დასავლეთ ციმბირის ვაკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასავლეთ ციმბირის ვაკე – ამაზონის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი (3 მლნ კვ კმ) აკუმულაციური ვაკე-დაბლობია, რუსეთსა და ყაზახეთში, ბრტყელი, სუსტად დახრილი ზედაპირით, შეფარდებით სიმაღლეთა უმნიშვნელო რყევადობით (50-დან –300მ-მდე), რამაც განსაზღვრა განედური ზონალურობის იდეალერი სურათი.

საზღვარი ოთხივე მხარეზე ნათლად არის გამოხატული: ჩრდილოეთით ყინულოვანი ოკეანე (კარის ზღვა), სამხრეთი საზღვარი გასდევს რელიეფში ნათლად გამოხატულ ეროზიულ საფეხურს თურღაის პლატოს, ყაზახეთის წვრილგორაკების და სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლის მთისძირების გასწვრივ. დასავლეთ საზღვარს ქმნის ურალის მთისწინა ციცაბო საფეხური. ხოლო აღმოსავლეთ საზღვარს – ენისეის ხეობის მარჯვენა ციცაბო კალთა, რომლის მიღმა შუა ციმბირის ზეგანია. ვაკე მერიდიანულად გადაჭიმულია 2500 კმ-ზე, ხოლო მაქსიმალური სიგანე სამხრეთ ნაწილში 1500 კმ-ს აღწევს. ძირითაღი ნაწილი რუსეთს ეკუთენის, სამხრეთი პერიფერია – ყაზახსტანის ფარგლებშია.

რელიეფი

დასავლეთ ციმბირის ვაკე გამოირჩევა სუსტად დანაწევრებული ბრტყელი ზედაპირით, რაც განსაზღვრულია მისი ბაქნური ბუნებით. ტექტონიკურად იგი შეესატყვისება ახალგაზრდა (პალეოზოური ასაკის) ბაქანს, რომელიც დასავლეთიდან და სამხრეთიდან შემოფარგლულია პალეოზოური ლოდა-ნაოჭა სტრუქტურებით (ურალის, ალთაის, იანის და სხვა), ხოლო აღმოსავლეთიდან–ციმბირის ძველი ბაქნით. დასავლეთი ციმბირის ბაქნის ფუნდამენტს ქმნის პენეპლენიზირებული ჰერცინული ხმელეთი, რომელმაც განიცადა დიდი ამპლიტუდის დაძირვა და ხანგრძლივი დროით დაიფარა ზღვით, რის შედეგადაც წარმოიქმნა ბაქნის მეორე სართული – მეზოკაინოზოური ასაკის დანალექი ქანების ზეწარი, რომლის სისქე 500-4000მ-ის ფარგლებში მერყეობს. ბაქნის ფუნდამენტის ზედაპირი ტექტონიკური რღვევებით დანაწევრებულია სინეკლიზებად და ანტეკლიზებად. ფუნდამენტი თანამედროვე ზედაპირთან ყველაზე ახლოს (100- 200მ-ზე) მდებარეობს, ქ. კუსტანაის მიდამოებში. ზედაპირზე ფართოდ არის გავრცელებული მეოთხეულის წყებები, რომლებიც წარმოქმნილია ზღვის ბორეალური ტრანსგესიის და ეგზოგენური პროცესების (მყინვარების, ნადნობი წყლის, მდინარეების, ტბების, ქარის და სხვათა მოქმედება) მიერ. მათი ჯამური სისქე ტერიტორიულად 5-250მ ფარგლებში მერყეობს.

დიდ ნაწილზე ვაკის სიმაღლე 100მ ნაკლებია. მაქსიმალურ სიმაღლეს (200-300მ) აღწევს პერიფერიაზე და ციმბირის უვალებზე.

ვაკის ფარგლებში გამოიყოვა გიგანტური ჯამის ფორმის ორი დაჭაოჭებული ქვაბული · ჩრდილოეთით ქვემო ობის და სამხრეთით – შუა ობის, რომელთაც ჰყოფს ციმბირის უვალები. ეს უკანასკნელი გადაჭიმულია მდ. ობიდან მდ. ენისეიმდე და წარმოქმნის წყალგამყოფს, ობის მარჯვენა შენაკადებს და ყინულოვანი ოკეანის შედარებით პატარა მდინარეებს – გაზი, კაზიმი, ნაღიმი და სხვ – შორის.

შუა ობის ქვაბული ფართობით თითქმის ორჯერ აღემატება ქვემო ობის ქვაბულს. შედგება 200მ-ზე მეტი სიმაღლის ვრცელი ამაღლებებისაგან და ცალკეული დადაბლებებისაგან.

დასავლეთ ციმბირის მნიშენელოვანი რელიეფ და, მთლიანობაში, ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორია მეოთხეულის გამყინვარება, თუმცა მისი მასშტაბით იგი ჰავის კონტინენტურობის გამო აღმოსავლეთ ევროპას ვერ შეედრება. მყინვარები ეშვებოდნენ ორი მთავარი ცენტრიდან – ახალი მიწის კუნძულებიდან და პოლარული ურალიდან და ბირანგა-პუტორანის მთებიდან.

ეგზოგენური პროცესების ხასიათს უმთავრესად კლიმატური ფაქტორი განსაზღვრავს, ამიტომ მის მიერ წარმოქმნილი რელიეფის ფორმებში (მორფოსკულპტურულ რელიეფში) ნათლად არის გამოხატული განედური ზონალურობა. გეომორფოლოგი მკელევარების მიერ გამოყოფილია მორფოსკულპტურული ზონები:

1. მყინვარულ-ზღვური ფორმების ზონა ვრცელდება სანაპიროდან ციმბირის უვალების სამხრეთ საზღვრამდე (ტუნდრა. ტყეტუნდრა და ჩრდილოეთი ტაიგა) მის ფარგლებში თანამედროვე რელიეფწარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს მკაცრი ჰავის, მრავალწლიანი მზრალობის და ძლიერი დაჭაობების პირობებში.

2. მყინვარული და ფლუეიოგლაციური ფორმების, ტბიურ-მყინვარული ვაკეების და თანამედროვე ეროზიულ-აკუმულაციური პროცესების ზონა. იგი ვრცელდება პირველი ზონიდან სამხრეთით მეოთხეულის მაქსიმალური გამყინვარების სამხრეთ საზღვრამდე (შუა ტაიგის ქვეზონა).

3. ეროზიულ და აკუმულაციურ ვაკეთა ზონა (სამხრეთ ტაიგა და ნაწილობრივ ტყესტეპები). მის ფარგლებში განვითარებულია ხაზობრივი ეროზია.

4. სტრუქტურულ-დენუდაციური პლატოების და ვაკეთა ზონა (ტყესტეპები და სტეპები). სუფოზიურ-კარსტული, ეროზიული და დეფლაციური (ქარისმიერი) პროცესებით.

დასავლეთ ციმბირის ვაკე მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეულით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი მარაგი. ასევე მდიდარია ქვანახშირით, ბოქსიტებით, სხვადასხვა მარილებით, გამოფიტვის ძველ ქერქთან დაკავშირებულია რკინის მადანი, ვაკის ფარგლებში კონცენტრირებულია ტორფის უდიდესი მარაგი. რეგიონის ტერიტორია მდიდარია წყლის, ტყისა და მიწის რესურსებით, ძვირფასბეწვიანი ნადირით.

ჰავა

დასავლეთ ციმბირის კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია:

1. გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ძირითადი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, ჩრდილოეთი მხარე – სუბარქტიკულში და არქტიკულში. მას გარდამავალი მდებარეობა უკავია ზომიერად კონტინენტურ აღმოსავლეთ ევროპასა და მკვეთრად კონტინენტურ ციმბირს შორის.

2. ატმოსფეროს მოქმედების ცენტრების (აზიის ანტიკლინის და შუა აზიისა და კარის ზღვის დაბალი წნევის ოლქების) გავლენა განსაზღვრავს ციკლონური (სუსტად გამოხატული) და ანტიციკლონური ამინდების ჩამოყალიბებას.

3. ვაკე რელიეფი ხელს უწყობს ჰაერის მასების (ჩრდ-დან არ- ქტიკული, ხოლო სამხ.-დან კონტინენტური ტროპიკული) მერიდიანულ ცირკულაციას.

4. მნიშენელოვანი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია ქვეფენილი ზედაპირის ფიზიკური ხასიათი: ტენიანობის მაღალი მაჩვენებელი, ძლიერი დაჭაობება მრავალრიცხოვანი ტბებით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელ რიგ მეტეოროლოგიურ პროცესებზე.

ვაკის ძირითად ნაწილზე ჰავა კონტინენტურია, ხანგრძლივი და ყინვიანი ზამთრით და შედარებით ხანმოკლე (განსაკუთრებით ჩრდილოეთში) გრილი (სამხრეთში თბილი, ზოგან ქვაბულებში ზომიერად ცხელიც) ზაფხულით. ჰავის სიმკაცრე სამხრეთ- დასავლეთიდან ჩრდილო- აღმოსავლეთისაკენ მატულობს. სამხრეთ-დასავლეთს კვეთს იანვრის –15° იზოთერმი, ხოლო ჩრღილო- აღმოსავლეთს –30°. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი მინუს 45-54° ფარგლებში იცვლება. ზამთრის ტემპერატურა ვაკის დასავლეთ მხარეზე 10-ით მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ მხარეში, რაც გამოწვეულია დასავლეთში დასავლეთის ჰაერის მასების, ხოლო აღმოსავლეთში აზიის (ციმბირის) ანტიციკლონის გავლენით. დამახასიათებელია თოვლის ხანგრძლივი საბურველი, რომელიც ჩრდილოეთში ოქტომბრის დასაწყისიდან ივნისის დამლევამდე არსებობს (240-260 დღე), ხოლო სამხრეთში ნოემბრიდან აპრილის დამლევამდე.

ზაფხულში ვაკეზე მიმდებარე ოკეანესთან შედარებით მყარდება დაბალი წნევა, იგი იწოვს არქტიკულ ჰაერს, რომელიც სამხრეთის მიმართულებით ტრანსფორმაციას განიცდის. კიდევ უფრო ინტენსიურია დასავლეთი ჰაერის ტრანსფორმაციის პროცესი, რის შედეგადაც რეგიონის ტერიტორიაზე ყალიბდება კონტინენტური ჰაერი.

ზაფხული უკიდურეს ჩრდილოეთში ხანმოკლე და გრილია. მას კვეთს ივლისის +5°-იანი იზოთერმი, ხოლო უკიდურეს სამხრეთში თბილი (20°), სტეპურ ქვაბულებში ზომიერად ცხელიცაა. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი ჩრდილოეთში 27°, ხოლო სამხრეთში 41° აღწევს.

ატმოსფერული ნალექების განაწილება განისაზღვრება ციკლონური პროცესებით და მაქსიმუმს (400-500მმ) აღწევს შუა განედებში მისგან ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ მისი რაოდენობა თანდათან კლებულობს 200-250მ-მდე. ნალექების მაქსიმუმი ყველგან თბილ პერიოდზე მოდის.

შიდა წყლები

დასავლეთ ციმბირის ვაკე განეკუთვნება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზს. ვაკე რელიეფი, მცირე აორთქლება და მრავალწლიანი მზრალობა ნალექების სიმცირის პირობებშიც განსაზღვრავს ზედაპირული წყლების სიუხვეს. მდინარეთა ქსელი ხშირი და უხვწყლიანია, უამრავი მცირე ფართობის ტბებია, მდიდარია მიწისქვეშა (არტეზიული) წყლებით, მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა ჭაობების ყველაზე ფართო გავრცელებით. ვაკის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ობის აუზშია. აღმოსავლეთ საზღვარზე გაედინება ენისეი, რომელიც წლიური ჩამონადენით (600კმ3) აზიაში მხოლოდ განგს (ბრაჰმაპუტრით) და იანძს ჩამოუვარდება. მდ. ობს (ირტიშით) სიგრძითაც და აუზის ფართობითაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მხოლოდ მისისიპი აღემატება. ყინულოვანი ოკეანის სხვა მდინარეთაგან ყველაზე დიდია ტაზი. ირტიშის მრავალრიცხოვან შენაკადებიდან სიგრძით და წყლიანობით გამოირჩევა იშიმი და ტობოლი. მდინარეები ვაკის ტიპისაა (გამონაკლისია ობის, ირტიშის და ტობოლის სათავეები) და ხასიათდებიან კალაპოტის ძლიერ მცირე დახრით. მდინარეთა საზრდოობაში მთავარ როლს ასრულებს თოვლის ნადნობი წყალი, რის გამოც წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, მაგრამ ვინაიდან მთავარი მდინარეები მერიდიანული მიმართულებით რამდენიმე კლიმატურ სარტყელს და ბუნებრივ ზონას კვეთენ, წყალდიდობის დაწყების და დამთავრების თარიღები ზემო და ქვემო დინებებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ზამთარში მდინარეები იყინებიან, პატარები – ფსკერამდე, მერიდიანული მიმართულებით გაყინვის და მასთან დაკავშირებით სანავიგაციო პერიოდის ხანგრძლივობა მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება.

ძალიან დიდია მდინარეების პიდროენერგეტიკული, სატრანსპორტო და სარეწაო მნიშენელობა.

მეოთხეულის წინა პერიოდში ეროზიის ბაზისი 300-400მ-ით დაბლა მდებარეობდა, ვიდრე ამჟამად. ობის, ენისეის და სხვა მნიშვნელოვანი მდინარის პალეო ხეობები ჩრდილოეთში ამოვსებულია ზღვიური წყებებით, ხოლო სამხრეთში ალუვიურით და ტბიურით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები