ალაზნის ველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ალაზნის ველი – მთათაშუა ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონსა, გომბორის ქედსა და ივრის ზეგანს შორის.

იგი საქართველოს ფარგლებში 160 კმ-ზეა გადაჭიმული (უდიდესი სიგანე 28-30 კმ), რომელიც თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდულია მთებით. ვაკის აბსოლუტური სიმაღლე 200-470 მ-ია; იგი დასერილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი მდინარეებით. ვაკის ზედაპირი დახრილია ალაზნის მიმართულებით და გართულებულია ალაზნის მარჯვენა და მარცხენა შემდინარეთა გამოზიდვის კონუსებით. სიღნაღის მერიდიანის აღმოსავლეთით ალაზანი მეანდრებს აჩენს.

ივრის ზეგანს მტკვარ-ალაზნის შუამდინარეთში ვრცელი ფართობი უჭირავს, რომლის ფიზიკურ-გეოგრაფიულ თავისებურებას განსაზღვრავს მისი შემაღლებული ვაკისებრი, სუსტად დანაწევრებული რელიეფი. ელდარის ვაკესთან ერთად იგი გამოირჩევა სიმშრალით, მწირი მცენარეულობით და ნიადაგურ საბურველს მოკლებული ბედლენდური რელიეფის ფართო გავრცელებით. მიკრორელიეფური ფორმები წარმოდგენილია უწყლო და პერიოდულად წყლიანი ხევებით, ბედლენდებით. გარეჯის სერის მთელ სიგრძეზე განლაგებულია საშუალო საუკუნეების სამონასტრო ნაგებობანი.

ალაზნის ვაკეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11-12°-დან 12,5-13,5°-ს შორის მერყეობს. აქ უცივესი თვის (იანვრის) ტემპერატურა 1º-დან 0,3°-მდეა. სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურაც კლებულობს. ნალექები 373 მმ-დან (წნორისწყალი) 750-1000 მმ (კავკასიონის ძირთან) მატულობს. ყველაზე მეტი ნალექები აღინიშნება ლაგოდეხსა და ყვარელში. გომბორის ქედზე (ზღვის დონიდან 600-800 მ) ჰაერის საშუალო ტემპერატურა 11-12°-ია, ხოლო ს. გომბორში 8°. ნალექები მერყეობს 673 მმ-დან (სიღნაღი) 1000 მმ-მდე (ქედის თხემური ნაწილი). ივრის ზეგანზე კონტინენტური კლიმატია, ნალექებიც მცირეა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9-10º-დან (ივრის ზეგნის უმაღლესი ნაწილი) 13-14°-მდეა (ალაზნისა და ივრის ხეობები), ნალექები 200-300 მმ-დან (ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილში) 600-700 მმ-მდეა (უკიდურეს ჩრდილო ნაწილში). ელდარის ვაკეზე ნალექების წლიური ჯამი აქ არ აღემატება 250-300 მმ-ს, ხოლო ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13°-ია.


წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები