ულვაშა წივწივა
ულვაშა წივწივა (ლათ. Panurus biarmicus Linnaeus, 1758) – ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა – ულვაშა წივწივა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − თოხიტარასებრნი (Paradoxornithidae)
- გვარი − ულვაშა წივწივა (Panurus)
ულვაშა წივწივა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 60-65 მმ-ია, კუდი – 80-100 მმ, ნისკარტი – 7-9 მმ, წონა – 15-17 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი და კისერი ზემოდან და გვერდებიდან მოცისფრო-რუხი აქვს. პირის კუთხეებიდან ქვემოთ და უკან შავი „ულვაში“ გასდევს. ზურგი მოქარცისფრო-ყვითელია; კუდზედა ბუმბულებზე მოვარდისფრო ელვარებაა. კუდი მოწაბლისფრო-ქარცია, საჭის კიდურა ბუმბულების წვეროებზე თეთრი ლაქებია. დაკეცილი ფრთები თეთრი გვეჩვენება, გასწვრივი ქარცი ზოლით შუა ნაწილში. მხრის თეთრი ბუმბულებისაგან იგი მოშავო ზოლითაა გამოყოფილი. მომქნევები ღია მურა ფერისაა, ქარცი ბოლოებით და თეთრი არშიებით გარეთა მარაოებზე. ლოყები, ყელი, კისერი ქვემოდან და მუცლის შუა ნაწილი თეთრია. კუდქვეშა ბუმბულები შავია. დედალი თავზე მორუხო-ყვითელია; ზურგის შეფერილობა რამდენადმე ჭუჭყიანია; შავი „ულვაში“ არა აქვს, კუდზედა ბუმბულები და მუცელი ერთნაირი ფერისაა. ნისკარტი ყვითელია, ფეხები – შავი.
აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური ულვაშა წივწივა – P. b. russicus Brehm, 1831.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ ევროპას და აზიის ზომიერ სარტყელს: ჩრდილოეთით – ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილამდე, ჰოლანდიამდე, გერმანიისა და პოლონეთის ცენტრალურ რაიონებამდე, სსრ კავშირში – ხერსონისა და როსტოვის ოლქებამდე, ვოლგის ქვემო დინებამდე, ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩანის ტბამდე, დაურიის ქედამდე, ზღვისპირეთში და კუნძულ ჰონდომდე იაპონიაში. სამხრეთი საზღვარი მიუყვება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს ევროპაში, გაივლის მცირე აზიას, ირანს, შუა აზიას, დაურიის მთების კალთებსა და მანჯურიას. ესპანეთში მოიპოვება მხოლოდ მის აღმოსავლეთ ნაწილში. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში მომთაბარეა, სამხრეთში – მობინადრე. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს არაღრმა წყალსატევების სანაპირო ან ჭაობიანი ადგილების ლელქაშში, მეტწილად წყლის ზედაპირის მახლობლად – ქვედა იარუსში. უფრო მეტია დიდი მდინარეებისა და ტბების ლიაში, სადაც გაუვალი ლაქაშები დიდ ფართობს იჭერს.
გამრავლება
ბუდეს აგებს ორივე სქესის ფრინველი წაქცეულ, ჩალეწილი ლელისა და ლერწმის ხმელ ღეროებზე, კოლბოხებზე, ზოგჯერ დატბორილ ჩალაზე. ბუდე ღრმა ჯამის ფორმისაა. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად აპრილის დასაწყისში, ხოლო მეორედ მაისის ბოლოს დებს 5-7 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 15-16 დღემდე აღწევს.
კვება
ულვაშა წივწივას ძირითად საკვებს შეადგენენ ლელქაშში მცხოვრები ნაირგვარი უხერხემლო ცხოველები – ორფრთიანების, ბუგრების, პატარა ზომის ქერცლფრთიანების, ხოჭოების ზრდასრული მწერები და მათი ლარვები, ობობები, პატარა ზომის მოლუსკები. შემოდგომით და ზამთარში ჭამს ჭაობის მცენარეთა თესლებსაც.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.