სანაძე კორნელი
კორნელი სანაძე – (დ. 2 ოქტომბერი (19 სექტემბერი), 1907, დაბა ხონი — გ. 27 თებერვალი, 1985, თბილისი), საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შრომის წითელი დროშის ორდენის, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977).
დაიბადა 1907 წელს ხონში. თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1922 წელს, ფერწერით გატაცებული ახალგაზრდა შედის მოსე თოიძის სახელობის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობს 1924 წლამდე. ამავე წელს შედის სამხატვრო აკადემიაში, რომელსაც 1929 წელს ამთავრებს და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით ცხოვრებას.
1934 წლიდან კორნელი სანაძე ფერწერის პედაგოგია თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1965 წელს პროფესორის წოდება ენიჭება და მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მხატვართა ახალი თაობების აღზრდის საქმეს ემსახურება.
როგორც მხატვარი, კორნელი სანაძე, პირველ ყოვლის, პორტრეტისტია, მუშაობს პეიზაჟისა და ნატურმორტის ჟანრშიც, ავტორია, აგრეთვე, გრაფიკული სერიებისა. კორნელი სანაძის უკეთეს ნაწარმოებთა რიცხვს ეკუთვნის გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტები, აღსანიშნავია მთელი ციკლი გალაკტიონ ტაბიძის პორტრეტებისა.
1977 წელს, 1975-1976 წლებში შექმნილი საზოგადო მოღვაწეთა და კოლმეურნეთა ფერწერული პორტრეტების, პეიზაჟებისა და გრაფიკული სერიებისათვის კორნელი სანაძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
დასავიწყებელი არ არის ცნობილი მხატვრის პოეზიით გატაცება; კორნელი სანაძე ავტორია პოეტური კრებულის, კერძოდ ცნობილი ლექსის „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა“, რომლის ტექსტზე პოპულარული მელოდია შექმნა კომპოზიტორმა სანდრო მირიანაშვილმა.
მას გაფორმებული აქვს კინოფილმები: „დარიკო“, „ქალი მწვანეში“; ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრში: „კარმენი”, „დაისი”, „მთების ძახილი“ და რუსთაველის მარჯანიშვილის თეატრების სპექტაკლები. იგი ასევე არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი.