მთის გრატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთის გრატა

მთის გრატა (ლათ. Emberiza cia Linnaeus, 1766) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მთის გრატა ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 80-90 მმ-ია, კუდი 75-85 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა 20-30 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს ზაფხულში თავი ზემოდან რუხი აქვს, მაგრამ თხემის გვერდებზე ფართო შავი ზოლებია. გარდა ამისა, თავის ყოველ მხარეს ნისკარტის ძირში ორი შავი ან მოყავისფრო ზოლი იწყება. ერთი მათგანი გაივლის თვალის გასწვრივ, შემოუვლის ყურის მფარავებს და უერთდება ყელის გვერდებზე გამავალ მეორე ზოლს. ზურგისა და მხრების ბუმბულები მოჟანგისფრო-მურაა, მუქი ღერძულა ლაქებით; წელი და კუდზედა ბუმბულები მოჟანგისფრო-ქარცია; ფრთის პატარა მფარავები რუხია, ხოლო დიდი და საშუალო მფარავები–მუქი მურა, ღია ფერის არშიებით გარეთა მარაოებზე. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოწაბლისფრო-შავია, ვიწრო თეთრი არშიებით და საჭის კიდურა ორ წყვილზე დიდი თეთრი სოლისებური ლაქებით. ნიკაპი, ყელი, ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი რუხია; მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები ღია მოჟანგისფრო-ქარცი. ნისკარტი მუქი მურაა, ფეხები – ღია მურა. დედალი საერთო იერით მამლის მსგავსია, მაგრამ უფრო მკრთალი შეფერილობისაა.

აღწერილია 14 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური მთის გრატა – E. c. prageri Laubmann, 1915.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთი ევროპის, ჩრდილოეთი აფრიკის, მცირე, წინა, შუა და ცენტრალური აზიის მთებს. გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი ასეთია: პორტუგალია, სამხრეთი საფრანგეთი, იუგოსლავია, ყირიმი, კავკასია, შუა აზიის, ალტაისა და საიანის მთები. სამხრეთით მოიცავს ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, მცირე აზიას, სირიას, პალესტინას, ირანს, ავღანეთს, პაკისტანს, ჰიმალაისა და ჩინეთის მთებს, მანჯურიამდე. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში – მობინადრე. საქართველოში, შესაფერის ბიოტოპში, მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მთის ძირებიდან ალპურ ზონამდე, მეტწილად ბუჩქნარიან კლდოვან ან ქვა-ღორღიან ადგილებში, ზოგჯერ მეჩხერ ბუჩქნარიან მინდვრებშიც მთის ფერდობებზე.

გამრავლება

ბუდობს მიწაზე დიდი ლოდების, ბუჩქების ან ბალახების ძირში, ზოგჯერ – კლდის ნაპრალებში, შენობების კედლებში ან სახურავის ქვეშ. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი გამრავლება მიმდინარეობს აპრილის ბოლო რიცხვებიდან და მაისში, ხოლო მეორე – ივნისსა და ივლისში. დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღემდე გრძელდება.

კვება

მთის გრატას ძირითადი საკვებია ველურ მცენარეთა, მეტწილად ბალახების თესლები, განსაკუთრებით შემოდგომითა და ზამთარში. ზაფხულში, ბარტყების გამოკვების პერიოდში, მრავლად კენკავს მწერებსაც.

მნიშვნელობა

სარეველა მცენარეთა თესლებისა და მწერების მასობრივად განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები