი რქისფერია, ვიწრო მოყავისფრო-რუხი არშიებით. საჭის ბუმბულები, შუა წყვილის გარდა, წვეროში მუქი მურაა, თითქმის შავი ზოლებით. თავი გვერდებზე, კისერი და მკერდი მონაცრისფრო ან მოცისფრო-რუხია. ლაქა ყელზე და კისრის ქვემო ნაწილი მოყვითალო-ქარცია, რაც ზოგჯერ მკერდზეც ვრცელდება. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია. დედალს ქარცი ლაქა არა აქვს, ყელი მოთეთროა, მკერდზე მორუხო ან ჟანგმიწისფერი გადაჰკრავს ან ის სრულიად არაა. ნისკარტი მოშავოა, ფეხები – თითქმის შავი.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული მცირე მემატლია – M. p. parva Bechst. 1793.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს შუა ევროპას და ციმბირის ტყის ზონას, დასავლეთით ჰამბურგიდან და რეინიდან, აღმოსავლეთით ამურის შესართავამდე და კამჩატკაზე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის დანიიდან, ბალტიის ზღვის ნაპირებით, მე-60 და 61-ე პარალელებამდე; სამხრეთით – ავსტრია, იუგოსლავია, რუმინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ბულგარეთი, შავი ზღვის სანაპიროები, ბესარაბია, ხარკოვი, მდ. სამარის ზემო დინება, შავი ირტიში, ალტაი, ხალხინგოლი, ამურის ქვემო დინება. გარდა ამისა, არის კიდევ ორი იზოლირებული ნაწილი: კავკასიაში და ჰიმალაის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ზამთრობს ინდოეთში, ინდოჩინეთში და სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეებში. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში – ნაძვნარებსა და ფიჭვნარებში, სამხრეთში მოიპოვება ფოთლოვანებშიც მუხნარებში, რცხილნარებში, მაგრამ ყველგან ირჩევს შედარებით ნათელ ნაკვეთებს, ტყისპირებს, ტყეს არახშირი ქვეტყით, ბაღებს, პარკებს, შედის ვენახებსა და ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს ფუღუროში, ხის ნაპრალებში, შენობებში – ხავსის, ხმელი ფოთლების, ბალახისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. მაისის მეორე ნახევარში დებს 4-8 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 12 დღეს უნდა უდრიდეს.
კვება
მცირე მემატლიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მფრინავი მწერები, რომელთაც მოიპოვებს მემატლიებისათვის დამახასიათებელი მანერით. ბარტყების გამოკვებისა და მიმოფრენის პერიოდებში მწერებს კენკავს ბალახზე, მიწაზე, ხეებსა და ბუჩქებზეც.
მნიშვნელობა
პატარა ზომის მიუხედავად, მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.