ალპური მაღრანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალპური მაღრანი

ალპური მაღრანი (ლათ. Pyrrhocorax graculus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ალპური მაღრანი წითელნისკარტა მაღრანზე რამდენადმე პატარაა, ფრთა 250-290 მმ-ია, კუდი – 150-185 მმ, ნისკარტი – 26-32 მმ, წონა – 195-250 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი მთლიანად შავია, მომწვანო მეტალური ელვარებით. ადვილად გამოიცნობა ღია ლიმონისფერ-ყვითელი ნისკარტითა და მოყვითალო-წითელი ფეხებით. ბრჭყალები შავია.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ალპური მაღრანი – P. g. graculus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს. მოიპოვება მაროკოში, პირენეისა და სამხრეთ ევროპის მთებში, მცირე აზიაში. კავკასიასა და ირანში, შუა აზიაში, ალტაიზე, ტიბეტსა და ჰიმალაიზე. ყველგან მობინადრე ფრინველია. საქართველოში მოიპოვება მეტწილად მთავარ კავკასიონზე, უფრო ცოტაა მცირე კავკასიონზე.

ბიოტოპი

ბინადრობს ალპურ მდელოებზე, უფრო მაღლა, ვიდრე წითელნისკარტა მაღრანი, ზოგჯერ ამ ფრინველთან ერთად. ეტანება კლდოვან ადგილებს ალპური ველების ზონაში

გამრავლება

ბუდობს პატარა კოლონიებად. ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებში, გამოქვაბულში, დიდი ლოდების ქვეშ. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს მეტწილად 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 18 დღემდე გრძელდება.

კვება

ალპური მაღრანის ძირითადი საკვებია ნაირგვარი უხერხემლო ცხოველები, მეტწილად მწერები და მათი ლარვები. როცა საკვების მოსაპოვებლად ზოგჯერ ეშვება ზემო, ტანბრეცილი ტყის ზონაში, ჭამს ზოგიერთი მცენარის თესლებს და ნაყოფებს, მათ შორის ცირცელის კენკრას.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები