ჩარლტონი რობერტ
რობერტ ჩარლტონი – (ინგლ. Sir Robert Charlton; დ. 11 ოქტომბერი 1937, – გ. 21 ოქტომბერი, 2023), უფრო ცნობილია, როგორც ბობი ჩარლტონი (ინგლ. Bobby Charlton), ინგლისელი ფეხბურთელი.
სარჩევი |
ბავშვობა
მისი ოჯახი, შესაძლოა, ყველაზე უფრო „საფეხბურთო“ იყო მსოფლიოში. რობერტ ჩარლტონის პაპის პაპა ჯეკ მილ- ბერნი გატაცებით თამამობდა ფეხბურთს. მას 6-მა ვაჟმა და 5-მა ქალიშვილმაც მიბაძა. რობერტის ერთ-ერთი ბიძა „ლიდს იუნაიტედის“ ნამდვილი ბურჯი გახდა. ორი ბიძაც იქვე თამაშობდა, ხოლო დედა დიდხანს გამოდიოდა გიმნაზიის გუნდში და მხოლოდ გათხოვების შემდეგ აიღო ხელი ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობისაგან რა თქმა უნდა, თავისი ვაჟები ჯეკი და ბობი მან აღზარდა როგორც ნამდვილი გულმშემატკივრები.
ჯეკისა და ბობის მამა თომასი ჩრდილოეთ ინგლისის მეშახტეთა დაბის, ამინგტონის კლუბის მეკარე გახლდათ. ეს გუნდი წარმატებით გამოდიოდა ინგლისის ჩემპიონატის მესამე ლიგაში. მოგვიანებით, როდესაც თომასმა თამაშს თავი დაანება, ფეხბურთის სიყვარული როდი გახელებია. ყველაზე მღელვარე დღე ჩარლტონების ოჯახში შაბათი იყო. მამას მარტო თავის ყოფილ კლუბ „აშინგტონის“ ბედი როდი აღელვებდა. ამ დღეს ხომ მთელ ინგლისში ოთხივე ლიგის მატჩები იმართებოდა. თომასი დილიდანვე ნერვიულობდა, რა იქნებოდა მოეგო მის ფავორიტს – „ლიდს იუნაიტედს“! შაბათს, სხვა საქმეებთან ერთად, პატარა ბობის ერთი მოვალეობაც ჰქონდა – მას საღამოს გაზეთებიც უნდა შეეძინა, რადგან მამამისი ვერ ითმენდა, უნდოდა შეეტყო ყველა საფეხბურთო სიახლე. მაშინდელი გულმემატკივრები ხომ არ იყვნენ სატელევიზიო გადაცემებით განებივრებულნი.
როდესაც მოგვიანებით ბობის ჟურნალისტები შეეკითხნენ, ვინ შეაყვარა ფეხბურთი, მამამ თუ დედამ, მან მაინც მამა დაასახელა. მას შემდეგ, რაც თომას ჩარლტონმა მეკარეობას თავი დაანება, მძლეოსანთა მწვრთნელი გახდა. ხშირად ვარჯიშზე პატარა ბობიც მიჰყავდა, და აი მამამ მოისურვა მის შვილს 100 მეტრზე ერბინა, უკვე საკმაოდ დაოსტატებულ სპორტსმენებთან ერთად, რათა ბობი თავიდანვე არ „დაკარგულიყო“, მას 20 მეტრ „ფორას“ აძლევდნენ. როდესაც ბობის პირველად გაასწრეს, ატირდა, შემდეგ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უკან ჩამოეტოვებინა მეტოქეები და აი დადგა დღე, როდესაც თომასი სიახრულით ცას ეწია – პატარა ბობიმ ბოლოს და ბოლოს გაასწრო ყველა მორბენალს.
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – თ. ჩარლტონი მძიმედ დაავადდა, ყველა მკურნალმა მასზე ხელი აიღო. იგი კი ყველას ფეხბურთის ამბებს ეკითხებოდა. მოხდა ისე, რომ შაბათ საღამოს გაზეთების შესაძენად წასულ ბობის მამა მკვდარი დაუხვდა.
ქერივსა და მცირეწლოვან ბავშვებს თომასის ძმამ უპატრონა. საყურადღებოა, რომ მან ბობის მეურვეობა იმით დაიწყო, რომ ფესბურთელის ფორმა უყიდა. ჩარლტონების სახლში კედელზე მრავალი გამოჩენილი მოთამაშის სურათი იყო გაკრული. „ბევრი ივარჯიშეთ, ბავშეებო, – ეუბნებოდა ბიძა – იქნებ ამ სახელოვან ადამიანებს მიბაძოთ“.
როდესაც ბობი სკოლის გუნდის კაპიტნად აირჩიეს, სწავლისაგან თავისუფალ დროს მთლიანად ფეხბურთს ანდომებდა, არაერთხელ მიუღია მას საყვედური მასწავლებლისაგან, ბავშვებს ნუ გვიცდენო. მატჩი მატჩს მოსდევდა. ომის ცხარე დღეებში ვის ჰქონდა ბუცების შოვნის თავი, მაგრამ ერთი რამ მაინც მოხერხდა, – ბობის, გუნდის თითოეულ წევრს თეთრი მაისური ეცვა. არა, ეს საერთო ფორმა არ ყოფილა, მაგრამ მეტოქეებისაგან საკუთარი მოთამაშეების გამოცნობა მაინც შეიძლებოდა. როდესაც ომი დამთავრდა და ინგლისში ფეხბურთისათვისს მოიცალეს, სკოლის დირექციამაც თავი გამოიდო და ბობის გუნდს ახალი, წითელი მაისურები შეუძინა. ბავშვები წამოიზარდნენ და მაისურებში გამოწყობილნი უკვე ნამდვილ ფეხბურთელებს ჰგვანდნენ.
11 წლის ბობის სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ბიძამ გადაწყვიტა მისი შეყვანა მორპეტის გიმნაზიაში, რომელიც განთქმული იყო რეგბის მოთამაშეებით, ბობი, რომლის მთელი ცხოვრება ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთთან იყო დაკავშირებული, რეგბის ვერ იტანდა. მან დაარწმუნა კიდეც ბიძა, რომ მორპეტში ვერაფერს გააკეთებდა და საბოლოოდ ისეთი გიმნაზია შეურჩიეს, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლებოდა.
ბედლინგტონის გიმნაზიაში სწავლა ბობის მეტად გაუძნელდა. ამასთან, სად იყო და სად არა, გამოჩნდა მწვრთნელი ჯო ამსტრონგი, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს აგროვებდა „მანჩესტერ იუნაიტედისათვის.“ ამ მწვრთნელს არ დაეზარა ერთ მეტად ცივ დღეს, როდესაც მოედანი სასტიკად იყო გაყინული, ბობის თამაშისათვის ედევნებინა თვალი. ამ დღიდან ამსტრონგის უბის წიგნაკში აღინიშნა ახალი გვარი – ჩარლტონი.
სასკოლო არდადეგები იყო. ბობი თავის ძმასთან ერთად აშინგტონში დაბრუნდა. დედამ ის-ის იყო სადილი გააწყო, რომ ამსტრონგმა მოაკაკუნა. მას „ლიდს იუნაიტედის“ პარეზიდენტი რეინოლდსი ახლდა. ამსტრონგმა ბობის შესთავაზა „მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი, რეინოლდსმა კი მის ძმას, ჯეკის დაადგა თვალი. „მანჩესტერ იუნაიტედში" ჩარიცხვა ფაქტიურად სკოლისათვის თავის მინებებას ნიშნავდა. ქალბატონმა ჩარლტონმა ჯერ იუარა, მაგრამ შემდეგ, როგორც ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, ვერ აღუდგა წინ ცდუნებას.
1953 წელს ბობიმ პირველად ითამაშა „უემბლის“ სტადიონზე. ინგლისისა და უელსის მოსწავლეთა ნაკრებების მატჩში მის მიერ გატანილმა კიდევ ორმა გოლმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი ინგლისელთა სასარგებლოდ.
ჯერ კიდევ ადრე, სანამ ბობი თავის სპორტულ ბედს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირებდა, ნიჭიერი ჭაბუკის გადაბირება მრავალმა კლუბმა სცადა. როგორც თვით ჩარლტონი იგონებს, იგი 15 წლისაც არ იყო, როდესაც 18 (!) გუნდისაგან მიიღო წინადადება. მათ შორის იყვნენ „ვულვერჰემპტონ უონდერერსისა“ და „არსენალის“ სახელოვანი კოლექტივები. და მაინც ბობის ბედმა გაუღიმა, როდესაც იგი სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩაირიცხა.
ამასთან დაკავშირებით, მან სწავლა ამ ქალაქში განაგრძო. ძნელი დღეები დაუდგა ბობის. რვის ნახევარზე დგებოდა, მიდიოდა გიმნაზიაში, თავდებოდა თუ არა სწავლა, „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონზე ყოველდღიურად 2-3 საათს ვარჯიშობდა. საღამო გაკვეთილების მომზადებას ეთმობოდა.
ჩარლტონი სკოლაში მალავდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ირიცხებოდა. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლებოდა ამის დამალვა! სკოლაში დარწმუნდნენ რომ ბობი ჩინებულად თამაშობდა და გუნდშიც შეიყვანეს. სასკოლო გუნდს თავისი „კალენდარი“ ჰქონდა. ხდებოდა ისე, რომ ბობის დღეში ორი მატჩი უნდა ეთამაშა, მაგრამ რას იზამდა.
და აი ყველაფერს ფარდა აეხადა. მასწავლებელმა გამოაცხადა, რომ სკოლის ფეხბურთელების უახლოესი მეტოქე იქნებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჭაბუკთა კოლექტივი. რაღას იზამდა ბობი. მან დედას შეატყობინა თავისი გასაჭირი და სთხოვა სკოლის მიტოვების ნებართვა. ქალბატონი ჩარლტონი დიდხანს უარობდა, მაგრამ შემდეგ მაინც დათანხმება მოუხდა − ბობის უფროსი ძმა ჯეკი „ლიდს იუნაიტედში“ ჩაირიცხა. თავისი სამი ბიძის მსგავსად ძმებმა დიდი პატიოსნება გამოიჩინეს და თავიანთი გუნდებისთვის არასოდეს უღალატნიათ, თუმცა მათი გადაბირების მსურველი ბევრი იყო.
პროფესიული ფეხბურთი
17 წლის ბობიმ თავის პირველ პროფესიულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ეს გუნდი ოდესღაც ორჯერ იყო ინგლისის ჩემპიონი (1907-08 და 1910-11 წლებში), ახლა კი მატ ბასბიმ კიდევ ერთხელ (1951-52 წლებში) მოუპოვა მას უძლიერესის წოდება. მწვრთნელს დიდი გეგმები ჰქონდა. მას. არ აკმაყოფილებდა ინგლისის ჩემპიონობაზე და თასზე ბრძოლა, უნდოდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპაში უძლიერესი გაეხადა.
ბასბი და მისი თანაშემწეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. „ახალგაზრდებშია ინგლისის ფეხბურთის მომავალი“ – ასეთი იყო მათი პრინციპი. ამ ხანებში ბევრს წერდნენ იმ დიდ მარცხზე, რომელიც ინგლისელებს აგემა უნგრეთის „დიდმა გუნდმა“. შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ რამსეი, რაიტი და მეტიუზი, მაგრამ ისინიც კი ვერაფერს გახდნენ ბუდაპეშტელ ვირტუოზებთან. ლაუტონისა და ლოფტპჰაუზის კარიერაც დასასრულს უახლოვდებოდა. ინგლისის ნაკრებმა დაკარგა ავტორიტეტი.
სანამ ბობი სათადარიგო შემადგენლობაში თამაშობდა, მატ ბასბიმ ზედიზედ დააწინაურა შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები: ედი კოულმანი, ბილ ფოულკესი, როი ვუდი, როჯერ ბირნი, მარკ ჯონსი, დანკან ედვარდსი, დენის ვაიოლეტი, ჯონი ბერი, ჯეკ ბლენჩფლაუერი (სახელოვანი დან ბლენჩფლაუერის ძმა), ტომი ტეილორი, დევიდ პეგი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ტალანტების სამჭედლო“ უწოდეს. ყოველ შაბათს, სათადარიგო შემადგენლობათა მატჩში, ბობი ჩარლტონი ჭაბუკთა მხარდამხარ თამაშობდა, რომლებიც ძირითად გუნდში დაწინაურებას ელოდნენ.
18 წლის ბობი ექვსი თვით გამოეთხოვა გუნდს – ჯარში გაიწვიეს. ამ ხნის განმავლობაში იგი არმიულ კოლექტივში გამოდიოდა და როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუბრუნდა, ბასბი კმაყოფილი დარჩა – ჩარლტონის ფორმა სამაგალითო იყო.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ინგლისის თასის ნახევარფინალში „ბირმინჰემ სიტისთან“ თამაში მოელოდა. სწორედ ამ დროს ავად გახდა გუნდის ძირითადი „ბომბარდირი“ ტომი ტეილორი. ბასბიმ უყოყმანოდ დაუთმო მისი ადგილი ჩარლტონს და არც უნანია – ბობიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გზა გაუხსნა ფინალისაკენ.
დადგა ფინალის დღეც. „ასტონ ვილა“ წმიდა სათასო გუნდად ითვლება. შეიძლება ჩემპიონატში ამ გუნდმა უფერული თამაში უჩვენოს, მაგრამ იშვიათ შეუპოვრობას იჩენს, როცა საქმე თასს ეხება. ტომი ტეილორი ამ თამაშისათვის გამოჯანმრთელდა, მაგრამ ახლა ავად გახდა დენის ვაიოლეტი. ბასბიმ ისევ ჩარლტონს მოუხმო. ჭაბუკი ფეხბურთელი ჩინებულად თამაშობდა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ დღეს იღბალი არა ჰქონდა. დაიწყო თუ არა თამაში, მძიმედ დაშავდა მეკარე ვუდი. კარში ერთ-ერთი მცველი ჩადგა (მეკარის გამოცვლა ხომ არ შეიძლებოდა) და თამაშის ბედიც „ასტონ ვილას“ სასარგებლოდ გადაწყდა.
ბასბის ჩარლტონი დიდი ტალანტის ფეხბურთელად მიაჩნდა, მაგრამ როდი ჩქარობდა მის შეყვანას ძირითად შემადგენლობაში: მხოლოდ 1956 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ბობიმ ასე თუ ისე სისტემატურად თამაში ძირითად გუნდში, საერთოდ კი 1956-57 წლების სეზონში ჩემპიონატის 14 მატჩი ჩაატარა.
1957 წლის ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი
1957 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაება, რომელიც მაშინ ახლად შემოღებული შეჯიბრება იყო. ჯერ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ინგლისელებმა თასის გათამაშება დაატოვებინეს ბელგიის ჩემპიონ „ანდერლეპტს“ – 2:0 და 10:0, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონ „ბორუსიას“ (ქ. დორტმუნდი) –– 3:2 და 0:0, მეოთხედფინალში მეტად ძნელ ბრძოლაში სძლიეს ბილბაოს „ატლეტიკოს“ – 3:5 და 3:0. და აი ნახევარფინალში მათ მოელოდათ შეხვედრა მადრიდის „რეალთან“, რომელსაც ამ დროს მსოფლიოს უძლიერესი საკლუბო გუნდის რეპუტაცია ჰქონდა.
პირველი მატჩი გაიმართა მადრიდის „ჩამარტინის“ სტადიონზე, ჩარლტონი სათადარიგოთა შორის იყო. ესპანელებმა გაიმარჯვეს 3:1. გოლები გაიტანეს რიალმა, დი სტეფანომ, მათოესმა, ხოლო ინგლისელთაგან – ტეილორმა. ბასბის ისღა დარჩენოდა, რომ მეტად სერიოზულად მომზადებულიყო მატჩ- რევანშისათვის საკუთარ მოედან „ოლდტრაფორდზე". მართალია, გათამაშების ადრეულ წრეში – „მანჩესტერ „იუნაიტედმა“ თავი გაართვა ძნელ ამოცანას, „ატლეტიკოსთან“ (ბილბაო) წინა თამაშის ორი ბურთის განსხვავებით წაგების შემდეგ, მაგრამ „რეალი“ ხომ „ატლეტიკო“ არ იყო!
ამ თამაშში ბასბიმ გადაწყვიტა ბრძოლაში ჩაება ჩარლტონი. აი გუნდების შემადგენლობები: „რეალი“ – ი. ალონსო, ლესმესი, ტორესი, ზარაგა, მ. ალონსო, მუნოზი, კოპა, მათეოსი, დი სტეფანო, რიალი, ჰენტო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – ვუდი, ფოულკესი, ბირნი, კოულმანი, ბლენჩფლაუერი, ედვარდსი, ბერი, უილანი, ტეილორი, ჩარლტონი, პეგი.
უამრავი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა შემდეგში ჩარლტონმა, მაგრამ არც ერთი არ შეედრებოდა ამ პირველი შეხვედრის დაძაბულობას. იგი პირველად შეხვდა ფეხბურთის განთქმულ დიდოსტატებს დი სტეფანოსა და კოპას. „რეალი“ მეტოქის მძლავრ შეტევას მოელოდა, ამიტომ უკან დასწია რამდენიმე მოთამაშე და იმედს კონტრიერიშზე ამყარებდა. ჩარლტონი აღტაცებით ადევნებდა თვალს დი სტეფანოს, რომელიც ჩინებულად ეხმარებოდა ცენტრალურ მცველ მ. ალონსოს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ უტევდა და უტევდა, შედეგი კი არ ჩანდა. და აი მინიატურულმა და ელეგანტურმა კოპამ მოედნის სიღრმიდან კარგი გადაცემა მიიღო, გვერდი აუარა ინგლისელთა მცველებს და გახსნა ანგარიში. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეებს ჭირის ოფლმა დაასხა. გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და რიალმა (№ 8) კიდევ ერთი გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. ორი მატჩის ბურთების შეფარდება გახდა 5:1. მეორე ტაიმში ჯერ ტეილორმა შეცვალა ანგარიში, ხოლო შემდეგ თვით ჩარლტონმა გაიტანა თავისი პირველი გოლი საერთაშორისო მატჩში და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ფრე (2:2) მოუტანა, თუმცა ინგლისელებს თასის გათამაშების დატოვება მოუხდათ. ბასბიმ სათანადო ანალიზი გაუკეთა ამ წაგებას. მან გადაწყვიტა მეტი მოთამაშეები გამოეყვანა ძირითად შემადგენლობაში, რათა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაეძლო სამ ფრონტზე ბრძოლისათვის – ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი აშკარად ჰქანცავდა ფეხბურთელებს.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარგად დაიწყო ჩემპიონთა თასის მორიგი გათამაშება. მან სძლია ირლანდიის ჩემპიონ „შამროკ როვერსს“ 6:0 და 3:2, შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონ „დუკლას“ (პრაღა) – 3:0 და 0:1. მეოთხედფინალში ინგლისელები უნდა შეხვედროდნენ მეტად სახიფათო მეტოქეს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“. მატ ბასბი ყოველთვის ფიქრობდა, რომ იუგოსლავიელების მანერა მეტისმეტად უსიამოვნო იყო ინგლისელთათვის, ამიტომ საგანგებოდ ემზადებოდა. მან კარგად იცოდა, რომ „ცრვენა ზვეზდა“ მეკარე ბეარათი, თავდამსხმელებით კოსტიჩით, ზებეცითა და ახალგაზრდა შეკულარაცით თვით იყო თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი. ბევრს არაფერს ნიშნავდა პირველი მატჩის მოგება (2:1) მანჩესტერში – წინ იყო გადამწყვეტი შეხვედრა ბელგრადში. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბელგრადში გაემგზავრა მთელი თავისი შემადგენლობით, ბევრი ჟურნალისტის თანხლებით.
ეს იყო მეტისმეტად დრამატული მატჩი. ჯერ იყო და სტუმრებმა გაიტანეს 3 გოლი, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა. პირველი ტაიმის ანგარიში იყო 3:1. მეორე ტაიმში დაშავდნენ ედვარდსი, გრეგი და მორგანსი. ისინი ვეღარ თამაშობდნენ სრული ძალით. ამით კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა და გაათანაბრეს კიდეც ანგარიში – 3:3.
1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფა
ამრიგად ორი მატჩის შედეგად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გზიდან ჩამოიცილა მეტად სახიფათო მეტოქე – გავიდა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში. გუნდის წევრები გახარებულები ბრუნდებოდნენ შინ.
ბრუნდებოდნენ, მაგრამ ყველამ როდი მიაღწია ინგლისამდე. მიუნხენის აეროდრომთან თვითმფრინავს რომელშიც ფეხბურთელები იყვნენ, საშინელი კატასტროფა მოუვიდა. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი (როჯერ ბირნი, ჯეფ ბენტი, ედი კოულმანი, მარკ ჯონსონი, ბილი უილანი, ტომი ტეილორი, დევიდ პეგი) მაშინვე დაიღუპა, ზოგი დასახიჩრდა. დანკან ედვარდსი უგრძნობლად მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჰოი საკვირველებავ! ბობი ჩარლტონი რაღაც სასწაულით საღ-სალამათი დარჩა!
მწვრთნელი მატ ბასბი კარგა ხნის განმაალობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მიუნხენის საავადმყოფოში მიაჩნდათ, რომ იგი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ბასბი თანდათანობით მომჯობინდა, მისი მომვლელები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი, არაფერი წამოცდენოდათ ფეხბურთელების სიკვდილის შესახებ. როდესაც ბასბი გონს მოვიდა, პირველად ედვარდსი იკითხა.
– ედვარდსი! გადარჩა ედვარდსი?!
ბერმა, რომელიც ბასბის სანახავად მივიდა, არ იცოდა, რომ ბასბის ყველაფერს უმალავდნენ. მან მწვრთნელს მიუგო, რომ ედვარდსი გარდაიცვალა. ბასბის ისევ წაუვიდა გული და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დასტოვა მიუნხენის საავადმყოფო.
ამ საშინელმა კატასტროფამ იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი შეიწირა, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. გამოჯანმრთელებულმა ბასბიმ მიზნად დაისახა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღორძინება. მას ამ საქმეში დიდად ეხმარებოდნენ სასწაულებრივ გადარჩენილი გრეგი, ვაიოლეტი და ჩარლტონი. გუნდმა შეიძინა რამდენიმე ახალი მოთამაშე მათ შორის ცნობილი თავდამსხმელი ერნი ტეილორი. ერნი ტეილორი კარგი ოსტატი იყო, მაგრამ მაინც ბევრად ჩამოუვარდებოდა თავის მოგვარე ტომი ტეილორს.
ახლად შეკოწიწებულმა გუნდმა განაგრძო ბრძოლა ევროპის ჩემპიონთა თასზე. თავის მატჩში, მან სენსაციური გამარჯვება იზეიმა „მილანთან“ 2:1, მაგრა მეორე მატჩში გამოირკვა, რომ ძალები აშკარად არათანაბარი იყო. „მილანმა“ გაიმარჯვა 4:1 და გავიდა ფინალში.
განახლებულ გუნდში ჩარლტონს მარცხენა გარემარბობა მიანდეს. რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პოსტზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ არა ჰყავდა სათანადო მოთამაშე. ეს აშკარად აღიარა მატ ბასბიმ და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ჩარლტონს მაშინვე ცენტრში გადაიყვანდა, როგორც კი გამოჩნდებოდა რომელიმე შესაფერისი გარემარბი. „რა თქმა უნდა, ჩარლტონი გარემარბი არაა. მას არც მეტიუზის დრიბლინგი აქვს და არც ჰენტოს ცრუ მოძრაობა“ – ამბობდნენ ინგლისელი მიმომხილველები. ეს ასე იყო, მაგრამ ჩარლტონი ურიგოდ როდი ასრულებდა თავის ახალ მოვალეობას. მისი იშვიათი სისწრაფე და მდიდარი ტექნიკა მცველებს გასაჭირში აგდებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნაკრების მწვრთნელმა ვოლტერ უინტერბოტომმა ჩარლტონი თავის გუნდში სწორედ მარცხენა გარემარბად მიიწვია.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1958
მსოფლიოს VI ჩემპიონატი მოახლოვდა. უოლტერ უინტერბოტომს შვედეთში გამგზავრების წინ ერთ-ერთ უკანასკნელ რეპეტიციად მიაჩნდა მატჩი ბელგრადში იუგოსლავიელების წინააღმდეგ. ეს მატჩი ინგლისელებმა წააგეს 0:5. ჩარლტონს არასდროს ისე ცუდად არ უთამაშნია, როგორც ახლა. მისი ფორმა აშკარად გაუარესდა და ეს ამბავი ბობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ფასად დაუჯდა. თუმცა იგი გუნდთან ერთად შვედეთში გაემგზავრა, მაგრამ თამაშებში არ მიუღია მონაწილეობა.
დრო გავიდა. ჩარლტონმა დაძლია დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა. მართალია იგი ისევ მარცხენა გარემარბად თამაშობდა, მაგრამ ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც გუნდის „დირიჟორი“ გახდებოდა. ჯერჯერობით კი ამ როლს ნაკრებში მისი კაპიტანი ჯონ ჰეინსი ასრულებდა.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1962
1962 წელს ჩილის მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისელები გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე 4 წლის წინათ შვედეთში. მათ შეძლეს მეოთხედფინალში გასვლა. მეტის- მეტად საინტერესო გამოდგა უნგრეთ-ინგლისის შეხვედრა. „ფრანს ფუტბოლი“ წერდა: „შეხვედრა ისე კორექტულად მიმდინარეობდა, რომ გეგონებოდათ ფეხბურთელები სმოკინგებში გამოწყობილები თამაშობენო“.
აი, რას წერდა ამ თამაშის შესახებ სპორტის დამსახურებული ოსტატი ა. ღოღობერიძე, რომელიც ესწრებოდა მსოფლიო ჩემპიონატს.
„ინგლისელთაგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გრივსმა, ხოლო ჩარლტონმა (№ 11) ბრწყინვალედ ითამაშა. ესაა საოცრად სწრაფი გარემარბი, რომელსაც საუცხოო დრიბლინგი აქვს. საჭიროების შემთხვევაში დაუღალავად ეხმარება თავის ნახევარდაცვას, მარჯვნივაც ინაცვლებს, არავითარ შემთხვევაში არ დააყოვნებს ბურთს, თუ რომელიმე პარტნიორს თავისუფალ პოზიციაში მოკრა თვალი“.
ამ მატჩის წაგების მიუხედავად (1:2) ინგლისელები მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ისინი მსოფლიო ჩემპიონებს – ბრაზილიელებს შეხვდნენ.
რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტი წერდა: „ბრაზილიელები ჯობდნენ ინგლისელებს ბურთის ფლობასა და გადაცემათა სიზუსტეში. მათი თავდასხმა მოქმედებდა სწრაფად და ეფექტურად, მაშინ, როდესაც პოზიციური თამაშით გატაცებული ინგლისელი მცველები ურთიერთდაზღვევას ვერ ასწრებდნენ. მოედანზე ბრაზილიელთა „ბატონობა“ საკმაოდ დამაჯერებლად მეტყველებს ამ გუნდის კლასზე. ინგლისელები ლომებივით იბრძოდნენ მანამ, სანამ დაიღლებოდნენ“.
ახლა კი მოგუსმინოთ ისევ ა. ღოღობერიძეს:
„ინგლისელებმა მეტად მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში და პირველივე წუთებზე იშიშვლეს თავიანთი „მახვილი“ – ჩარლტონი. ბრაზილიელთა მარჯვენა მცველი ჯ. სანტოსი ჯერ კიდევ კონტრილეთისათვის ემზადებოდა როცა ჩარლტონმა თვალშეუვლები მოძრაობით აუარა გვერდი ჯერ მას, შემდეგ მაუროს და ზედ კარის წინ ჩააწოდა ბურთი, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ვერ გამოიყენა მარცხენა გარემარბის ეს ძვირფასი „ნობათი“ და დაკარგა ნაღდი გოლი. სანამ ის, თმებში ხელჩავლებული, კვნესოდა მეკარე ჟილმარის წინ, ბრაზილიელებმა წინ გაისროლეს ბურთი და ჩართეს თამაშში თავიანთი მთავარი კოზირი – გარინჩა. თუ შეადარებთ ორივე მოწინააღმდეგის ძირითად შემტევ ძალას – ჩარლტონსა და გარინჩას, ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ძლიერია:
პირველი ტაიმის შემდეგ უინტერბოტომმა სულ ორიოდე სიტყვა უთხრა კორესპონდენტებს.
– წარმოდგენა არა მაქვს, რა ვუთხრა ჩემს მცველებს. როგორ უნდა დავიჭიროთ გარინჩა, არ ვიცი!
მაგრამ სწორი არ იქნებოდა ბრაზილიელების გამარჯვება (3:1) მხოლოდ გარინჩას პირად საქმეში „ჩაგვეკერებინა“. ინგლისელებმა ამ დღეს ძალზე ძლიერად ითამაშეს, მაგრამ ყველასთვის ცხდი იყო, რომ ბრაზილიის ნაკრები მათზე მაღლა იდგა“
მზადება მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისათვის
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ინგლისის ნაკრებს სათავეში ახალი მენეჯერი – ალფრედ რამსეი ჩაუდგა. ესაა ჯიუტი, გოროზი ადამიანი, ნამდვილი ფანატიკოსი, რომელიც მზადაა ყველაფერი შეწიროს ფეხბურთს. ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც რამსეიმ „უემბლიზე“ ითამაშა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მარჯვენა მცველად, უნგრელთა „დიდი გუნდის“ წინააღმდეგ. ამ მატჩის გახსენებისას რამსეი ახლაც სირცხვილით იწვის. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. თუ შეიძლება ითქვას, კარგად გაუმკლავდა კიდეც ციბორს, მაგრამ ამ მატჩში საქმე მარტო რამსეისა და ციბორში როდი იყო, „დიდი გუნდის“ თავდასხმა ისე ეთამაშებოდა ინგლისელთა მცველებს, როგორც კატა თაგვს. ამან კი მასპინძლების სასტიკი დამარცხება – 3:6 განაპირობა.
გახდა თუ არა ნაკრების მენეჯერი, უოლტერ უინტერბოტომის ნაცვლად, ალფ რამსეიმ ინგლისელებს მსოფლიო ჩემპიონობა აღუთქვა. თქმა ადვილი იყო, მაგრამ… ჩილიში ხომ ინგლისელები არა მარტო ბრაზილიელებს, არამედ ჩეხოსლოვაკიელებსა და იუგოსლავიელებსაც ბევრად ჩამოუვარდებოდნენ. ავიღოთ თუნდაც უნგრელები, რომლებმაც ასეთი სირცხვილი აჭამეს ინგლისელებს 1953 წელს. რა თქმა უნდა, უნგრეთის 1962 წლის ნაკრები, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ოსტატებისაგან შედგებოდა, ბევრად ჩამოუვარდებოდა. „დიდ გუნდს“, მაგრამ ინგლისელებს მაინც სჯობდა. ახლა. იტალიელები ესპანელები არგენტინელები ურუგვაელები...
ერთი სიტყვით, საჭირო იყო გუნდის შემადგენლობის ძირფესვიანად გადასინჯვა, მეტოქეთა თამაშის საგანგებო შესწავლა, ტაქტიკური სიურპრიზების მომზადება. ერთი მხრივ, ინგლისელები სხვებთან შედარებით იოლ მდგომარეობაში იყვნენ. ისინი როგორც მორიგი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები, გაათავისუფლეს შესარჩევი თამაშებისაგან. ვინ იცის! განა ცოტა ძლიერი ნაკრები დარჩენილა მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე. გავიხსენოთ ესპანელები და იტალიელები, რომლებმაც ვერ მოიპოვეს შვედეთში გამგზავრების უფლება, ჩილიში არ უთამაშიათ წინა ჩემპიონატის პრიზიორებს – შვედებსა და ფრანგებს.
თავის განახლებულ ნაკრებში რამსეი ორ თავდამსხმელზე ამყარებდა იმედს – ჯიმი გრივსსა და ბობი ჩარლტონზე. „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ვარსკვლავი გრივსი, რომელიც ადრე „მილანშიც“ თამაშობდა, კარის აღების იშვიათი ალღოთი გამოირჩეოდა. ფიზიკურად არცთუ ისე ძლიერი, საშუალი ტანის გრივსი როდი ჰგავდა ტრადიციულ ინგლისურ „ტანკებს“, ძალისმიერი თამაშის მოყვარულებს. გრივსის მთავარი იარაღი ბრწყინვალე ტექნიკა იყო. მაგრამ მალე რამსეისა და გრივსს შორის უთანხმოება დაიწყო. რამსეის უყვარდა ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მთელ შეხვედრას დიდი შეუპოვრობით, შეუნელებელი ჟინით ატარებდნენ. არავის მიაჩნია ფეხბურთის კორიფედ ინგლისელი ნახევარმცველი სტაილსი. გამოდის. თუ არა იგი მოედანზე, საოცარი საბრძოლო სულისკვეთებით იმსჭვალება, მისთვის ფეხბურთი თამაში კი არაა, „ბრძოლის ველია“. სტაილსი ხშირად უხეშობს, ეკამათება პარტნიორებს, მეტოქეებს, მსაჯს, ზოგჯერ მოედანსაც ატოვებინებენ. მას მაყურებლები სტვენითა და ყიჟინით ხვდებიან, მწვრთნელებსაც არ უყვართ… რამსეი ერთადერთია, რომელსაც სტაილსის თამაში მოსწონს. „ყველამ რომ ასეთი თავდადებით ითამაშოს, ჩვენ ვერავინ გაგვიმკლავდება,“ − ამბობს იგი. ზოგი მიმომხილველი გესლიანად შენიშნავდა, რომ „რამსეი სტაილსში თავის ახალგაზრდობას ხედავს.”
საქმეც ის იყო, რომ გრივსი არაფრით ჰგავდა სტაილსს. ას შეეძლო მშვენიერი გოლები გაეტნა, შეეძლო 15 წუთი გაუნძრევლად ყოფილიყო მოედანზე. მის ასეთ საქციელს რამსეი გაცოფებამდე მიჰყავდა. ამასთან გრივსი ზოგჯერ არც „ვისკს გადაკვრის, წინააღმდეგი იყო. იგი შეძრწუნებით იგონებდა „მილანში“ გატარებულ დღეებს, როდესაც მწვრთნელებს პატიმრის მდგომარეობაში ჰყავდათ. „ამიტომაც დავტოვე იტალიას, რა მჭირდა ციხეში ჩასაჯდომი! -– ამბობდა გრივსი. ახლა მას „ტოტენჰემ ჰოტსპურის" ხელმძღვანელები ანებივრებდნენ (გრივსს. ხომ უამრავი ბურთი გაჰქონდა!) მაგრამ რამსეი სულ უფრო და უფრო შეურიგებელი ხდებოდა.
სულ სხვანაირად იქცეოდა ჩარლტონი. ეს სამაგალითო სპორტსმენი თითქმის ისეთივე ფანატიზმით გაიმსჭვალა, როგორც მწვრთნელი. ყველაფერს აკეთებდა, რათა ნაკრებისათვის სარგებლობა მოეტანა. ბობი კვლავ მარცხენა გარემარბად თამაშობდა, თუმცა ეს როლი თავისთვის შეუფერებლად მიაჩნდა, გამთამაშებლებად ჯერჯერობით გუნდის კაპიტანი ჯონ ჰეინსი და ჯორჯ ისტჰემი გამოდიოდნენ, თუმცა რამსეი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი, ჰეინსი ხშირად ავადმყოფობდა, ისტჰემი კი ვერ თამაშობდა ისეთ დონეზე, როგორც მწვრთნელს სურდა.
კონფლიქტი რამსეისა და გრივსს შორის გრძელდებოდა. გრივსის მხარეზე გულშემატკივართა მილიონები იყვნენ. მას განუწყვეტლივ აქებდნენ პრესაში. როდესაც ინგლისის ნაკრებმა „უემბლიზე“ ფიფას-ს ნაკრებს სძლია (2:1), გადამწყვეტი ბურთი სწორედ გრივსმა გაიტანა. მიმომხილველები წერდნენ, რომ „ფიფას-ს ნაკრებში თამამად ითამაშებდნენ ჯიმი გრივსი და რობერტ ჩარლტონი“.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1966
მსოფლიოს VIII ჩემპიონატი ახლოვდებოდა. ინგლისელები საგანგებოდ მოემზადნენ. რამსეიმ მიმართა ტაქტიკურ სიახლეს –უგარემარბებოდ თამაშს. „დირიჟორის ჯოხი“ ბობი ჩარლტონს ჩაბარდა. მან მთლიანად გაამართლა მწვრთნელის იმედები და დიდებულად ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი. ისეთი დატვირთვით თამაშს, როგორც ჩარლტონი, მიმომხილველთა აზრით, ვერავინ შეძლებდა. თამაშის სადავეები მას მტკიცედ ეპყრა ხელთ.
ინგლისელთა პირველი მეტოქე იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი – ურუგვაის ნაკრები. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ რამსეიმ ვერ გაბედა გულშემატკივრების წინააღმდეგ გამოსვლა და მოედანზე გრივსი გამოიყვანა. აი ინგლისელთა შემადგენლობა: ბენქსი, კოენი, უილსონი, სტაილსი, ჯ. ჩარლტონი, მური, ბოლი, გრივსი, რ. ჩარლტონი, ჰანტი, კონელი.
პრემიერა უხეირო გამოდგა. ურუგვაელებს არც კი უცდიათ მოგებაზე თამაში. მათ უკან დახიეს ნახევარმცველები და თავიანთ კართან მტკიცე თავდაცვითი ზღუდე აღმართეს. ინგლისელები ბევრს უტევდნენ (მათ 14 კუთხური მიაწოდეს, ურუგვაელებმა მხოლოდ ერთი), მაგრამ უშედეგოდ. ბობი დიდებულად თამაშობდა მოედნის ცენტრში, ნაირნაირ კომბინაციებს იწყებდა, მარამ გრივსი, ჰანტი და კონელი ვერ იყენებდნენ ხელსაყრელ მომენტებს. მოხდა ისე, რომ ინგლისის ფეხბურთში პირველად (52 მატჩის მანძილზე) ნაკრებმა ისე დასტოვა „უემბლის“ სტადიონი, რომ გოლი არ გაუტანია! მისი ხვედრი შეიძლება უარესიც ყოფილიყო, უნგრელ მსაჯ ი. ჟოლტს რომ ლიბერალობა არ გამოეჩინა. სტაილსმა სილა გააწნა ურუგვაელთა ერთ-ერთ მოთამაშეს, მაგრამ მოედნის დატოვების ნაცვლად მხოლოდ შენიშვნა მიიღო.
მატჩის შემდეგ რამსეიმ განაცხადა, რომ იმედი გაუცრუა მისმა შედეგმა, მაგრამ ჩემპიონობის მოპოვების რწმენა არ დაუკარგავს.
ინგლისელთა მეორე მეტოქე მექსიკის ნაკრები იყო. 5 წლის წინათ მან „უემბლის" სტადიონზე სასტიკი დამარცხება (8:0) იგემა, მაგრამ რამსეის სწამდა, რომ ახლა ბრძოლა ასე იოლი აღარ იქნებოდა. მილიონობით მექსიკელი ადევნებდა თვალს ტელევიზიით ჩემპიონატს, ისინი არაფერს აპატიებდნენ ნაკრებს. თამაშის წინა დღე რამსეიმ დიდ ყოყმანში გაატარა – უნდოდა გრივსის შეცვლა, თუმცა იცოდა, რომ ამას გულშემატკივრები არ აპატიებდნენ. დაცვაში ყველაფერი წესრიგში იყო (ვის უნდა დაეთრგუნა ბობი მური და 189 სმ სიმაღლის ჯეკ ჩარლტონი!), მოედნის ცენტრშიც ბობი ჩარლტონის წყალობით მოგვარდა ყველაფერი (ბობის მექსიკელებთან თავისი სამოცდამეათე მატჩი უნდა ჩაეტარებინა ნაკრებში. მას უკვე ადარებდნენ დი სტეფანოს), მაგრამ თავდასხმის თამაში რამსეის არ მოსწონდა.
მწვრთნელის ყოყმანის შესახებ გუნდმა არაფერი იცოდა. ნაკრებს პოპულარული მსახიობი იულ ბრინერი ეწვია (როგორც ყოველთვის, იგი თავგადაპარსული იყო) და ახლა ყველანი სათავგადასავლო ფილმს უყურებდნენ.
რამსეიმ კიდევ ვერ გაბედა გრივსის გამოცვლა. აი შემადგენლობა მექსიკელთა წინააღმდეგ: ბენქსი, კოენი, უილსონი, მური, ჯ. ჩარლტონი, სტაიდსი, პიტერსი, პეინი, რ. ჩარლტონი, გრივსი, ჰანტი.
ინგლისელებს არც ამ შეხვედრაში გამოუჩენიათ თავი. შედეგი არ გამოიღო გუნდის ერთგვარმა გადახალისებამ. მექსიკელთა მეკარე კალდერონი შესანიშნავად თამაშობდა. ვინ იცის, რით დამთავრდებოდა მატჩი, ბობი ჩარლტონს რომ არ ესახელებინა თავისიანები. იგი გაუთავებლად გადადიოდა თავდასხმიდან დაცვაში, ჩინებულ კომბინაციებს იწყებდა, დაუღალავად თამაშობდა მთელ მოედანზე. და აი ნანატრი გოლიც. ჩარლტონმა დრიბლინგით გაიარა 30 მეტრი და კარიდან 25 მეტრის დაშორებით საუცხოოდ დაარტყა. კალდერონი ამჯერად სრულიად უძლური იყო. ამ გოლის შემდეგ (იგი ჩარლტონის მიერ ნაკრებში გატანილი 38-ე ბურთი იყო) მექსიკელები გატყდნენ. ჰანტმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და ინგლისელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს (2 : 0).
ამ მოგებას ინგლისური პრესა ფრიად თავშეკავებულად შეხვდა. „ობსერვერი“ წერდა: „ინგლისის გამარჯვება ტრიუმფი როდია. აღნიშნავდნენ თავდასხმის უნიათო თამაშს, ერთადერთი, რომელმაც მოხიბლა ყველა მიმომხილველი, ბობი ჩარლტონი გახლდათ.
მომდევნო თამაშში ფრანგებთან რამსეიმ მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა გუნდის შემადგენლობაში − პეინი კალაგანით შეცვალა.
ფრანგები შეუპოვრად იბრძოდნენ; მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ისევ ბრწყინავდა ჩარლტონი, თანდათან გათამამდა ჰანტი. ჰანტის მიერ გატანილმა ორმა ბურთმა ინგლისელებს მეოთხედფინალი, საგზური მოუტანა ახლა ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 16-დან რვამდე შემცირდა.
არგენტინელთა წინააღმდეგ გრივსის ნაცვლად ჰერსტს უნდა ეთამაშა. რამსეის სტაილსის საკითხიც აღელვებდა. იგი უხეშობას მოელოდა. ამას კი შეიძლებოდა თავშეუკავებელი სტაილსის მოედნიდან გაძევებაც მოჰყოლოდა. თამაშის წინ მწვრთნელი სპეციალურად ესაუბრა სტაილსს, აუხსნა, რომ მას მსაჯი არავითარ შეღავათს არ მისცემდა.
არგენტინელები ძალზე ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. მატჩის წინ ისინი აცხადებდნენ, რომ 1954 წელს შვეიცარიასა და 1962 წელს ჩილიში ინგლისელებმა მეოთხედ ფინალს მიაღწიეს, ამაზე შორს კი არასოდეს წასულანო. შვეიცარიაში მათ ურუგვაელებმა სძლიეს. ჩილიში უნგრელებმა. ახლაც კიდევ ერთი წაგება ელითო – აიმედებდნენ თავს სამხრეთ ამერიკელები.
გუნდები მოედანზე გამოვიდნენ ასეთი შემადგენლობით: ინგლისი – ბენქსი, კოენი, უილსონი, სტაილსი, ჯ. ჩარლტონი, მური, პიტერსი, ბოლი, ჰერსტი, რ. ჩარლტონი, ჰანტი. არგენტინა − რომა, თერეირო, პერფიუმო, ალბრეხტი, მარზხოლინი, სოლარი, რატინი, გონზალესი, ონეგა არტიმე, მასი.
მატჩის დროს არნახული სკანდალი ატყდა. მსაჯმა კრეიტლაინმა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ვერ იქნა და ვერ აღკვეთა უხეშობა. აყალმაყალის დროს მსაჯთან მივიდა არგენტინელთა კაპიტანი რატინი და რაღაცის ახსნა დაუწყო, კრეიტლაინმა მას მოთხოვა დაეტოვებინა მოედანი, არგენტინელთა კაპიტანი ამტკიცებდა, რომ მას არც უფიქრია შეეგინებინა მსაჯისათვის მხოლოდ თარჯიმანის გამოძახებას მოითხოვდა. კრეიტლაინმა მაინც თავისი გაიტანა და რატინი მოედნიდან გააძევა. კაპიტანს მთელი გუნდი მიჰყვა. მხოლოდ ფიფა-ს წარმომადგენლის „ჩარევის შემდეგ დაბრუნდნენ არგენტინელები მოედანზე (8 წუთის მანძილზე მატჩი შეწყვეტილი იყო.) ისინი დამარცხდნენ 0:1 (გოლი გაიტანა ჰერსტმა). მაგრამ მატჩის შემდეგ დიდი დავა გაგრძელდა, ამჯერად თვით. რამსეიც კი აღელდა. იგი მოედანზე გადმოვიდა და თავის მოთამაშეებს ნება არ მისცა მაისურები გაეცვალათ არგენტინელებისათვის. იმავე საღამოს სატელევიზიო გადაცემაში რამსეიმ განაცხადა, რომ „არგენტინელები მოედანზე იქცეოდნენ, როგორც პირუტყვები“.
ინგლისსა და არგენტინას შორის ნამდვილი საფეხბურთო ომი დაიწყო. არგენტინელებმა განაცხადეს, რომ მათ მსაჯმა დააკარგვინა ოქროს მედლები, რატინმა კი თქვა:
– ძალზე სამწუხაროა, რომ ჩვენ დაგვამარცხა ისეთმა საშუალო გუნდმა, როგორიც ინგლისის ნაკრებია!
ასეა თუ ისე ინგლისელებმა მსოფლიო ჩემპიონატებში პირველად გადალახეს მეოთხედფინალური ჯებირი, ახლა ისინი პორტუგალიელებს უნდა შეხვედროდნენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდს კი – საბჭოთა ფეხბურთელები.
პორტუგალიელებთან შეხვედრაში ჩარლტონმა კარგად გამოავლინა თავისი ერთ-ერთი ჩინებული თვისება – ბურთის გატანის უნარი უაღრესად კორექტულ და საინტერესო თამაშში, რომელსაც თვალს ადევნებდა 90 ათასი მაყურებელი (ვინ იცის, რამდენმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი ტელევიზორებთან), ჩარლტონის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მასპინძლებს უდავო უპირატესობა ჰქონდათ. ჩარლტონი – ინგლისის უძლიერესი ფეხბურთელი 1965 წლის სეზონისათვის უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ეუსებიო ევროპის №1 ფეხბურთელი. „მოზამბიკელი მარგალიტი“ ვერსად გაექცა სტაილსს, მაშინ როდესაც ჩარლტონი თავგზას უბნევდა პორტუგალიელ მცველებს. 2:1 გაიმარჯვეს ინგლისელებმა. ორივე გოლი ჩარლტონმა გაიტანა.
გუნდები თამაშობდნენ ასეთი შემადგენლობით: – ბენქსი, კოენი, უილსონი, სტაილსი, ჯ. ჩარლტონი, მური, რ. ჩარლტონი, ბოლი, ჰერსტი, პანტი, პიტერსი. პორტუგალია – ხ. პერეირა, ფესტა, ბატისტე, კარლოსი, ჰილარიო, გრასა, კოლუნა, აუგუსტო, ეუსებიო, ტორესი, სიმოესი.
ეს იყო ჩარლტონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ეს აღიარეს პორტუგალიელებმაც და შეხვედრის დამთავრების შემდეგ თითოეულმა მათგანმა მიულოცა კიდეც მას.
რობერტ ჩარლტონი მსოფლიოს უძლიერეს ფეხბურთელთა რიცხვს მიაკუთვნეს. აი, მისი თამაშის საინტერესო დახასიათება არგენტინულ „სპორტის“ ფურცლებზე.
„ბობი ჩარლტონი, ისევე როგორც პელე, 90 წუთის განმავლობაში დარბის მთელი მოედნის მანძილზე. ისევე, როგორც პელე, მაღალ ტემპს მთელი თამაშის მანძილზე ინარჩუნებს. იგი უფრო მეტ ფიზიკურ ძალასაც კი ხარჯავს, ვიდრე პელე.
ჩარლტონს დიდებული ტექჩიკა აქვს. თანაბარი ოსტატობით ხმარობს ორივე ფეხს. ეს მას საშუალებას აძლევს მოულოდნელად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება. ჩარლტონი შეუდარებელი გრძნობით ცვლის შეტევის მიმართულებას, მის სისწრაფეს. მას შესანიშნავი უნარი აქვს იხელთოს დრო, გაითამაშოს „კედელი“ და გავიდეს დარტყმისათვის ხელსაყრელ პოზიციაზე. ასე გაიტანა მან ორი გოლი პორტუგალიელებთან. იგი უდავოდ სჭარბობს პელეს დაცვით თამაშში, მეტოქისათვის ბურთის წართმევაში, ასე გასინჯეთ, ჩარლტონი უფრო მეტი დასაყრდენია პარტნიორისათვის, ვიდრე პელე. მაგრამ, სამაგიეროდ, პელეს თავდამსხმელის სული აქვს, ამ მხრივ მას ჩარლტონი ვერ შეედრება მოედნის სამ მეოთხედზე. პელე თამაშზე ბევრად უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩარლტონი.
პელეს უპირატესობა იმაშიც შეიმჩნევა, რომ მას უდიდესი გავლენა აქვს მოთამაშეებზე, ჩარლტონს კი მხოლოდ ნაწილობრივი გავლენა. ჩარლტონი პარტნიორებს მხოლოდ იმაში ეხმარება, რომ განახორციელონ გარღვევა, თავი დააღწიონ მეურვეობას, გაიტანონ გოლი. იგი არაა მათი ნამდვილი ბელადი. ასეთად ინგლისის გუნდში უფრო ბობი მური უნდა ჩაითვალოს.
ჩარლტონი მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეა ინგლისის გუნდში, მოთამაშე, რომელიც გარკვეული სქემის ფარგლებში მოქმედებს. პელე კა ყველა სქემაზე მაღლა დგას. ჩარლტონის ოსტატობა დიდია, მაგრამ მისი გაზომვა მაინც შეიძლება. პელეს ოსტატობა კი განუზომელია“.
ჩეენ აქ არ გამოვუდვებით იმას, თუ რამდენად სწორია დახასიათების ავტორის მოსაზრებები, ის კი ცხადია, რომ იგი ჩარლტონს ერთ-ერთი უდიდეს „ვარსკვლავად“ მიიჩნევს. ასეთი აღიარება საყოველთაო იყო. „თუ მსოფლიოს ადრინდელ ჩემპიონებს – ბრაზილიელებს ჰყავთ პელე, ჩვენც გვყას ჩარლტონი“ – წერდნენ ინგლისელი მიმომხილველები.
მაშ ასე მსოფლიო ჩემპიონების ბედი 30 ივლისს უნდა გადაწყვეტილიყო ინგლისისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთა შეხვედრაში. ოქროს მედლების საკითხი ერთ მატჩმი დაიდო სასწორზე.
ინგლისელებმა კარგად იცოდნენ, თუ რამდენად სახიფათო მეტოქესთან ჰქონდათ საქმე. მსოფლიო პირველობაზე გერმანელები ყოველთვის წარმატებით გამოდიოდნენ – V ჩემპიონატში მათ ოქროს მედლები დარჩათ, ოთხი წლის შემდეგ შვედეთში – მეოთხე ადგილი, VII ჩემპიონატში V-VIII ადგილები. ინლისში მათ სძლიეს შვეიცარიელებს (5:0), ესპანელებს (2:11) ფრედ (0:0) დაამთავრეს შეხვედრა არგენტინელებთან. მეოთხედფინალში გერმანელებმა მოუგეს (4:0) ურუგვაელებს, ნახევარფინალში – საბჭოთა ფეხბურთელებს (2:1). მართლია, მათ ინგლისელებთან არასოდეს უმართლებდათ – 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი დაამთავრეს ფრედ, დანარჩენი წააგეს.
მატჩის წინა დღეს უკანასკნელი პრესკონფერენცია გაიმართა. რამსმა თქვა, რომ ხელს არ იღებს თავის ადრინდელ განცხადებაზე – ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონები გახდებიან, რადგან სხვებზე უკეთესად თამაშობენ.
შიონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უკვე იზეიმა დიდი გამარჯვება როდესაც ესოდენ ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში ფინალში გავიდა. ამან გუნდის წევრები საგრძნობლად დაამშვიდა. ინგლისელთა ოპტიმიზმის საპასუხოდ ისინი აცხადებდნენ, რომ ხვალ მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებენ გუნდის კაპიტანმა უვე ზეელერმა თქვა, რომ გერმანელებს შესანიშნავი დაცვა და კიდევ უფრო უკეთესი ნახევარდაცვა ჰყავს. ახლა თავდამსხმელებს ისღა დარჩენიათ, რომ გოლები გაიტანონ.
მოვიდნენ თუ არა „უემბლის“ სტადიონზე, ინგლისელთა ზოგმა მოთამაშემ მინდორს მიაშურა ბალახის შესამოწმებლად. სათამაშოდ ჩინებული ამინდი იყო. 93 ათასი მაყურებელი ესწრებოდა მსოფლიოს ორი უძლიერესი გუნდის ამ შეხვედრას.
მატჩს სჯიდა ბაზელის სატელეფონო სადგურის თანამშრომელი, 47 წლის დინსტი. „მე 20 ქვეყანა მოვიარე, 46 ქალაქი, პირველ ეროვნულ ნაკრებთა 23 მატჩიც ვიმსაჯე, მაგრამ ესოდენ საპასუხისმგებლო შეხვედრა არც ერთი არ ყოფილა“, – ამბობდა იგი. დინსტს ეხმარებოდნენ კ. გალბა: (ჩეხოსლოვაკია) და ტ. ბახრამოვი (სსრ კავშირი).
გუნდების შემადგენლობები: ინგლისი – ბენქსი, კოენი, უილსონი, სტაილსი, ჯ. ჩარლტონი, მური, ბოლი, ჰერსტი, რ. ჩარლტონი, ჰანტი, პიტერსი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – ტილკოვსკი, ჰიოტგესი, შნელინგერი, ბეკენბაუერი, შულცი, ვებერი, ჰალერი, ოვერატი, ზეელერი, ჰელდი, ემერიხი,
მეთორმეტე წუთზე სტადიონი დაფარა მრავალრიცხოვან გერმანელ ტურისტთა ყურისგამაყრუებელმა ყიჟინმა. მოთამაშეები ეხვეოდნენ ჰალერს, რომელიც, ექსტაზში მყოფი, გაიძახოდა: „გოლი, გოლი!“ სწორედ მან გამოიყენა უილსონის შეცდომა, რომელმაც უხეიროდ მოიგერია ბურთი. უძლიერესი დარტყმა მარცხენა კუთხეში. 1:0 − დაწინაურდნენ გერმანელები,ინგლისელებმა მეტი გააფთრებით გააგრძელეს ბრძოლა. დაცვაში გამოირჩეოდნენ ჯეკი ჩარლტონი და მური. როგორც ყოველთვის, ბრწყინავდა ბობი ჩარლტონი სულ 5 წუთი გავიდა ანგარიშის გახსნიდან. მურმა ჩინებულად გადასცა ბურთი ბოლს. მანაც არ დააყოვნა და ზედ თავზე დაუსვა იგი ჰერსტს. დანარჩენი როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო − 1:1.
თანდათან გამოვლინდა ინგლისელთა უპირატესობა. ცნობილია, თუ როგორი დიდებული გამთამაშებელია ფრანც ბეკენბაუერი. მაგრამ ამ მატჩში იგი ვერ ეხმარებოდა თავდამსხმელებს, მთლიანად ბობი ჩარლტონის მეურვეობით იყო გართული. შემდეგში გერმანელმა ჟურნალისტებმა მწარედ უსაყვედურეს მწვრთნელ ჰელმუტ შიონს, რომ ასეთი პერსონალური დავალება მისცა ბეკენბაუერს, დეე, ჩარლტონის წინააღმდეგ ეთამაშა სხვა რომელიმე ნახევარმცველს, ბეკენბაუერს კი ეკეთებინა თავისი ჩვეულებრივი საქმე – შეეტია და შეეტია! შესაძლოა ეს მიმომხილველები ნაწილბრივ მართალნი იყვნენ, მაგრამ შეძლებდა კი ჩარლტონის თამაშიდან გამორთვას სხვა რომელიმე ნახევარმცველი, როდესაც ეს თვით ბეკენბაუერმაც ვერ მოახერხა?
ინგლისელებმა უკან დასწიეს ბოლი და მოედნის ცენტრში აშკარად აჯობეს მეტოქეებს. პირველი ტაიმი მაინც ფრედ დამთავრდა. თავგანწირულად მოქმედებდნენ მეკარეები, განსაკუთრებით ტილკოვსკი. იყო მომენტი, როდესაც ინგლისელთა თავდამსხმელთან შეტაკებისას მეკარემ ტრავმა მიიღო – გონება დაკარგა. მცირე საექიმო დახმარების შემდეგ ტილკოვსკიმ განაგრძო თამაში და რამდენიმე ძნელი ბურთიც აიღო.
თამაშის დამთავრებამდე 12 წუთიღა რჩებოდა, კუთხური გერმანელთა კართან ყველაფერი ერთმანეთში აირია. ყველაზე მარჯვე პიტერსი აღმოჩნდა. მან ახლო მანძილიდან გაიტანა გოლი – 2:1.
ახლა გერმანელები აღარაფერს, კარგავდნენ. მთელი გუნდი შეტევაზე გადავიდა. თვით ემერიხიც კი, რომელსაც ამ დღეს თამაში არ გამოუვიდა, ჯიქურ მიიწევდა წინ, მაგრამ ინგლისელები აქარწყლებდნენ შეტევას.
უკანასკნელი წუთი. ინგლისელთა გამარჯვებას თითქოს აღარაფერი აკლია. მაგრამ აი ჯეკი ჩარლტონს, რომელიც აქამდე შესანიშნავად თამაშობდა, ნერვებმა უმტყუნეს. დინსტი აჯარიმებს მას უხეშობისათვის. ურტყამს ემერიხი, ჯარიმების დიდებული ოსტატი. უძლიერესი დარტყმა – ძელი! ბურთთანაა ჰელდი − კვლავ უძლიერესი დარტყმა! მცველები იგერიებენ, მაგრამ ვებერი მაინც ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას –– 2:2! გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა.
მხოლოდ ერთხელ, 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატში იტალიისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთა ფინალურ მატჩში ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ, ისიც ასეთივე ანგარიშით 2:2. დანარჩენი შეხვედრები 90 წუთში რომელიმე მხარის დამაჯერებელი გამარჯვებით მთავრდებოდა.
რამსეის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საშინელი წუთის მიუხედავად არ დაუკარგავს წონასწორობა. იგი, ისევე როგორც შიონი, მოედანზე შემოვიდა და დამატებითი დროის წინ ამხნევებდა თავისიანებს. ჩარლტონი იგონებს მწვრთნელის სიტყვებს „ყველაფერი წესრიგშია, ბიჭებო, თქვენ ერთხელ უკვე მოიგეთ თასი, ახლა კი მას საბოლოოდ დავეუფლებით!“
დამატებითი დრო. ინგლისელები სჯობნიდნენ მეტოქეს. ჰერსტის უძლიერესი დარტყმის შედეგად ბურთი ზედა ძელს მოხვდა, შემდეგ დაეცა მიწაზე და მოედანზე გამოვარდა. დინსტი, ცოტა არ იყოს, დაიბნა. იყო თუ არა გოლი? არბიტრი მოეთათბირა თავის თანაშემწე ბახრამოვს რომელმაც გადაჭრით განაცხადა – იყო! მოგვიანებით კინოკადრებმა დაადასტურეს, რომ ბურთმა მართლაც გადასერა ხაზი.
უაღრესად დაქანცულმა გუნდებმა ძლივს მიიყვანეს თამაში ბოლომდე. მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰერსტმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.
რამსეიმ აასრულა დანაპირები − ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. იმავე საღამოს, როდესაც ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად სასტუმრო „როიალ გარდენში“ დიდი მიღება გაიმართა, საპატიო სტუმრებს შორის იყო ქალბატონი ჩარლტონი – ბედნიერი -დედა.
მსოფლიოს ორი ჩემპიონი ჯეკი და ბობი ჩარლტონების უმცროსი ძმა გორდონი ამ დროს სამშობლოდან შორს იყო. იგი, მეზღვაური, ინდოეთის ოკეანეში მიცურავდა. მოხდა ისე, რომ სწორედ ფინალური მატჩის რადიოტრანსლაციის დროს გორდონს კაპიტანმა რაღაც საქმე დაავალა გორდონი ნერვიულობდა და კაპიტანზე ბუზღუნებდა. ამ დროს გემზე ხმა გაისმა „გავიმარჯვეთო“! საღამოს ვახშამის დროს თავი გამოიჩინეს გემის მზარეულებმა. მათ მეზღვაურებს მიართვეს წვენი, რომელსაც „სტაილსი“ ერქვა, შემწვარი თევზი „მური“ და კომპოტი „ჩარლტონი“,
მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვება რამსეისა და ჩარლტონის უდიდესი ტრიუმფი იყო. და აი კიდევ ერთი სიხარული – ბობი აღიარეს ევროპის № I ფეხბურთელად 1966 წლისათვის, მას „ოქროს ბურთი“ გადაეცა.
1967 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომლის კაპიტანი და სულისჩამდგმელი ჩარლტონია, ინგლისის ჩემპიონი გახდა. ამას მოჰყვა ტრიუმფი „ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე, როდესაც ფინალში „ბასბის ბიჭებმა“ სასტიკად სძლიეს „ბენფიკას“. ინგლისის გუნდი პირველად გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი.
ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ ფეხბურთს ბოლო წლებში რობერტ ჩარლტონისათვის მხოლოდ ვარდები მოჰქონდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასის ფავორიტად ითვლებოდა, დამარცხდა „ესტუდიანტესთან“ (არგენტინა). და განა ინგლისელებისათვის, მსოფლიო ჩემპიონებისათვის, მარცხი არ იყო მესამე ადგილი ევროპის პირველობაზე?
1970 წელმა ინგლისელებს მეხიკოში დიდი მარცხი მოუტანა. მათ დათმეს მსოფლიო ჩემპიონობა. ჩარლტონმა ნაკრებში 106 მატჩი ითამაშა და, ამრიგად, ბილ რაიტს წაართვა მსოფლიოს რეკორდსმენობა, თუმცა ოქროს მედლების დაკარგვა დიდი ტრავმა იყო. ამიერიდან ინგლისელებს რევანშისათვის უნდა ეზრუნათ.