ქარვასლის თეატრი
ქარვასლის თეატრი – 1847-1851 წლებში არქიტექტორ ჯ. სკუდიერის პროექტითა და მისი ხელმძღვანელობით აგებული ქარვასლის თეატრი ერევნის მოედანზე — პირველი, ახალი ტიპის სათეატრო ნაგებობაა თბილისში, რომელსაც, მართალია, ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ შემორჩენილი დოკუმენტური, გრაფიკული და ფოტომასალა ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის სათეატრო შენობის როგორც არქიტექტურაზე, ისე მის შიდა გაფორმებაზე. ორიარუსიანი, ნალისებური ფორმის თეატრალური დარბაზი რვაასამდე მაყურებელს იტევდა (პარტერის სართულზე ბენუარის ლოჟებით, ასევე, ლოჟებად დაყოფილი პირველი იარუსითა და ქანდარით). კლასიკური რენესანსული ფასადების საპირისპიროდ, გ. გაგარინმა თეატრის ინტერიერი აღმოსავლურ სტილში გადაწყვიტა.
ქარვასლის თეატრი XIX საუკუნის ევროპასა და რუსეთში გავრცელებული იარუსული ტიპის თეატრია, ღრმა პერსპექტიული სცენა-კოლოფით. თეატრის ეს ტიპი ჩამოყალიბდა რენესანსული ეპოქის იტალიაში და XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით წარმოადგენდა სათეატრო არქიტექტურის თითქმის ერთადერთ სახეობას. სწორედ ამ პრინციპით, ანუ ევროპული და რუსული სათეატრო არქიტექტურის გამოცდილების გამოყენებით, აიგო ეს პირველი სათეატრო ნაგებობაც XIX საუკუნის თბილისში.