შავი ყვავი
შავი ყვავი (ლათ. Corvus corone Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − ყორანი (Corvus)
შავი ყვავი საშუალო ზომის ფრინველია; ფრთა 310-360 მმ-ია, კუდი 165-210 მმ, ნისკარტი – 45-50 მმ, წონა – 450-650 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი მთლიანად შავია, მოიისფრო-ლურჯი ან მომწვანო-ლურჯი მეტალური ელვარებით. ნისკარტი და ფეხებიც შავია. რიგი ორნითოლოგებისა, შავ და რუხ ყვავებს ერთი სახეობის ქვესახეობებად მიიჩნევენ, ბევრგან ისინი ერთად ბინადრობენ და შეჯვარებით იძლევიან ნაყოფიერ ჰიბრიდებს. უკანასკნელ ხანებში მკვლევართა უმრავლესობა მათ ცალკე სახეობებად თვლიან.
აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება: ჩვეულებრივი შავი ყვავი – C. c. corone Linn., 1758 და აღმოსავლური შავი ყვავი – C. c. orientalis Eversmann, 1844.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია და იყოფა სამ იზოლირებულ ნაწილად: ერთი მათგანი მოიცავს ჩრდილოეთი ამერიკის ცენტრალურ ტყიან რაიონებს; დასავლეთ ევროპაში მოიპოვება ესპანეთიდან და ინგლისიდან, გერმანიის შუა ნაწილამდე, ხოლო აზიაში ვრცელდება შუა აზიის, სამხრეთი ყაზახეთისა და ალტაის ვაკეებისა და მთების ტყეებში, საიდანაც აღმოსავლეთით აღწევს ენისეიდან წყნარი ოკეანის ნაპირებამდე, ჩრდილოეთით – ტყე-ტუნდრის საზღვრამდე, ხოლო სამხრეთით ინდოეთამდე, მონგოლეთამდე და ჩინეთის ცენტრალურ ნაწილამდე. არის კორეასა და იაპონიაშიც, აგრეთვე კამჩატკასა და სახალინზე. აღმოსავლური ქვესახეობის ერთეული ეგზემპლარები რამდენჯერმე ნაპოვნია აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ჩვეულებრივი შავი ყვავის რიცხვმრავალი გუნდები მოიპოვება დასავლეთ საქართველოში, მდ. ნატანების შესართავის მიდამოებში.
ბიოტოპი
ბინადრობს მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში, ტუგაის ტიპის ჭალებში, კულტურულ ლანდშაფტში – ნათესებში, საქონლის ფერმებთან, ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მაღალ ხეებზე – მურყანზე, ჭადარზე, თელაზე და ა. შ. აპრილის მეორე ნახევარში ან მაისის დასაწყისში დებს მეტწილად 5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 18-20 დღემდე გრძელდება. ახალნაჩეკი ფრენის უნარს იძენს 30-35 დღის შემდეგ.
კვება
შავი ყვავის საკვები მეტად ნაირგვარია. ჭამს მწერებს, მოლუსკებს და სხვა უხერხემლოებს. ხერხემლიანებიდან აღსანიშნავია მკვდარი თევზები, ხვლიკები, ბაყაყები, პატარა ზომის მღრღნელები, მცურავი ფრინველების კვერცხები, არ თაკილობს ნაირგვარ ნარჩენებს, აგრეთვე ზოგიერთი მცენარის თესლებსა და ნაყოფებს.
მნიშვნელობა
თაგვისებური მღრღნელებისა და მავნე მწერების განადგურებით შავ ყვავს გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. სამონადირეო მეურნეობისათვის უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობაც აქვს.