ლელიანის გრატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:38, 4 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლელიანის გრატა

ლელიანის გრატა (ლათ. Emberiza schoeniclus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ლელიანის გრატა თითქმის ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 70-86 მმ-ია, კუდი 60-75 მმ, ნისკარტი – 8-10 მმ, ქვესახეობების მიხედვით დიდი ვარიაციებია ნისკარტის სიმაღლეში მის ძირთან და მერყეობს 4-9 მმ-ის ფარგლებში. მამალი დიდია დედალზე: მამლის წონა 17-37 გ, დედლისა – 15-24 გ. სქესობრივი დიმორფიზმი კარგად არის გამოხატული შეფერილობაშიც. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან და გვერდებიდან შავი აქვს, რაც ზურგიდან თეთრი ზოლითაა გამოყოფილი. ზურგი მოყვითალო-ჟანგისფერია, ფართო შავი ღერძულა ლაქებით და ჟანგმიწისფერ-ქარცი არშიებით. წელი და კუდზედა ბუმბულები რუხია. საჭის ბუმბულები და მომქნევები მუქი მურაა, ღია ფერის არშიებით. საჭის კიდურა ორ წყვილზე დიდი თეთრი ლაქებია, ხოლო შუა წყვილი მურა-ჟანგისფერია. ფრთის დიდი და საშუალო მფარავები შავია ჟანგმიწისფერი არშიებით, ხოლო პატარა მფარავები ქარცია. ყელი და ჩიჩახვი შავია და გვერდებიდან შემოვლებულია თეთრი ზოლებით. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია, მორუხო ელფერით მკერდზე და მუქი წინწკლებით სხეულის გვერდებზე. ნისკარტი ნაირგვარი ფორმისა და სიდიდისაა, ფერად შავია. ფეხები მურაა. დედალი თავზე მოწაბლისფრო-ჟანგისფერია, ბუმბულების შავი ცენტრებით და ჟანგისფერი არშიებით. ყელი მოთეთროა; ყელისა და სხეულის გვერდებზე მუქი წინწკლებია, მუცელი თეთრია.

აღწერილია 26-მდე ქვესახეობა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ნისკარტის ფორმითა და ზომებით, სხეულის სიდიდითა და შეფერილობით. საქართველოში გვხვდება რამდენიმე ქვესახეობა: ჩვეულებრივი ლელიანის გრატა – E. sch. schoeniclus Linn., 1758; სამხრეთ-ევროპული ლელიანის გრატა – E. sch. intermedia Degland, 1849; თურქესტნული ლელიანის გრატა – E. sch. pyrrhuloides Pallas, 1811; დასავლეთ ციმბირული ლელიანის გრატა – E. sch. passerina Pallas, 1771 და სხვ. თუმცა ყოველივე მოითხოვს დიდი ფაქტობრივი მასალით დაზუსტებას.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას და აზიის დიდ ნაწილს. ჩრდილოეთით – სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებზე 70-ე პარალელამდე, პეჩორის შესართავამდე, ობისა და ენისეის ქვემო დინებამდე, ქვემო ტუნგუსკის სათავეებამდე, საიდანაც გავრცელების საზღვარი ეშვება სამხრეთისაკენ იმიერბაიკალეთამდე, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთით მიდის ზღვისპირეთამდე. მოიპოვება კამჩატკაზე, კურილისა და იაპონიის კუნძულებზე. სამხრეთით ვრცელდება მთელ ევროპაში, მცირე აზიაში, სირიაში, ირანში, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთში და მანჯურიაში. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია, სამხრეთში – მობინადრე ან მომთაბარე. ზამთრობს ბუდობის არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ეგვიპტეში, ბელუჯისტანში, ქაშმირში. საქართველოში ზოგიერთი ქვესახეობა გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში ან როგორც მოზამთრე ფრინველი. არიან მათ შორის მობინადრენიც.

ბიოტოპი

ბინადრობს მდინარეთა ხეობებში, ტბების სანაპიროებზე, ჭაობებში, ყველგან, სადაც არის ლელქაში, ბუჩქნარები ან ტენიანი მაღალი ბალახნარები. მიმოფრენის დროს გვხვდება კულტურულ ლანდშაფტშიც.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია, ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი მიწაზე, ჭაობის კოლბოხებზე, ტენიანი მდელოების მშრალ ნაკვეთებზე. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება. პირველად აპრილ-მაისში, ხოლო მეორედ – ივნისსა და ივლისში; დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. მამალი დღის საათებში ზოგჯერ მოკლე ხნით ცვლის მას. საინკუბაციო პერიოდი 13 დღეს გრძელდება.

კვება

ლელიანის გრატა იკვებება მავნე მწერებით – მეგაზაფხულეებით, ფოთოლჭამიებით, ცხვირგრძელა ხოჭოებით, ქერქიჭამიებით, კოღოებით, ხერხიებით, აგრეთვე მათი ლარვებით. ჭამს ისლის, ლერწმის თუ სხვა ჭაობის მცენარეთა თესლებსაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები