აქ-ქაინი
აქ-ქაინი – (ინგლ. Aq-Qain, რუს. Ак-Каин), ბალნეო-პელოიდო-კლიმატური საკურორტო ადგილი ყაზახეთში, ალმათის ოლქში, ქ. ალმათის სამხრეთ მიდამოებში, დაბა კამენოე პლატოზე. მდებარეობს იმიერილის ალათაუს ქედის ჩრდილო მთისწინეთში, ზღვის დონიდან 1450 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4°С. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°С. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 800 მმ-ს.
აქ-ქაინისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია: ვენახებით, ვაშლისა და ჭერმის ბაღებით. გვხვდება აგრეთვე: არყის ხეების კორომები; კოწახურის, მაყვლისა და ჟოლოს ბარდები.
აქ-ქაინის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მაღალი მინერალიზაციის (M-15,2 გ/დმ3) ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც შეიცავს იოდისა და ბრომის იონებს, აზოტსა და კაჟმჟავას (მოიპოვება ქ. ალმათის ჩრდილო-აღმოსავლეთის გარეუბანში); დაბალი მინერალიზაციის (M- 6,2 გ/დმ3) ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი (მოიპოვება ქ. ალმათის სამხრეთ-დასავლეთის გარეუბანში); ტუზ-ქოლის ტბის ლამის სულფიდური ტალახი; საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
აქ-ქაინში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლების პერორალური მიღება (დალევა) და აბაზანები; გამორეცხვები, ინჰალაციები და შესხურებები აღნიშნული წყლებით; სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აქ-ქაინში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები; ცხვირისა და ყელის, პირის ღრუს, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები.
ტურისტული ობიექტები:
აქ-ქაინის მიდამოებში ქ. ალმათში (მეჩეთები – ცენტრალური „ნურასტანა“ (1993-1999 წლები), სატაძრო (2007-2010 წლები), ალმათის უნივერსიტეტის (2008-2009 წლები) და სხვ; ყაზახურ-ეგვიპტური ისლამური უნივერსიტეტი (2004 წელი);
ეკლესიები – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (1907 წელი); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ყაზანის ხატის სახელობის (1889-1898 წლები), მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1904 წელი), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის სახელობის (1993-1997 წლები) და სხვ.;
ზღვისპირა სტაროვერების ეკლესია (XIX საუკუნის 90-იანი წლები); ყოვლადქებულთა, თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია; ყოვლადწმიდა სამების სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XX საუკუნის 90-იანი წლები); სომხური სამოციქულო ეკლესია (სურბ ხაჩი) (XX საუკუნის 90-იანი წლები) და სხვ.;
მუზეუმები – ყაზახეთის ცენტრალური სახელმწიფო, წიგნის, ი. კოლასის სახ. ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების, ოქროსა და ძვირფასი ლითონების, ა. კასტეევის სახ. სახვითი ხელოვნების რესპუბლიკური, ალმათის რკინიგზის და სხვ.;
გალერეები – თენგრი უმაი, ოიუ, ულარი, უმაი და სხვ.; სოროსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი; ზოოპარკი; ბოტანიკური ბაღი; ჩანჩქერები და სხვ.);
ქ. ალმათის მიდამოებში (სპორტკომპლექსი „მედეო“; ილე-ალათაუს სახელმწიფო ნაციონალური პარკი; სახელმწიფო ნაციონალური ბუნებრივი პარკი „კოლსაის ტბები“; მთა ქოქ-თობე; ჩარინის კანიონი და სხვ.).