ყორანი
ყორანი (ლათ. Corvus corax Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 5 სახეობა − ყორანი, რუხი ყვავი, შავი ყვავი, ჭილყვავი, ჭკა
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − ყორანი (Corvus)
ყორანი ყველაზე დიდი ფრინველია ბეღურასნაირთა რიგში, ფრთა 410-450 მმ-ია, კუდი – 225-240 მმ, ნისკარტი: ნესტოების წინა კიდეებიდან – 40-55 მმ, შუბლიდან – 65-75 მმ, წონა 1100-1560 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი მთლიანად შავია, თავზე, კისერსა და ფრთებზე მოიისფრო ან მეწამული, ხოლო სხეულის ქვემო მხარეს – მოლურჯო მეტალური ელვარებით. ნისკარტი და ფეხებიც შავია. ყელის მიდამოები დაფარულია ლანცეტისებური ბუმბულებით.
აღწერილია 10 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ყორანი – C. c. corax Linn., 1758
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მეტად ვრცელია და მოიცავს ჩრდილოეთი ნახევარსფეროს უდიდეს ნაწილს, ტუნდრიდან ცენტრალური ამერიკის, ჩრდილოეთი აფრიკისა და ინდოეთის ტროპიკულ ტყეებამდე, მონგოლეთამდე და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთამდე. მობინადრე ფრინველია, თუმცა ზოგჯერ მომთაბარეობს კიდეც. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მეჩხერ ტყეებში, მდინარეთა ღრმა ხეობებში, ბუჩქნარებში, ველებზე, მთაშიცა და ბარშიც, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში. საქართველოში უფრო მეტია მაღალ მთებში, ტყის ზემო საზღვართან. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზღვის დონიდან, ხოლო საკვებისათვის – უფრო მაღლაც.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია და წყვილები მუდმივია არა მარტო გამრავლების პერიოდში, არამედ სხვა დროსაც. ბუდობს მეტწილად მაღალ ხეებზე, ზოგჯერ კოშკზე, მაღალ შენობებზე, იშვიათად კლდეებზეც. ბუდეს აგებს ერთობლივად ორივე სქესის ფრინველი და იყენებს მას რამდენიმე წელიწადს. წელიწადში ერთხელ მრავლდება. თებერვლის მეორე ნახევარში დებს 4-6 კვერცხს, კრუხად ჯდება დედალი. მამალი ამ დროს კვებავს დედალს და ზოგჯერ ცვლის კიდეც მას. საინკუბაციო პერიოდი 19 -21 დღემდე გრძელდება. მართვეებს კვებავს ორივე მშობელი.
კვება
ყორანი პოლიფაგი ფრინველია. იგი იკვებება უპირატესად შინაური და გარეული ცხოველების მძორით, ნაირგვარი ნარჩენებით, პოულობს და ჭამს მღრღნელებს, მწერიჭამია ძუძუმწოვრებს (ღამურებს), ფრინველების კვერცხებს, თუ მოიხელთა – ზრდასრულ ფრინველებსაც. იკვებება მკვდარი თევზებითა და ამფიბიებით, უხერხემლო ცხოველებით – მწერებით, მოლუსკებით.
მნიშვნელობა
მავნე მღრღნელებისა და მწერების განადგურებით ყორანს გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. გარდა ამისა, ეს ფრინველი მნიშვნელოვან „სანიტარულ“ როლს ასრულებს ბუნებაში.