ანციო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ანციო

ანციო (ანზიო) – (ინგლ. Antsio, Anzio; რუს. Анцио, Анзио), ღვისპირა კლიმატური კურორტი იტალიაში, რომის პროვინცია ლაციოს ოლქში, ქ. რომიდან 40 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს ტირენის ზღვის ნაპირზე. შედის რომის რივიერის კურორტთა ჯგუფში. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°C. ზაფხული მშრალია და ცხელი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 30°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 480 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე, მინიმუმი – ზაფხულზე.

ანციოს და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია: ციტრუსების პლანტაციებით, ზეთისხილის, ნუშის, ბროწეულისა და ლეღვის ხეებით. გვხვდება აგრეთვე: პალმები, იტალიური ფიჭვი (პინია), ქვამუხისა და კორპის მუხის ნარგავები და სხვ.

ანციოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ანციოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ანციოში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ანციოსა და მის მიდამოებში (ძველი რომაული ვილების, თერმებისა და ამფითეატრების (ძვ.წ. II-ახ.წ. II საუკუნეები) ნანგრევები; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აპენინის ნახევარკუნძულის განთავისუფლებისას დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა სასაფლაო და მემორიალი; თერმების მუზეუმი და სხვ.); XVII საუკუნის სამხედრო და არქეოლოგიური მუზეუმები სოფელ ვილია ადელეში; შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქ. ნეტუნოში; ბუნებრივი ნაკრძალი „ტორ კალდარა“ ანციოსთან გოგირდწყალბადის წყაროებით და XVI საუკუნის კოშკით; კარსტული გამოქვაბულები (გროტა დელ კაპრე, გროტა დელ იმპიზო, გროტა დელ ფოსელონე და გროტა ბრეილი) კაპო ჩირჩეოს კონცხზე;
ქ. რომში (ავრელიანეს ძველი რომაული კედლის (III საუკუნე) ნაშთები; ფორუმის (ძვ.წ. VI საუკუნე) და კოლოსეუმის (ახ.წ. 75-80 წლები) ფრაგმენტები; სან-სებასტიანოს კატაკომბები (I-II საუკუნეები); კონსტანტინეს თაღი (IV საუკუნე); პანთეონი (II საუკუნე); დიოკლეტიანეს თერმები (306 წელი), სადაც ახლა მდებარეობს რომის ეროვნული მუზეუმი; რომაულ-კათოლიკური ბაზილიკები – სან-ჯოვანი ინ ლატერანო (311-314 წლები), სან-ლორენცო ფუორი ლე მურა (330 წელი), სანტა-მარია მაჯორე (IV საუკუნე) და სხვ.; რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – სანტა-ჯოვანი ე პაოლო (V საუკუნე), სან-სტეფანო როტონდო (VI საუკუნე), სანტა-მარია სოპრა მინერვა (XIII-XV საუკუნეები), ილ ჯეზუ (1568-1684 წლები) და სხვ.; წმიდა პეტრეს ტაძარი (1506-1614 წლები); სასახლეები – ფარნეზეს პალაცო (XVI საუკუნე), კანჩელერიას პალაცო (XVI საუკუნე) და სხვ.; სიქსტეს კაპელა (1473-1483 წლები); მუზეუმები – რომის ეროვნული, ვილაჯულიას, ლუიჯი პიგორინის ეთნოგრაფიისა და წინაისტორიული პერიოდის, ბაროკოს, რომაული ცივილიზაციის, აღმოსავლური ხელოვნების ეროვნული, ვატიკანის, რომის კაპიტოლიუმის და სხვ,; ანტიკური ხელოვნების გალერეა; თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა და სხვ.); პაპის რეზიდენცია – ლატერანი და ვატიკანი.

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები