ჭილყვავი
ჭილყვავი (ლათ. Corvus frugilegus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − ყორანი (Corvus)
ჭილყვავი საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 285-340 მმ-ია, კუდი – 160-200 მმ, ნისკარტი – 45-60 მმ, წონა – 350-525 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი მთლიანად შავია, თავზე ლურჯი, ფრთებზე მომწვანო, ხოლო სხეულის დანარჩენ ნაწილზე იისფერი ელვარებით. ხნიერი ფრინველი ადვილად გამოიცნობა იმით, რომ ნისკარტის ძირში ბუმბულსაფარველი გაქუცულია და მოთეთრო კანი ჩანს. ახალგაზრდა ჭილყვავი ძალიან ჰგავს შავ ყვავს, მაგრამ ნისკარტი წვეროში უფრო წვრილია, ხოლო თხემზე ბუმბულებს წვეროები მომრგვალებული, ციცქნაწვერები კი დაცარული აქვთ. ნისკარტი და ფეხები შავია.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭილყვავი – C. f. frugilegus Linn., 1758
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას: დასავლეთით ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან, აღმოსავლეთით იაპონიის კუნძულებამდე და კორეამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება ნორვეგიისა და შვეციის სამხრეთ ნაწილებამდე, ბალტიის ზღვის სამხრეთი სანაპიროებით, ონეგის ტბამდე, არხანგელსკამდე, მდ. კამაზე მე-60 პარალელამდე, სვერდლოვსკამდე, კრასნოიარსკამდე, მინუსინსკამდე და ლენის სათავეებამდე. შემდეგ მიდის იაკუტსკამდე, ალდანის სათავეებამდე და ეშვება ამურის შესართავამდე. სამხრეთი საზღვარი გადის სამხრეთ საფრანგეთიდან, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, იუგოსლავიასა და რუმინეთში, მოიცავს თურქეთს, ირანსა და ერაყს, ტიგროსამდე და ევფრატამდე, გაივლის ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში, ალტაისა და ტიანშანის ჩრდილოეთ კალთებზე, ჩრდილოეთ მონგოლეთში, აღმოსავლეთ ჩინეთში, საიდანაც საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთით 27-ე პარალელამდე. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში – მობინადრე ან მომთაბარე. ზამთრობს ალჟირში, მთელ დასავლეთ ევროპაში, უკრაინაში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, პაკისტანში, შუა აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მობინადრეა. ზამთარში მას ემატება ჩრდილოეთიდან მოფრენილი პოპულაციებიც. დასავლეთ საქართველოში მოიპოვება როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მეჩხერ ტყეში, ტყისპირებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, კულტურულ ლანდშაფტში გაბნეული ხეების ჯგუფებზე, მდინარეთა სანაპირო ტუგაისა და ტყის ცალკეულ კორომებში. ხშირი ტყის სიღრმეებში არ შედის. ყველგან აუცილებელია წყალი და მაღალი ხეები ბუდობისათვის.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდეს აგებს ხეებზე ერთობლივად ორივე სქესის ფრინველი. აპრილის მეორე ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი მამალი ამ დროს კვებავს დედალს. საინკუბაციო პერიოდი 18 დღემდე გრძელდება.
კვება
ჭილყვავის საკვები მეტად ნაირგვარია და ცვალებადობს სეზონების მიხედვით. გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში იკვებება მეტწილად მწერებით და მათი ლარვებით – ხოჭოებით და ე. წ. მავთულა ჭიებით. ზაფხულის მეორე ნახევარში ჭამს მცენარეულ საკვებსაც – კარტოფილს, კიტრს, გოგრას, საზამთროს, მზესუმზირას, სიმინდს, ხორბალს და სხვა.
მნიშვნელობა
კვების სეზონური ცვალებადობის შესაბამისად იცვლება მისი სამეურნეო მნიშვნელობაც. გაზაფხულსა და ზაფხულში მავნე მწერების მასობრივად განადგურებით მოტანილი სარგებლიანობა მაინც სჭარბობს შემდგომ მის მავნებლობას.