ბალახის ღორჯო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 22 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალახის ღორჯო – Gobius ophiocephalus Pallas, 1811

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ღორჯოსებრნი

თევზის სახეობა ღორჯოების ოჯახისა. თავი და სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია. მკერდის ფარფლის ზედა სხივები ჩვეულებრივად ძაფისებურია და აპკით დაკავშირებული არაა. თავის სიგრძე სხეულის მთლიან სიგრძეში დაახლოებით 4-ჯერ თავსდება. თავის სიფართოვე მის სიმაღლეზე შესამჩნევად ნაკლებია. შუბლის სიფართოვე თითქმის თვალის დიამეტრის თანაბარია, ლაყუჩის სახურავები ან სრულიად შიშველია ან მხოლოდ მის ზედა კიდეზე ქერცლითაა დაფარული. თხემი, კეფა, ყელი, მუცელი და მკერდის ფარფლის ფუძე ქერცლითაა დაფარული. მუცლის ფარფლები ანალური ხვრელიდან დაშორებულია და სხეულის მთლიან სიგრძეში დაახლოებით 6-ჯერ თავსდება. ზურგის მეორე ფარფლი უკან ამაღლებულია. ძირითადი შეფერილობა მომწვანო-მურაა. სხეული დაფარულია დაკლაკნილი გარდიგარდმო ზოლებით. ჩვეულებრივ, სხეულის გვერდების შუაში გასწვრივ მუქი ხალების რიგები გასდევს. კუდის ფარფლის ფუძესთან მოშავო ლაქაა. მკერდის ზურგის (ორივე) და კუდის ფარფლებზე მრავალრიცხოვანი ღია ზოლია, მუცლისა და ანალური ფარფლები მომუქოა. მკერდის ფარფლის ფუძესთან გარდიგარდმო მუქი ზოლია, რომელიც უკან თეთრი ზოლითაა შემოვლებული. სიგრძით 250 მმ-მდე აღწევს.

გავრცელებულია შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებში, აზოვის ზღვაში. მოპოვებულია დნესტრის შესართავთან, დუნაის დელტაში, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროებში, გვხვდება აგრეთვე ხმელთაშუა ზღვაში.

ღორჯოს ეს სახეობა მხოლოდ ზღვის მწვანე ბალახების შამბში გვხვდება. მტკნარ წყლებს გაურბის. ახალგაზრდები ჯგუფებად იკრიბებიან ხოლმე. საცურავი ბუშტის საშუალებით ის თავისუფლად დაცურავს ბალახებს შორის ფსკერიდან დაშორებით.

ტოფობა აპრილიდან ივნისის ბოლომდე გრძელდება. საქორწინო მოკაზმულობა მამალს არა აქვს. მამალი წყლის მცენარეებისაგან ბუდეს აგებს, რომელშიაც თანმიმდევრობით რამოდენიმე დედალი ქვირითს დებს. დედალი ქვირითს ერთჯერად დებს. მამალი ბუდეს მტრებისაგან იცავს.

ნაყოფიერება სხვა ღორჯოებზე უფრო მეტია და 9-დან-51,4 ათას ქვირითამდე მერყეობს.

ბალახის ღორჯოს ქვირითი სხვა ღორჯოებთან შედარებით უფრო წვრილია. დადებული კვერცხი ელიფსისებური ფორმისაა, მისი სიგრძე 1,5--2 მმ-ია, განივი დიამეტრი 0,5 მმ.

სიგრძით (აბსოლუტური) 25 სმ-ს აღწევს. სამრეწველო სიგრძე 13-14 სმ, წონა 15-20 გ;

სქესობრივ სირმწიფეს მეორე მომდევნო ზაფხულს აღწევს. მათ საკვებს უმთავრესად შეადგენს: კიბოსნაირები, ღორტავები, წვრილი თევზები.

მათი კონკურენტებია ღორჯოები და სხვა თევზები, რომლებიც ფსკერული ორგანიზმებით იკვებებიან (აზოვის ზღვაში. კაპარჭინა, ტარანი და სხვ.).

მტრებია: ზღვის ონავარი თევზები და დელფინი.

მიგრაცია. ეს ღორჯო სხვა ღორჯოებზე კიდევ უფრო ნაკლებად მოძრავია, რადგანაც ტოფობს, იკვებება და ზამთრობს ერთსა და იმავე შამბნარში (ბალახნარში).

ბალახის ღორჯოს ხორცი ნაზი და გემრიელია. მას უმთავრესად ნედლად ხმარობენ. ნაწილი კონსერვების დასამზადებლადაა გამოყენებული, ხორცის ნაწილს გამხმარი სახითაც ამზადებენ.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები