ჭკა
ჭკა (ლათ. Corvus monedula Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − ყორანი (Corvus)
ჭკა საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 210-250 მმ-ია, კუდი 125-140 მმ, ნისკარტი (ნესტოებიდან) – 20-25 მმ, წონა – 200-260 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზემოდან შავია თავზე, კუდზე და ფრთებზე მეწამულ-ლურჯი ელვარებით. ზურგზე რუხი ელფერით; კისერი ზემოდან და გვერდებიდან მონაცრისფრო-რუხია, ხოლო ლოყები და ყურების მფარავები რუხი. ყელი და ჩიჩახვი შავია. დანარჩენი ქვემო მხარე–ნაცრისფერ-რუხი, მოშავო ელფერით. ნისკარტი და ფეხებიც შავია.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭკა – C. m. monedula Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას; ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილს, დასავლეთით ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. ჩრდილოეთით – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო ფინეთში მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, ირანში, ავღანეთში, ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში და იაპონიაში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – მობინადრე ან მომთაბარე. ამასთან ჩრდილოეთის პოპულაციები იზამთრებენ არეალის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება როგორც მობუდარი ფრინველი აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო როგორც მოზამთრე – დასავლეთში.
ბიოტოპი
ბინადრობს მეტწილად კულტურულ ლანდშაფტში, მდინარეთა ხეობებში, ტყეებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ძველ სამრეკლოებზე, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.
გამრავლება
ბუდობს ხის ფუღუროებში, ზოგჯერ სოროში, გამოქვაბულში, კლდის ნაპრალებში, ხიდების ქვეშ, ძველ შენობათა ნანგრევებში. აპრილში დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღემდე გრძელდება.
კვება
ჭკას საკვები მეტად ნაირგვარია. მათ შორის უმთავრესია უხერხემლო ცხოველები – მწერები, ჭიები, მოლუსკები. ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად პოულობს და ჭამს ნაირგვარ ნარჩენებს, ნაყანევში ჩაცვენილ – თესლებს, ბოსტანში – დამპალ ბოსტნეულს; ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც.
მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე ბოსტნეულის შეჭმით – ზარალი.