სოფელ ისროლისხევის მაცხოვრის ეკლესია
სოფელ ისროლისხევის მაცხოვრის ეკლესია - VIII-IX სს. ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე. ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. სწორკუთხა გეგმის დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთით, კოლოფა საკურთხევლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით მოთავსებულია სწორკუთხა ნიშა. სფერულ კონქზე გადასვლა ტრომპების საშუალებით ხდება. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კი მიშენებულია კიდევ ერთი ტრაპეზის ქვა. ეკლესიის ნახევარცილინდრუკი კამარის საბრჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. შემორჩენილია კამარის და თაღების ქვედა წყობა. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებულია ქართული აგური. დარბაზი ნათდება სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. ჩრდილოეთის შესასვლელი არქიტრავულია. შესასვლელის თავზე ღრმა ნიშაა. კამარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. კედლები დაბზარულია. იატაკი ამოვსებულია მიწით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა