ყირიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 26 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყირიმი – (უკრ. Кри́мський піво́стрів), ნახევარკუნძული სამხრეთ უკრაინაში. ფართობი 27 000 კმ².

ყირიმის ნახევარკუნძულს დასავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს შავი ზღვა, აღმოსავლეთიდან – აზოვის ზღვა, ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ევროპის ვაკეს უკავშირდება პერეკოპის ვიწრო (8 კმ-მდე) ყელით, რომელზეც გაჭრილია არხი. აღმოსავლეთით მკვეთრად დავიწროებული შვერილი წარმოქმნის ქერჩის ნახევარკუნძულს, რომელიც ტამანის ნახევარკუნძულისაგან (კავკასიონის ჩრდილო-დასავლეთი დაბოლოება) გამოყოფილია შავი და აზოვის ზღვების დამაკავეშირებელი ქერჩის სრუტით. დასავლეთი შვერილი წარმოქმნის თარხანკუთის ნახევარკუნძულს.

აზოვის ზღვის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ წარმოქმნილია პატარა ყურეების სისტემა – სივაშის ყურე, რომელიც ზღვისაგან გამოყოფილია ქვიშიანი ცელათი, რაც ცნობილია არბატის ისრის სახელწოდებით. ყურის სანაპირო ძლიერ დანაწევრებულია, მისი წყალი ძლიერ მლაშეა, რისთვისაც დამპალ ზღვასაც უწოდებენ.

ყირიმის ბუნების (განსაკუთრებით ორგანული) ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს მისი გეოგრაფიული მდებარეობა ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების მიჯნაზე, თბილწყლიან შავი ზღვის აუზში და გეოლოგიური დროის ბოლო მონაკვეთზე თითქმის კუნძულოვანი განვითარება.

რელიეფის და მისგან გამომდინარე ბუნების სხვა ნიშნების და მთლიანად ლანდშაფტის ხასიათის მიხედვით ყირიმის ფარგლებში გამოიყოფა ორი მკვეთრად განსხვავებული ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქი – ვაკე ყირიმი და მთიანი ყირიმი.

სარჩევი

ვაკე ყირიმი

ვაკე ყირიმს უკავია ყირიმის ნახევარკუნძულის ძირითადი, შუა და ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც გაბატონებულია სტეპური ლანდშაფტი, რის გამოც სტეპური ყირიმის სახელწოდებითაც არის ცნობილი. იგი წარმოადგენს სუსტად დანაწევრებულ, ბრტყელი ზედაპირის მქონე ვაკეს, რომლის ფარგლებშიც კრისტალური ქანებით აგებულ პალეოზოურ ნაოჭა სტრუქტურებს გადახურავს მნიშვნელოვანი სისქის მეზო-კაინოზოური ზღვიური დანალექი წყებები და მეოთხეული ასაკის კონტინენტური ნაფენები. ვაკე მაქსიმალურ სიმაღლეს (179 მ) აღწევს თარხანკუთის ნახევარკუნძულზე, რომლის ზედაპირი ტალღოვანია და სანაპირო ალაგ-ალაგ ქარაფოვანი (50 მ-მდე სიმაღლის). ცალკეული დადაბლებები მის ფარგლებში უკავია მლაშე ტბებს.

სტეპური ყირიმის ჰავა ზომიერად კონტინენტურია, შედარებით რბილი და ზომიერად ყინვიანი (პლუს 1, მინუს 29°) ზამთრით და თბილი და ზომიერად ცხელი (საშუალოდ პლუს 24°) ზაფხულით. ნალექების წლიური რაოდენობა ტერიტორიულად 500-300 მმ ფარგლებში იცვლება. მისი უმეტესი ნაწილი, სამხრეთ სანაპიროსაგან განსხვავებით, ზაფხულში მოდის, მხოლოდ პერიოდის მეორე ნახევარში იცის გვალვები. ჰავა და ნაწილობრივ რელიეფიც არ არის ხელსაყრელი ზედაპირული ჩამონადენის წარმოსაქმნელად, მთავარი მდინარეები სათავეს იღებენ ყირიმის მთების მთავარი წყალგამყოფიდან (იაილას მთავარი სერიდან), იკვებებიან წვიმის და თოვლის ნადნობი წყლებით და კარსტული წყაროებით. გვალვიან პერიოდში მდინარეები ძლიერ წყალმარჩხდებიან და უმეტესობა ზღვამდე ვერ აღწევს. ყველაზე დიდია მდინარე სალგორი (232 კმ), რომელიც გამოედინება ყირიმის მთების მთავარი სერიდან (იაილა) და ჩაედინება სივაშის ყურეში. ქალაქ სიმფეროპოლის მახლობლად მდინარეზე შექმნილია წყალსაცავი, რომლის მთავარი დანიშნულებაა მოსახლეობის წყალმომარაგება და სარწყავად გამოყენება. ბუნებრივ პირობებში ვაკე ყირიმი თითქმის მთლიანად სტეპურ ლანდშაფტს ეკავა, წაბლა და შავმიწა ნიადაგებით. სივაშის ყურის სანაპიროზე განვითარებულია ბიცობი ნიადაგები და მლაშობები.

თანამედროვე სტეპური ყირიმი თითქმის მთლიანად გადახნულია და სტეპური მცენარეულობა შემორჩენილია მხოლოდ აქა-იქ ბორცვების ფერდობებზე და გზების გაყოლებით. ყველაზე არიდულ სსივაშისპირეთში დომინირებს მშრალი სტეპი (ვაციწვერიან-წივანიან-აბზინ- დიანი), რომელიც ალაგ-ალაგ იცვლება ნახევარუდაბნოს ლანდშაფტით (ჩარანიან-აბზინდიანი).

სივაშის სანაპიროზე წყლის მიერ გამოტანილი ზოგიერთი წყალ- მცენარის ლპობის შედეგად წარმოიშობა გოგირდწყალბადი. მასთან არის დაკავშირებული მყრალი სუნი, რის გამოც სივაშის ყურეს უწოდებენ დამპალ (მყრალ) ზღვას.

სტეპური ყირიმის ფაუნა უმთავრესად იმავე ბინადრებისაგან შედგება, რაც რუსეთის ვაკის სტეპებშია გავრცელებული.

მთიანი ყირიმი

მთიან ყირიმს უკავია ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი. მთები გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, 50 კმ სიგანით, ასიმეტრიულია, შედარებით დამრეცი ჩრდილოეთი და ციცაბო სამხრეთი კალთებით. მთები უმთავრესად დაბალმთიანია (უმაღლესი მწვერვალი რომანყოში (545 მ). შედგება მთავარი სერისაგან – იაილისაგან, რომლისაგან ჩრდილოეთით ოროგრაფიულად ნათლად არის გამოხატული ორი მეწინავე კუესტური სერი (350-დან 750-მდე სიმაღლის). იაილის დასავლეთი ნაწილი შედგება ცალკეული პლატოსმაგვარი მწვერვალებისაგან (აი-პეტრის, იალტის, ნიკიტის, ბაბუგან-ზილა, რომელზეც აღიმართება უმაღლესი მწვერვალი და სხვ). იაილის აღმოსავლეთი ნაწილი შედარებით უფრო დანაწევრებულია იზოლირებულ პლატოსებრ მასივებად – ჩათირ-დაღი, დემერჯი-იაილა, დოლგორუკოვის იაილა და სხვ.

იაილების პლატოსმაგვარი თხემური ზედაპირები უმთავრესად კირქვებით არის აგებული, რასთანაც დაკავშირებულია კარსტული რელიეფის სრული სპექტრი, როგორც შიშველი, ანუ ხმელთაშუა ზღვის ტიპის კარსტი (კარები, ძაბრები, ქვაბულები, დუბეები, პონორები (ხვრელები), ნაპრალები და სხვა), ისე დახურული კარსტი (მღვიმეები ნაღვენთი ფორმებით, რომელთა ფსკერზეც თოვლი და ყინულია და სხვა). იაილების კირქვიანი პლატოების კიდეები დანაწევრებულია ტექტონიკურ ნაპრალებში გამომუშავებული ეფექტური კანიონებით, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ყირიმის დიდი კანიონი აიპეტრის იაილიდან ჩრდილოეთით მდინარე ბელბეკის სათავეებში. იაილების ზედაპირულ ჩამონადენს მოკლებული დაკარსტული ზედაპირების ფონზე მკვეთრად კონტრასტულია ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპიროს ტიპური ეროზიული რელიეფი, რომელთანაც შერწყმულია ვულკანური, კერძოდ, ინტრუზიული ფორმები – ლაკოლითები.

იაილის ჩრდილოეთი კალთის ორი კუესტური სერი ერთმანეთისაგან გამოყოფილია განიერი დადაბლებით, რომელზეც გაყვანილია სიმფეროპოლ-ბახჩისარაი-სევასტოპოლის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

ქერჩის ნახევარკუნძული წარმოადგენს ბორცვიან ვაკეს ინვერსიული რელიეფით. დამახასიათებელია ტალახის ვულკანები.

ყირიმის მთების კალთებზე ჰავის პირობები და მთლიანად ლანდშაფტები (ბუნებრივი ზონები) იცვლება სიმაღლის მიხედვით, მხოლოდ სიმაღლითი ზონების სტრუქტურა, მთების სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე იაილის კლიმატურ ბარიერულ ფაქტორთან დაკავშირებით, განსხვავებულია. მთელი ყირიმის მასშტაბით ყველაზე უფრო გამორჩეულია ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო ზონა, საშუალოდ 300 მ სიმაღლემდე, სადაც ჰავა სუბტროპიკულ-ხმელთაშუა-ზღვიურია, თბილი (დაახლოებით +4°) და წვიმიანი ზამთრით, ზომიერად ცხელი (დაახლოებით +24°) და გვალვიანი ზაფხულით. ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 600 მმ. დამახასიათებელია ბრიზები, რომელიც ზაფხულის სიცხეს (დღისით) მნიშვნელოვნად არბილებს და მაღლა სწევს ფარდობით ტენიანობას. საპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი იაილიდან დაშვებული ფიონის გავლენით, როცა ნახევარ საათში ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება აიწიოს 10°-ით და მკვეთრად დაეცეს ფარდობითი ტენიანობა.

სამხრეთ სანაპიროს მდინარეები მცირე სიგრძისაა და ხასიათდებიან ხმელთაშუა, ზღვიური რეჟიმით. უმთავრესად საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ზოგიერთი მდინარის ხეობაში წარმოიქმნება დამანგრეველი ძალის ღვარცოფული ნაკადი.

ლანდშაფტი

ლანდშაფტი სამხრეთ სანაპიროზე ხმელთაშუაზღვიურია, ფლორისტულად მდიდარი, საშუალოდ 300 მ-მდე გავრცელებულია ქსეროფიტული დაბალტანიანი მუხრან-ღვიანი ტყე მარადმწვანე და ფოთოლცვენია ბუჩქნარით და ნაირგვარი ბალახეულობით ყავისფერ ნიადაგებზე. ტყეშემქმნელი ჯიშებიდან აღსანიშნავია ხემაგვარი ღვია, ბუსუსიანი მუხა, ფსტა, მარადმწვანე მარწყვის ხე, საკმელი; ხვიარებიდან სურო და ფოთოლცვენია კატაბარდა. ბუჩქნარი შიბლიაკის ტიპისაა (ბუსუსიანი მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვა) აღმოსავლეთისკენ.

სიმშრალე მატულობს, მარადმწვანე ხემცენარეები ქრება და ტყეს მთლიანად ცვლის ქსეროფიტული ბუჩქნარი (შიბლიაკის ფორმაცია).ზოოგეოგრაფიულად ყირიმის სამხრეთი მთიანი ნაწილი განეკუთვნება ხმელთაშუაზღვიურ ქვეოლექს.

ყირიმის სამხრეთი სანაპიროს ველური ბუნება ძლიერ სახეშეცვლილია. უმეტესი ნაწილი უკავია ვენახებს, ბაღებს, თამბაქოს პლანტაციებს, პარკებს. იგი მსოფლიო მნიშვნელობის საკურორტო ზონაა.

სიმაღლით ჰავა უფრო გრილი და ტენიანი ხდება, მუხნარ-ღვიიან ტყეს ცვლის ფართოფოთლოვანი ტყეები მუხის სიჭარბით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე (საშუალოდ 900 მ-მდე).

მთის ტყის ზედა სარტყელში ჭარბობს წიფლნარი, რომელშიც გარეულია რცხილა, ნეკერჩხალი, წიწვიანებიდან ფიჭვი. იაილის პლატოზე ზაფხული გრილია (დაახლოებით 1200 მ სიმაღლეზე ივლისის საშუალო ტემპერატურა +15,7°), ზამთარი ზომიერად ყინვიანი (დაახლოებით – 4°, აღმოსავლეთისკენ კი უფრო დაბალი). ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კლებულობს 1000-1200-დან 510-700 მმ-მდე. მეტი ნაწილი ზამთარში მოდის, თოვლის სახით. იაილის დაკარსტული თხემური ნაწილი ტყეებს მოკლებულია. დამახასიათებელია მთის მდელო-სტეპური და ღვიიანი ფორმაცია მთა-მდელოს შავმიწისმაგვარ ნიადაგებზე. აღმოსავლეთ კარსტულ პლატოზე დომინირებს სტეპური (მთის) ელემენტები.

იაილის ჩრდილოეთი კალთა, ანალოგიურად სამხრეთისა, ტყიანია, შუა სარტყელში (საშუალოდ 300-650 მ-მდე) ჭარბობს მუხნარი, ზედა ნაწილში (სარტყელში) – წიფლნარ-რცხილნარი ტყე ყომრალ ნიადაგებზე. მთისძირებისაკენ ექსპოზიციის ფაქტორით განსაზღვრული კონტრასტები მატულობს და ყირიმის სამხრეთ სანაპიროს ხმელთაშუაზღვიურ ლანდშაფტს იაილის ჩრდილო კალთის მთისწინეთში ცვლის ტყესტეპური ლანდშაფტი, სადაც ქსეროფიტულ ბუჩქებთან (მუხის, ჯაგრცხილას, ძეძვისა და სხვა) მორიგეობს სტეპის ბალახები. ჩრდილოეთ კალთის მთის ტყის ცხოველთა სამყარო უფრო მდიდარია (კეთილშობილი ირემი, მაჩვი, მელა და სხვა); მდიდარია ფრინველთა ფაუნა.

ქერჩის ნახევარკუნძულზე მშრალი (400-300 მმ და უფრო ნაკლები) ჰავის პირობებში განვითარებულია სტეპური ლანდშაფტი, შავმიწა და წაბლა, ხშირად დამლაშებული ნიადაგებით.

ბუნებრივი რესურსები

ბუნებრივი რესურსებით ყირიმი მდიდარია. მინერალური რესურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ქერჩის რკინის მადანი. მის წიაღში არის ნავთობი და ბუნებრივი აირი. რეგიონი მდიდარია ნიადაგ-კლიმატური რესურსებით. იგი მარცვლეულის მსხვილი მწარმოებელია. დიდი ადგილი უკავია ბაღებსა და ვენახებს. სამხრეთ სანაპიროზე კლიმატური პირობები ხელსაყრელია მიწათმოქმედების სუბტროპიკული დარგებისა და საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის. იგი უკრაინის ჯანმრთელობის მთავარი კერაა. ჰავის გარდა, საამისოდ ხელსაყრელია მინერალური წყაროები და სამკურნალო ვულკანური ტალახი, შავი და აზოვის ზღვები მდიდარია სარეწაო თევზით.


წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები