ჩხიკვი
ჩხიკვი (ლათ. Garrulus glandarius Linnaeus, 1758) – ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა – ჩხიკვი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − ჩხიკვი (Garrulus)
ჩხიკვი საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 170-200 მმ-ია, კუდი – 145-165 მმ, ნისკარტი – 27-33 მმ, წონა – 140-190 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრულ ფრინველს ზურგი და მხრები მკრთალი მორუხო-სოსანი ან მოცისფრო-რუხი აქვს. თავი ზემოდან შავი აქვს (კავკასიურ ქვესახეობას). პირის კუთხეებიდან ყელის გვერდებზე გეზად ფართო შავი ზოლები გასდევს. ფრთის დიდი მფარავები ლაჟვარდოვანი-ცისფერია, ვიწრო განივი შავი ზოლებით. პირველი რიგის მომქნევები მურა-რქისფერია, მოთეთრო არშიებით. მეორე რიგის მომქნევები ხავერდოვანი შავია, თეთრი – გარეთა მარაოების ძირის ნაწილში, რითაც ფრთაზე თეთრი „სარკე“ წარმოიქმნება. მეორე რიგის შიგნითა მომქნევებზე წაბლისფერი ლაქებია, საჭის ბუმბულები შავია. ყელი, მუცლის უკანა ნაწილი, კუდქვეშა და კუდზედა ბუმბულები თეთრია. მკერდი, მუცლის წინა ნაწილი და სხეულის გვერდები მოღვინისფრო-რუხია. ნისკარტი შავია, ფეხები – მოხორცისფრო-რქისფერი.
აღწერილია 30 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ჩხიკვი – G. g. krynicki Kaleniczenko, 1839, რომელიც ადვილი გამოსარჩევია სხვა ქვესახეობებისაგან შავი თავით.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას, დასავლეთით ესპანეთიდან და ინგლისიდან, აღმოსავლეთით სახალინამდე, იაპონიამდე, კორეამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე. ჩრდილოეთით მოიპოვება სკანდინავიისა და ფინეთის სამხრეთ ნახევარში, კარელიაში არხანგელსკამდე, ვოლოგდის, კოსტრომისა და კიროვის ოლქის სამხრეთ ნაწილში, ირტიშისა და ანგარის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ სანაპიროებამდე და ამურის შესართავამდე. სამხრეთით – ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, თურქეთში, ირანში, კავკასიაში, ურალის სამხრეთ ფერდობებზე, ალტაის მთების კალთებზე, ჩრდილოეთ მონგოლეთში, შემდეგ შემოუვლის ცენტრალური აზიის უდაბნოებს და იჭრება ინდოჩინეთში, ბირმაში და ჰიმალაის მთების ტყის ზონაში. არეალის უმეტეს ნაწილში მობინადრეა, ჩრდილოეთში – მომთაბარეობს, აქა-იქ გადამფრენიცაა. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი, უმნიშვნელო მომთაბარეობით.
ბიოტოპი
ბინადრობს ყველა ტიპის ტყეებსა და ბუჩქნარებში, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს მუხნარებს, აგრეთვე წვრილ ტყეს, ჭალებს, ბაღებსა და კორომებს. ვერტიკალურად ვრცელდება მთელ ტყის ზონაში 2000 მ-მდე ზღვის დონიდან.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ორივე სქესის ფრინველი, მეტწილად ტყისპირებში. აპრილში ან მაისის პირველ ნახევარში დებს 4-7 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 16-17 დღეს გრძელდება.
კვება
ჩხიკვის საკვები ნაირგვარია და ცვალებადობს წლის სეზონების მიხედვით. ზამთარში იკვებება უპირატესად რკოთი და ხემცენარეთა კვირტებით. გაზაფხულზე ამას ემატება ცხოველური საკვები, რომელთა უმრავლესობა მავნე ხოჭოებია. ზაფხულის საკვები მხოლოდ ცხოველურია, შემოდგომით მცენარეული მატულობს, ხოლო ცხოველური კლებულობს.
მნიშვნელობა
ჩხიკვის სამეურნეო მნიშვნელობა საერთო ჯამში დადებითია, ე. ი. სარგებლობა უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი.