ეუსებიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეუზებიუ და სილვა ფერეირა (პორტ. Eusébio da Silva Ferreira; დ. 1942 — გ. 2014) — მოზამბიკური წარმოშობის პორტუგალიელი ფეხბურთელი.

ეუსებიო პორტუგალიის კოლონია მოზამბიკის მთავარ ქალაქში ლოურენსუ-მარკიში დაიბადა. ოჯახის მამა გარდაიცვალა, როდესაც ეუსებიო და სილვა ფერეირა ოთხი წლისა იყო. უჭირდათ, ძალიან უჭირდათ როგორც ეუსებიო იგონებს, მას პირველად მაშინ მიაქციეს ყურადღება, როდესაც სკოლის გუნდში გამოიჩინა თავი. ბავშვების მატჩებს დიდძალი მაყურებელი ესწრებოდა. პატარა ეუსებიოს ბადალი არა ჰყავდა როდესაც იგი 16 წლის გახდა, მისი ცხოვრება აშკარად გაუმჯობესდა. შემოფლეთილი ტანისამოსი სუფთა კოსტიუმმა შეცვალა. ახლა მას კარგად კვებავდნენ და უკეთესადაც ასწავლიდნენ. ყველაფერ ამას ეუსებიო ფეხბურთს უმადლიდა.

სარჩევი

საფეხბურთო კლუბი „სპორტინგი“

მოზამბიკაში არაერთი ჩინებული ფეხბურთელი დაწინაურდა. კოლუნა, კოსტა პერეირა, კავემი, მატატეუ და ვისენტე პორტუგალიის სხვადასხვა კლუბებში თამაშობდნენ. მოზამბიკელებისაგან ჩინებული ნაკრები შედგებოდა და შეიძლება ამ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატშიც ესახელებინა თავი, დამოუკიდებლობა რომ ჰქონოდა.

ეუსებიოს მეზობელი იყო ცნობილი ფეხბურთელი ჰილარიო. იგი ლოურენსუ-მარკიშის კლუბ „სპორტინგში“ თამაშობდა. ამ გუნდს კი მფარველობას პორტუგალიის არაერთგზის ჩემპიონი „სპორტინგი“ უწევდა. 16 წლის ეუსებიო ჰილარიოს დახმარებით ლოურენსუ-მარკიშის „სპორტინგში“ აღმოჩნდა. მას არასოდეს დაავიწყდება პირველი გამოსვლა ამ კლუბში. „სპორტინგმა“ მოუგო „იუვენტუდეს“ 3:1. სამივე გოლი გაიტანა.. ეუსებიომ!

ლისაბონის „ბენფიკა“

გავიდა კიდევ ორი წელი. მოზამბიკს ბრაზილიის განთქმული „სანტოსი“ ეწვია. ეუსებიომ სახელოვანი სამხრეთ ამირიკელი ვირტუოზების წინააღმდეგ ისეთი ოსტატობით ითამაშა, რომ ყველა განცვიფრებაში მოიყვანა. ერთმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ამ მატჩს ესწრებოდა, ლისაბონის „ბენფიკას“ მწვრთნელ ბელა გუტმანს მისწერა: „ხომ გჭირდება დიდი ფეხბურთელი, პელეს მსგავსი? ჩამოდი მოზამბიკამში, აქ ნახავ მეორე პელეს“.

მარტო „ბენფიკა“ როდი დაფაცურდა. ეუსებიოს ხელში ჩაგდება უნდოდათ ლისაბონის „სპორტინგს“, „პორტოს“,„ბელანენზეს“.

ეუსებიო იგონებს, როგორ ეწვია სახლში „ბენფიკას“ ორი ემისარი მაიორ კარვალიო და მარიო ტავარეს დე მელო. მისი დედა უარზე იყო, სად უნდა გაეშვა ოჯახის მარჩენალი შვილი. მაგრამ „ბენფიკა“ ხომ ეუსებიოს 250 ათას ესკუდოს სთავაზობდა ლოურენსუ-მარკიშის „სპორტინგს“ არ უნდოდა თავისი უძლიერესი ფეხბურთელის დათმობა. მან ეუსებიოს აღუთქვა 110 ათასი ესკუდო, მაგრამ სად შეეძლო პროვინციულ კლუბს „ბენფიკასათვის“ კონკურენციის გაწევა.

ლისაბონის „ბენფიკა“, სადაც ეუსებიო 1959 წლის შემოდგომაზე გადავიდა, 1910 წელს დაარსდა. ამ დროისათვის იგი პორტუგალიის 9-გზის ჩემპიონი (1936, 1937, 1938, 1942, 1943, 1945, 1950, 1955, 1957 წწ.) და თასის 10-გზის მფლობელი (1940, 1943, 1944, 1949, 1951, 1952, 1953. 1955, 1959 წწ.) იყო. პორტუგალიაში „ბენფიკას“ მხოლოდ ერთი ღირსეული მეტოქე ჰყავდა – ლისაბონის „სპორტინგი.“ გუნდს სათავეში ედგა ცნობილი უნგრელი მწვრთნელი ბელა გუტმანი, რომელიც ოცნებობდა „ბენფიკა“ საერთაშორისო ასპარეზზე გაეყვანა. სად არ უმუშავია გუტმანს, უნგრეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში. მას თავისებური შეხედულება ჰქონდა მწვრთნელის საქმიანობაზე. „მწვრთნელი გუნდში 3 სეზონზე მეტს არ უნდა დარჩეს. ამ ხნის განმავლობაში იგი ფეხბურთელებს გადასცემს ყველაფერს, რაც კი იცის. შემდეგ დგება სხვა კლუბში გადასვლის დრო.“ გუტმანი „ბენფიკას“ სათავეში 1959 წელს ჩაუდგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 1963 წლისათვის იგი გუნდის დატოვებას აპირებდა (თავისი განზრახვა მან დროზე განახორციელა კიდეც.)

გუტმანს მეტისმეტად მოეწონა ეუსებიო. „ბურთს იგი სრულიად თავისუფლად ფლობდა, მე მხოლოდ ტექნიკაში ვამეცადინებდი., ჭაბუკს იმდენად დიდი ინტელექტი ჰქონდა, რომ ექვსი თვის შემდეგ ითამაშა ვენაში საერთაშორისო მატჩში. მე დავრწმუნდი, რომ ეუსებიო ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდებოდა.“

ბენფიკას შემადგენლობა მეტისმეტად ძლიერი იყო. პირველ ხანებში, რა თქმა უნდა, ეუსებიო სარეზერვო გუნდში გამოდიოდა. პირველ შემადგენლობაში ბრწყინავდნენ ზანგი მეკარე ალბერტო და კოსტა პერეირა, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი სახელი ჰქონდა. დიდებული ცენტრალური მცველი ჯერმანო დე ფიგუეირედო, სახელოვანი ნახევარმცველი, ეუსებიოს თანამემამულე მარიო ესტევას კოლუნა. განსაკუთრებით ძლიერი იყო თავდასხმა, სადაც გამოდიოდნენ ჟოზე აუგუსტო პინტო დე ალმეიდა (აუგუსტო) –ხოაკიმ სანტანა გუიმარაესი (სანტანა) – ჟოზე პინტო კარვალიო დოს სანტოს აგუასი (აგუასი) – ანტონიო სიმოეს კოსტა (სიმოესი). მათთან ერთად გუტმანი დიდ იმედიბს ამყარებდა ახოვან ცენტრალურ თავდამსხხელ ტორესზე, რომელიც ამ დროს სათადარიგო შემადგენლობაში გამოდიოდა. ჩაირიცხა თუ არა ეუსებიო კოლექტივში, „ბენფიკას“ დირექტორმა გადაწყვიტა ზემოქმედება მოეხდინა გუტმანზე, რათა ჭაბუკი მაშინვე ჩაება ძირითად შემადგენლობაში. გუტმანი, რომელიც ვერ იტანდა მის საქმეებში ჩარევას, არამკითხე მოამბეებს მტკიცედ დახვდა და სწორადაც მოიქცა.

პორტუგალიის ნაკრებში

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში ჩაება, მაგრამ წილისყრა მისთვის მეტად უიღბლო აღმოჩნდა –– ინგლისელებთან მოუხდა შეხვედრა. საქმე ისე წარიმართა რომ ჩილიში გასამგზავრებლად პორტუგალიელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ ლონდონში მასპინძლებისათვის. წარუმატებლად გამოვიდა ამ შეხვედრაში ეუსებიო. არა, მას ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ოთხჯერ (!) მოახვედრა ბურთი ძელს, ასეთი უიღბლობით გამწარებული ეუსებიო 100 ათასი მაყურებლის წინაშე მინდორზე დაემხო და მწარედ აქვითინდა. ჩილიში ინგლისელები გაემგზავრნენ...

გუტმანს ნაკლებად ენაღვლებოდა პორტუგალიის ნაკრების მარცხი. ენაღვლებოდა კი არა, უხაროდა კიდეც. ახლა ვერავინ მოსთხოვდა თავისი მოთამაშეები გადაეცა ნაკრებისათვის. „ბენფიკა“ ხომ ის კლუბი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების დროს ყველაზე მეტ ფეხბურთელს აძლევდა პორტუგალიის ნაკრებს.

ევროპის ჩემპიონთა თასი

ახლა გუტმანს ყველაზე ძალიან ევროპის ქვეყნების თასის შენარჩუნება აინტერესებდა ამ თასის 1961-62 წლების გათამაშებაში 297 მონაწილე ჩაება. მათგან ყველაზებსაშიშად მწვრთნელს სამართლიანდ მიაჩნდა მადრიდის „რეალი.“ მადრიდელები აცხადებდნენ, რომ წინა გათამაშებაში მათი მარცხი მსაჯის ბრალი იყო, ახლა კი მთელი ძალით შეეცდებოდნენ რევანშის აღებას. „რეალის“ გარდა უდავოდ ანგარიშგასაწევი გუნდები იყვნენ „ტოტენჰემ ჰოტ- სპური“ (ინგლისი) „გლაზგო რეინჯერსი“ (შოტლანდია), ცდნა (ბულგარეთი), „დუკლა"“ (ჩეხოსლოვაკია) „გურნიკი“ (პოლონეთი) „პარტიზანი“ (იუგოსლავია), „იუვენტუსი“ (იტალია), ერთი სიტყვით, წინ იყო უმძიმესი ბრძოლა.

ეუსებიო თავდასხმის წამყვანი ფეხბურთელი გახდა. ახლა მწვრთნელი ნებისმიერ ფორვარდს ასვენებდა, მას კი არა, ჟურნალისტები ეუსებიოს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს უწოდებდნენ. ის კი მხოლოდ 20 წლისა იყო.

„ბენფიკას“ ხელმძღვანელობამ დიდ უიღბლობად ჩათვალა პირველივე მატჩის ვენის „აუსტრიასთან” შეხვედრა, თანაც მეტოქის მოედანზე. საქმე მარტო „აუსტრიას“ ძალაში როდი იყო. „პრატერ-შტადიონის“ მაყურებელი უკანასკნელ ხანებში დიდი თავშეუკავებლობით გამოირჩეოდა. გასულ გათამაშებაში ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში ავსტრიელმა მაყურებლებმა კარგად მიიღეს მხოლოდ ეუსებიო, დანარჩენ ფეხბურთელებს კი თავზარი დასცეს გაუთავებელი ყვირილითა და ღრიანცელით. 70 ათასი მაყურებელი ახლაც ცუდად შეხვდა სტუმრებს, მაგრამ მატჩის შედეგმა თითქმის ხაზი გადაუსვა „აუსტრიას“ იმედებს – ფრე (1:1) მხოლოდ „ბენფიკასათვის“ იყო ხელსაყრელი. ეუსებიოს რამდენიმე სოლური გარღვევა ვენელი სპეციალისტების მიერ ღირსეულად იქნა შეფასებული.

მეორე მატჩში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. 65 ათასი მაყურებელი დარწმუნდა, თუ როგორი მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდა ეუსებიო (საყურადღებოა აღინიშნოს, რომ მანამდე ეუსებიოს არ უთამაშია ლისაბონში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე). იგი ძალზე სახიფათოდ მოქმედებდა კარის სიახლოვეს, დროდადრო იხევდა უკან და საინტერესო კომბინაციებს იწყებდა. „აუსტრიას“ დაცვა სრულიად დემორალიზებული იქნა და ბურთს უთავბოლოდ იგერიებდა. ეუსებიომ 2 გოლი გაიტან, ორიც –- აგუასმა, ერთი სანტანამ. ვენელებმა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს საპასუხო ბურთის გატანა. ბოლოს მათ დაეხმარა „ბენფიკას“ ცენტრალური მცვვლი ჰუმბერტო, რომელმაც მოულოდნელად ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში – 5:1!

ახლა „ბენფიკას“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონ „ფკ ნიურნბერგთან“ მოელოდა შეხვედრა. პირველი მატჩი გაიმართა ნიურნბერგში, თოვლით დაფარულ მინდორზე. ანგარიში გახსნეს სტუმრებმა (კავემმა), მაგრამ „ბენფიკა“ მაინც დამარცხდა 1:3. უხეში შეცდომები მოსდიოდათ კოსტა პერეირასა და ჯერმანოს. მიმომხილველები თავს იტეხდნენ (ისინი, ვისაც მატჩი არ უნახავს!), როგორ წააგო „ბენფიკამ" საშუალო სიძლიერის გუნდთან! მაგრამ ამის ახსნა ხომ ადვილად შეიძლებოდა: „ბენფიკას!“ ყველა ფეხბურთელი პირველად თამაშობდა თოვლში. ეუსებიო ყინულზე კი ის ეუსებიო აღარ იყო!

ორი ზედმეტი ბურთი ფრიად სოლიდური უპირატესობაა თუნდაც მეტოქის მოედანზე შეხვედრის დროს. მაგრამ გუტმანს ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი რომ მისი გუნდი სძლევდა „ნიურნბერგს“. ლისაბონში ხომ არც ყინვა იყო, არც თოვლი. 6:0 – ასე გადაუხადეს სამაგიერო „ნიურნბერგს“. ორ-ორი ბურთი ეუსებიომ და აუგუსტომ გაიტანეს, თითო – აგუასმა და კოლუნამ. „თასის მფლობელი აღარ ხუმრობს“ – წერდნენ ჟურნალისტები.

მესამე მეტოქე მეტად სერიოზული იყო – ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპური“. მისი „ვარსკვლავი“ გრივსი დიდებული სნაიპერული თვისებებით გამოირჩეოდა. ამჯერდ პირველი შეხვედრა ლისაბონში გაიმართა. მწვრთნელმა ბილ ნიკოლსონმა აშკარად გამოხატული თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია. მას ძალიან ეშინოდა ეუსებიოსი. მაგრამ იმ დროს, როდესაც „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთელი დაცვის ყურადღება ეუსეტიოზე იყო გამახვილებული, „თავი აიშვეს“ გარემარბებმა აუგუსტომ და სიმოესმა. პირველმა ორი გოლი გაიტანა, სიმოესმა – ერთი. გაიმარჯვა „ბენფიკამ“ – 3:1.

ლონდონში გუტმანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მას უკან როდი დაუწევია ნახევარმცველები და შუამარბები. „ბენფიკა“ არ შეუდგა დროის გაყვანას, არამედ ჩვეულებრივი მანერით თამაშობდა. მართალია „ტოტენჰემ ჰოსტპურმა“ ბოლოს და ბოლოს მოიგო (2:1), მაგრამ ბურთების უარესი შეფარდების გამო დატოვა გათამაშება. ეუსებიო მაინც უკმაყოფილო იყო – მან უკვე მეორედ ითამაშა წარუმატებლად ლონდონში.

„ბენფიკა“ ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა.

პორტუგალიელთა მთავარი მეტოქე, ჩემპიონთა თასის ხუთგზის მფლობელი „რეალი“ დიდი გამძაფრებით იბრძოდა. მან გათამაშებიდან გამოიყვანა „ვაშამი“ (უნგრეთი) 2:0, 3:1, „ოდენზე 1913“ (დანია) 3:0, 9:0 „იუვენტუსი“ (იტალია) 1:0, 0:1, 3:1, „სტანდარდი“ (ბელგია) 4:0, 0:2.

ფინალურმა მატჩმა, რომელიც 1962 წლის 2 მაისს ამსტერდამში გაიმართა, უდიდესი ინტერესი გამოიწვია. „ბენფიკას“ უნდა დაემტკიცებინა, რომ იგი შარშან შემთხვევით როდი გახდა თასის მფლობელი. „რას გახდება „ბენფიკა“ ბრწყინვალე დირიჟორ დი სტეფანოსთან?“ – კაითხულობდნენ ესპანელი ჟურნალისტები. დი სტეფანო 36 წლისა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ შესწევდა ძალა. ოდნავ უკანდახეული დი სტეფანო საუცხოო “გადაცემებით ამარაგებდა გარემარბებსა და „ცეცხლის ხაზზე“ მყოფ პუშკაშს. „რეალის“ ასეთ საბრძოლო გეგმას ადრინდელმა მეტოქეებმა ვერაფერი მოუხერხეს. „დი სტეფანო რომ ბევრად აღემატება კოლუნას, როგორც დირიჟორი, ეს ნათელია, – თქვა „რეალის“ პატრონმა სანტიაგო ბერნაბეუმ. – გვანახეთ თქვენი ნაქები ეუსებიო, განა მას შეუძლია შეედაროს „პანჩო“ პუშკაშს?“

ცხადი იყო, რომ ასეთი განცხადებები კიდევ უფრო ამძაფრებდნენ სიტუაციას ფინალური მატჩის წინ.

გადამწყვეტ შეხვედრას ამსტერდამში 65 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. ჰოლანდიელ მსაჯ ლეო ჰორნის სასტვენის ხმაზე გუნდები მოედანზე გამოვიდნენ ასეთი შემადგენლობით: „ბენფიკა“ – კოსტა პერეირა, ჟოაო, ანხელო, კავემი, ჯერმანო, კრუზი, აუგუსტო, ეუსებიო, აგუასი, კოლუნა, სიმოესი; „რეალი“ – არაკისტაინი, კასადო, მიერა, ფელო, სანტამარია, პაჩინი, ტეხადა, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო.

პირველ ტაიმში უპირატესობა „რეალს“ ჰქონდა. მე-18 წუთზე პუშკაშმა გახსნა ანგარიში „ბენფიკას“ მცველებმა ვერ აუღეს ალღო ალფრედო დი სტეფანოს ბრწყინვალე გადაცემებს, ჰენტოს ნაირნაირ ფინტებს. 23-ე წუთზე პუშკაშმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ბრძოლის ბედი არ იყო გადაწყვეტილი. ცხადი გახდა რომ „რეალის“ მცველებსაც ძალიან უჭირდათ ეუსებიოსთან ბრძოლა. სანამ სანტამარია და მისოი პარტნიორები ეუსებიოს „ჩაკეტვას“ ცდილობდნენ, სათანადო მეურვეობის გარეშე დარჩენილი დანარჩენი თავდამსხმელები დიდ საფრთხეს უქმნიდნენ არაკისტაინის კარს. 33-ე წუთისათვის ანგარიში გათანაბრდა – გოლები გაიტანეს აგუასმა და კავემმა. ტაიმის დასასრულს პუშკაშმა ერთხელ კიდევ დააწინაურა „რეალი“ – 3:2. გუნდები დასასვენებლად წავიდნენ.

მეორე ტაიმში ვითარება სრულიად შეიცვალა. დი სტეფანო დაიღალა, უწინდებურად ვეღარ ხელმძღვანელობდა პარტნიორებს. ვეღარ მოძრაობდა 35 წლის პუშკაშიც – პირველი ტაიმის ცეცხლოვანმა ტემპმა ფაქტიურად მწყობრიდან გამოიყვანა ორივე ვეტერანი. მალე კოლუნამ წონასწორობა აღადგინა – 3:3, ხოლო თამაშის დამთავრებამდე ეუსებიომ ორი გოლით გამარჯვება მოუტანა „ბენფიკას“ – 5:3. ეუსებიოს გუნდმა შეინარჩუნა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. თვით ეუსებიო ევროპის საუკეთესო თავდამსხმელად და პელეს ერთადერთ ღირსეულ მეტოქედ აღიარეს. მიმომხილველები მაინც პელეს ამჯობინებდნენ. აი ამ ორი თავდამსხმელის ფრიად საინტერესო შედარებაც:

„ეუსებიო პელეს მოქნილი მოძრაობით ჰგავს, მაგრამ ნაკლებ ათლეტურია ეს ცხადი ხდება, როდესაც თვალყურს ადევნებ ეუსებიოს საჰაერო ორთაბრძოლას. მათ შორის განსხვავება შესამჩნევი ბურთით წინსვლის დროსაც. პელეს მოძრაობა სრულყოფილია. იგი ხან თითქოს მიცურავსო, ხან მიიპარება, ხან მიქრის. მისი ფეხები თითქოს საგანგებოდ ფეხბურთის სათამაშოდაა შექმნილი. ეუსებიო კი მიწას მთელი ტერფით აბიჯებს, ეს ზღუდავს მის სისწრაფეს.

ეუსებიოს დიდებულად აქვს განვითარებული მეტოქისათვის დასწრების გრძნობა, აგრეთვე აქვს ორიენტაციის გრძნობაც ისეთ ვითარებაში, სადაც ფიქრის დრო აღარ არის. ამით იგი პელეს ჰგავს.

პარალელი ქრება, თუ შევადარებთ ამ ფეხბურთელების წვლილს საერთო-საგუნდო საქმეში. ეუსებიო უფრო ინდივიდუალური ფეხბურთელია. მას არ აქვს გუნდისათვის თავგანწირვის უნარი. იგი თითქმის არ იღებს მონაწილეობას დაცვით თამაშში, ცუდად ეგუება კოლექტიურ მოქმედებას. პელესაგან განსხვავებით ეუსებიო იერიშის დასასრულის, ეპილოგის მოთამაშეა. იგი იშვიათად ეძებს პარტნიორს, რათა გარღვევაზე გაიყვანოს, თვით ცდილობს მათგან ბურთის მიღებას, უბურთოდ კი ცუდად თამაშობს. იგი ხმირად მძიმე მდგომარეობაში აყენებს პარტნიორებს, როდესაც ზურგს შეაქცევენ ხოლმე მათ შეტევის განვითარების მომენტში.

ისევე როგორც პელე, ეუსებიოც მწვავედ გრძნობს საგოლე სიტუაციას, მაგრამ მას ბრაზილიელისაგან განსხვავებით არა აქვს მისი შექმნის ხელოვნება.

ეუსებიოს დიდებული დარტყმა აქვს, დარტყმა მოულოდნელი, თითქმის ყოველგვარი მოქნევის გარეშე. როგორც წესი, იგი მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში ურტყამს. ამას იგი ელვისებური სისწრაფით აკეთებს, მოუფიქრებლად.

ეუსებიო – წმინდა ინსტინქტია, იგი თითქმის ვერ ერკვევა. ტაქტიკურ გართულებებში, ვერ თამაშობს კოლექტიურად, არაა შემქმნელი, არაა ორგანიზატორი, ყველაფერს რასაც აკეთებს, ინტუიცია უდევს საფუძვლად. მისი მოქმედება ძირითადად განისაზღვრება პარტნიორების ოპერაციების დაგვირგვინებით. ამ სტადიაში იგი შეიძლება პელეს შეედაროს, ბრაზილიელთან მას აახლოებს გამარჯვებისაკენ დიდი სწრაფვაც, თუმცა ხანდახან ეუსებიოს ეკარგება სათამაშო განწყობილება. ეუსებიო, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მასსა და პელეს შორის დიდი განსხვავებაა.“

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მიმომხილველი ზედმეტად მკაცრად ექცევა ეუსებიოს. უპირველეს ყოვლისა, შეცდომა იქნებოდა გველაპარაკა მასზე, როგორც მხოლოდ შეტევის ეპილოგის მოთამაშეზე. შეიძლება ეს სამართლიანი იყოს პირველი წლებისათვის, როდესაც ეუსებიოს გამოცდილი ფორვარდების (სანტანა, აგუასი) მხარდამხარ უხდებოდა გამოსვლა. შემდეგში, როდესაც „ბენფიკას“ რიგებში გამოჩნდა ახოვანი ცენტრფორვარდი ტორესი და მწვრთნელებმა შეგნებულად წასწიეს იგი „ცეცხლის ხაზზე“, ეუსებიომ იკისრა „არმადორის“ (გამთამაშებლის) როლი. იგი. ხშირად იხევდა უკან იერიშების ორგანიზაციის მიზნით. ისე რომ, მტკიცება, თითქოს ეუსებიო „არაა შემქმნელი, არაა ორგანიზატორი", არ შეეფერება სინამდვილეს.

არც ისაა სწორი, თითქოს ეუსებიო არ იღებს მონაწილეობას დაცვით თამაშში. როდესაც გუნდს უჭირს, ეუსებიოსაც შეუძლია უკან დახევა და მეტოქის შეტევების ჩაშლაში მონაწილეობის მიღება. ისე კი, რა თქმა უნდა, უგუნურობა იქნებოდა ესოდენ აგრესიული თავდამსხმელის სისტემატურად უკან დაწევა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ

1962 წელს პელესა და ეუსებიოს მოუხდათ შეხვედრა მწვანე მოედანზე, მართალია, ოდესღაც მოზამბიკაში ეუსებიომ ითამაშა „სანტოსთან“, მაგრამ მაშინ პელე არ მონაწილეობდა მატჩში. ამასთან ახლა სულ სხვა „სანტოსთან“ მოუხდა შეხვედრა ეუსებიოს. 1962 წლისათვის გუნდში გადმოვიდა „რკინისებური ჟილმარი“, ბრაზილიის უძლიერესი მეკარე. დიდებული ნახევარმცველი ზიტო, თავდამსხმელები დორგალი, პელე, კუტინიო და პეპე შიშის ზარს სცემდნენ ნებისმიერ დაცვას. სწორედ „სანტოსი“ ითვლებოდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის მთავარ ფავორიტად, რომელსაც ყოველწლიურად აწყობდა პარიზის „რესინგი“ (მასაც ჰყავდა „ვარსკვლავი“ – თადეუშმ სიზოვსკი) პირველ ტურში „სანტოსმა“ მოუგო „რესინგს", ხოლო „ბენფიკამ" – „ანდერ- ლეჰტს“ (ბრიუსელი), ახლა ამ ორი გამარჯვებულის შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა პირველი პრიზის ბედი. ამ მატჩში ეუსებიომ (იგი პირველ ტაიმში არ მონაწილეობდა) ნათლად დაინახა, თუ რა კოლოსალური ძალა ჰქონდა პელეს. „შავი მარგალიტის“ დრიბლინგი თვალშეუვლები ილეთები, დიდი სისწრაფე და ტაქტიკური გონებამახვილობა „ბენფიკას“ დაცვას დიდ გაჭირვებაში აგდებდა. ანგარიში კატასტროფულად იზრდებოდა. თვით ჯერმანოც კი დაიბნა. მალე კოსტა პერეირას კარში 5 მშრალი ბურთი აღმოჩნდა. მაშინ ბელა გუტმანმა მოუხმო თავის საყვარელ ეუსებიოს. „ამ მატჩის. ხსნა ყოვლად შეუძლებელია, ითამაშე თავისუფლად, როგორც. ვარჯიშის დროს. დაუმტკიცე „პროფესორ ლულას“ (ასე ეძახდნენ „სანტოსის“ მწვრთნელს), რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში“. როდესაც ეუსებიო თამაშში ჩაება, 30 ათას მაყურებელს უკვე ყოველგვარი ინტერესი დაკარგული ჰქონდა მატჩისადმი – ყველაფერი ისედაც ცხადი იყო. მხოლოდ მაშინ, როდესაც ბურთს პელე იღებდა, სტადიონს ერთგვარი გამოცოცხლება ეტყობოდა. მაგრამ ახლა თვით „ფეხბურთის მეფე“ აღარ ცდილობდა. რა საჭირო იყო მეტოქის განადგურება! იგი ხომ ისედაც გამწარებული იყო 5 მშრალი ბურთის მიღებით. ეუსებიომ მაინც მიიპყრო პარიზელთა ყურადღება. აი იგი სწრაფად გაუსხლტა ორ მცველს, ცოტა ხნის შემდეგ ისეთნაირად გადასცა ბურთი სიმოესს, რომ თვით „ბატონ მილიმეტრს“ – რაიმონ კოპასაც კი შეშურდებოდა. გავიდა ორიოდე წუთიც და ჟილმარმა ეუსებიოს დარტყმული ბურთი ძლივს უკუაგდო კუთხურზე. მაყურებლები აღტაცებაში მოვიდნენ. 20 წუთის მანძილზე ეუსებიომ ჟილმარის კარში 3 (!) ბურთი გაიტანა და თუმცა „ბენფიკა“ საბოლოოდ დამარცხდა – 3:5, ეუსებიოს ოსტატობამ ყველა აალაპარაკა.

„ბენფიკას“, როგორც ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელს, ორი მატჩი უნდა გაემართა მონტევიდეოს „პენიაროლთან“, რომელმაც მოიგო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასი. გამარჯვებულს გადაეცემოდა ე. წ. „საკონტინენტთაშორისო თასი“. პირველი მატჩი ლისაბონის „ესტადიო და ლუზზე“ მასპინძლებმა მოიგეს (1:0), მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ (0:5) მონტევიდეოს „ესტადიო ნასიონალზე“. „საკონტინენტთაშორისო თასი“ ურუგვაელებს დარჩათ.

ბელა გუტმანმა დაასრულა თავისი დაპირება, რომ კლუბში სამ წელზე მეტს არ დარჩებოდა. დამარცხებისაგან გამწარებული გუნდის დირექტორატს მისთვის ბევრი არ უხვეწია, მით უმეტეს, რომ პორტუგალიაში გადმოსვლა მოინდომა განთქმულმა ჩილიელმა მწვრთნელმა ფერნანდო რიერამ. რიერას მანამდეც დიდი სახელი ჰქონდა ფეხბურთის სამყაროში, მაგრამ მას. შემდეგ, რაც შედარებით სუსტ ჩილის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი ააღებინა (მართალია, ჩილიელები საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ!), ყველა ქვეყანაში სასურველი გახდა.

რიერა მშვენიერი მწვრთნელი იყო, მაგრამ „ბენფიკას“ ფეხბურთელებთან მუშაობაში გუტმანს ვერავინ შეედრებოდა. ამას გუნდის დირექტორატის აშკარა შეცდომაც მოყვა – იგი მწვრთნელს უბიძგებდა „გაეახალგაზრდავებინა გუნდი", თუმცა ზოგი ვეტერანი კვლავინდებურად საჭირო იყო. იმ 23 ბურთიდან, რომელიც „ბენფიკამ“ გაიტანა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობის დროს, 17 აგუასსა და აუგუსტოს ეკუთვნოდათ. და აი გამოქვეყნდა ცნობა, რომ აგუასი „ბენფიკამ" რამდენიმე თამაშისათვის „ათხოვა“ „აუსტრიას“. სინამდვილეში კი ეს „თხოვება“ აღარ იყო, აგუასი საერთოდ გადავიდა ავსტრიაში, სადაც კარგა ხანს წარმატებით თამაშობდა.

რიერას კარიერა „ბენფიკაში“ ცუდად დაიწყო. ერთ-ერთი მატჩის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო ჯერმანომ, რომელიც დაცვის ბურჯი იყო. იგი კარგა ხნით გამოვიდა მწყობრიდან, რაც გუნდს ძალიან დაეტყო.

რიერამ მოთამაშეებს გააცნო თავისი კრედო: „შეტევა და მხოლოდ შეტევა. მხოლოდ მას მივყავრთ გამარჯვებისაკენ. ჩემთვის სულ ერთია ეუსებიო გაიტანს გოლს, თუ კავემი. ღია ფეხბურთის თავგამოდებული მომხრე ვარ. 7:5 – ძალზე კარგი მოგებაა. ჯერ ერთი, მას ორი ქულა მოაქვს, მეორეც – მაყურებელი უზომოდ კმაყოფილია“.

იწყებოდა ჩემპიონთა თასის VIII გათამაშება (1962-63 წლები) „ბენფიკას“ მთავრ მეტოქეებად ითვლებოდნენ „რეალი“, „მილანი, „პარტიზანი“, „ანდერლეჰტი“, „დუკლა“ და სხვა კოლექტივები. ბრძოლა წლითიწლობით უფრო მძიმე ხდებოდა. ეს თავის თავზე იგემა „რეალმა“. ჩემპიონთა თასის ხუთგზის მფლობელი და წინა წლის გათამაშების ფინალისტი, ამჯერად ბრძოლას გამოეთიშა, მანამდე, სანამ „ბენფიკა“ ტურნირში ჩაებმებოდა („ბენფიკას“, როგორც თასის მფლობელს, უფლება ჰქონდა პირდაპირ მერვედფინალიდან ეთამაშა). „რეალმა“ პირველივე მატჩი თავის მოედანზე ფრედ (3:3) დაამთავრა „ანდერლეჰტთან“, მომდევნო მატჩი ბრიუსელში წააგო (0:1) და.. თავის ოცნებების განხორციელება ერთი წლით გადადო.

პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს შვედეთის ჩემპიონ „ნორჩეპინგთან“ ჰქონდათ. მეტისმეტად იგრძნობოდა ჯერმანოს არ ყოფნა. რიერა, თუმცა შეტევითი ფეხბურთის მომხრე გახლდათ, არც სიფრთხილის გრძნობას იყო მოკლებული. ახალგაზრდა რაულს, რომელიც ჯერმანოს ცვლიდა, მუდმივად ეხმარებოდა უკანდახეული ნახევარმცველი ჰუმბერტო (იგი ფაქტიურად მეორე ცენტრალური მცველი გახდა) მოიერიშე ნახევარმცველი კავემი ამიერიდან განაპირა მცველი გახდა. კოლუნას საბოლოოდ მიუჩინეს ადგილი ნახევარდაცვაში. წინ მთელი იმედები ეუსებიოსა და მის მუდმივ პარტნიორ ტორესზე იყო დამყარებული. მარცხენა გარემარბი სიმოესი მუდამ საიერიშოდ იყო შემართული, სამაგიეროდ მისი კოლეგა მარჯვენა ფრთაზე აუგუსტო ხშირად უკან იხევდა. „ნორჩეპინგს“ „ბენფიკამ“ შედარებით იოლად სძლია 1:1, 5:1.

მომდევნო მეტოქე ბევრად უფრო ძლიერი იყო – პრაღის „დუკლა“. პრაღელებს საუცხოო დაცვა ჰყავდათ: შაფრანეკი – პლუსკალი – ჩადეკი – ნოვაკი. ყველა ეს მცველი ეროვნულ ნაკრებშიც შედიოდა. როგორც მასოპუსტი თავის მოგონებებში წერს, ლისაბონის აეროდრომზე მათ, სხვებთან ერთად, აქ მცხოვრები ჩეხოსლოვაკიელები დახვდნენ და ურჩიეს ეუსებიოსათვის ორი სპეციალური დარაჯი მიეჩინათ. სხვანაირად „შავ ჯიქთან“, „მოზამბიკელ მარგალიტსა“ და „ევროპელ პელესთან“ თამაში შეუძლებელიაო. „დუკლას“ მწვრთნელმა ვეივოდამ მაშინვე უარყო ეს უხეირო რჩევა. მართლაც და, ეუსებიოსათვის რომ ორი დარაჯი მიეჩინათ, „ბენფიკას“ რომელიმე თავდამსხმელი მეურვის გარეშე დარჩებოდა. მაგრამ განა შეიძლებოდა ტორესის, აუგუსტოს ან სიმოესის უყურადღებოდ დატოვება?

გამოვიდა თუ არა ეუსებიო მოედანზე, „ესტადიო და ლუზის“ ტრიბუნები მას ყიჟინით შეხვდნენ მოედანზე გადმოცვივდნენ ფოტორეპორტიორები, რომლებიც, როგორც იქნა, ხანგრძლივი დაჟინებითი მოთხოვნის შემდეგ მოიცილა მსაჯმა – თამაშის დაწყება შეუძლებელი ხდებოდა.

პლუსკალი ერთი წუთითაც არ აცილებდა თვალს ეუსებიოს, როდესაც იგი ცენტრალურ ზონაში მოქმედებდა. თუ ეუსებიო ფრთებზე გადადიოდა, მას დაჰყვებოდა ჩადეკი. ეს მატჩი, მასოპუსტის აღიარებით, „დუკლამ“ მშვენივრად ჩაატარა. ეუსებიომ ვერ შეძლო თავისი ტრადიციული გოლის გატანა, მაგრამ „ბენფიკას“ ხომ სხვა თავდამსხმელებიც ჰყავდა!

ანგარიში გახსნა კოლუნამ. მალე ვეცენოვსკიმ საპასუხო ბურთი გაიტანა თამამის დრო იწურებოდა, „დუკლას“ ფრე სავსებით აძლევდა ხელს – იგი თავის მოედანზე მოგებისათვის იზრუნებდა. და აი 88-ე წუთზე კოლუნამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა (მასოპუსტი ამტკიცებს რომ იგი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა) და გამარჯვება მოუტანა „ბენფიკას“ – 2:1, არც ეს მოასწავებდა აღსასრულს „დუკლასათვის“ – სჭირო იყო პრაღაში მოგება თუნდაც ერთი ბურთის განსხვავებით, რათა ნეიტრალურ მოედანზე თამაშის უფლება მოეპოვებინა. „ბენფიკამ“ პრაღაში ყრუ დაცვას მიმართა (როგორ არ შეეფერებოდა ეს ასეთ აგრესიულ გუნდს!) და ფრეს (0:0): მიაღწია გზა ნახევარფინალისაკენ გაიხსნა.

შეუპოვარი დაცვა მეტოქის მოედანზე, შეტევა და მხოლოდ შეტევა ლისაბონში – ასეთი იყო რიერას გეგმა როტერდამის „ფეიენოორდთან“ შეხვედრის წინ. „ჩვენ არ ვემდურით მაყურებელთა ნაკლებობას, თითოეულ თამაშზე საშუალოდ 47 ათასი კაცი გვესწრება, მაგრამ „ბენფიკასთან“ შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენაა" – განაცხადა ჰოლანდიელთა მწვრთნელმა, ამ დღეს როტერდამის სტადიონზე მართლაც ტევა არ იყო. მაყურებლები დიდი ინტერესით ელოდნენ ეუსებიოს გამოსვლას, მაგრამ რამდენადმე იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ეუსებიო თითქოს არც კი ფიქრობდა გოლის გატანას, დროის დიდ ნაწილს იგი მოედნის საკუთარ ნახევარზე ატარებდა. საქმე ისაა რომ ჰოლანდიაში გამგზავრების წინ „ღია ფეხბურთის“ აპოლოგეტმა რიერამ ასეთ ფანდს მიმართა – შუამარბები სანტანა და ეუსებიო უკან დახია მათ ნახევარმცველებთან კრუზსა და კოლუნასთან ოთხეული შექმნეს, რომელიც თავის მხრივ მცველთა „კვარტეტს“ ეხმარებოდა. ასეთი „ბეტონის“ პირობებში „ბენფიკას" არ გასჭირვებია მიეღწია ფრესათვის 0:0.

ზოგმა ჰოლანდიელმა გულშემატკივარმა მალე მაინც ნახა ნამდვილი ეუსებიო. საპასუხო მატჩისათვის დასასწრებლად 2 000 ჰოლანდიელი გაემგზავრა 15 სპეციალური თვითმფრინავითა და არაერთი მატარებლით. „ფეიენოორდმა“ თამაში მეტად ომახიანად დაიწყო, მარცხენა გარემარბი მულეინო რამდენჯერმე გაექცა კავემს. ამას „ბენფიკას“საპასუხო იერიში მოყვა. ეუსებიო ჯიქურ მიიწევდა წინ, მას მხარს უბამდნენ დანარჩენი თავმდამსხმელებიც. პორტუგალიელებმა ამკარად აჯობეს მეტოქეს. 3:1 – ასეთი ანგარიშით მოიგო „ბენფიკამ,“ მაგრამ ეს ანგარიში როდი ასახავდა ძალთა იმ თანაფარდობას, რომელიც მოედანხე იყო. მატჩის შემდეგ ჰოლანდიელი მიმომხილველები ძალიან აქებდნენ ეუსებიოს, სანტანასა და ტორესს (გოლების ავტორებს), აგრეთვე ჩინებულ ფორმაში მყოფ კოლუნას. „ფეიენოორდის“ მეკარე ედი პიტერს-გრააფლანდი წერდა: „პორტუგალიელთა უპირატესობა აშკრა იყო. თავდამსხმელმა პიტერ კრუივერმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ასეთ გუნდთან წაგება სრულიადაც არაა სირცხვილი".

„პურს ორივე ყუით ნუ ჭამ“ – ამბობსს ჰოლანდიური ანდაზა. ორი კურდღლის მდევარ „ფეიენოორდს“ საქმეები ცუდად წაუვიდა, თავისი ქვეყნის ჩემპიონატშიც მარცხი იგემა და ვერც ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი დაისაკუთრა.

„ბენფიკასთან“ ერთად თასის ფინალში გავიდა იტალიის ჩემპიონი „მილანი“. მან გზიდან ჩამოიშორა „უნიონი“ (ლუქსემბურგი) 8:0, 6:0, „იპსვიჩ თაუნი“ (ინგლისი) 3:0, 1:2, „გალატასარაი“ (თურქეთი) 3:1, 5:0, „დანდი“ (შოტლანდია) 5:1, 0:1.

ფინალური მატჩი ჩატარდა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე 1963 წლის 22 მაისს. ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა „მილანმა“.

ამ მატჩის შემდეგ ურთიერთობა „ბენფიკასა“ და იტალიის კლუბებს შორის მეტად დაიძაბა ეუსებიო ფიქრობდა, რომ მისმა გუნდმა შემთხვევით წააგო. იგი საერთოდ ძალიან დაბალი აზრისა იყო იტალიის ფეხბურთზე.

ერთ-ერთი საერთაშორისო მატჩის დროს მისმა ძველმა ნაცნობმა, გფრ-ის ნაკრების მცველმა კარლ-ჰაინც შნელინგერმა (რომელიც კარგა ხანია იტალიაში გამოდიოდა) ეუსებიოს უთხრა:

– რატომ არ გადადიხარ იტალიაში? იქ ხომ ფეხბურთელებს მეტ გასამრჯელოს აძლეკენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში! იტალიაში მილიონებს იშოვნი.
– იტალიაში არასოდეს გადავალ, იქ ხომ ფეხბურთს არ თამაშობენ, როდესაც 8 კაცი თავის საჯარიმო მოედანს არ შორდება, რა სილამაზეზე შეიძლება ლაპარაკი. კატენაჩიო – ფეხბურთის დასასრულია.
– გასაგებია. მაგრამ რომელი გუნდი მიმართავს „კატენაჩიოს“, თუ თავის შემადგენლობაში შენ ეყოლები.
– არა არ გადავალ იტალიაში ყველაზე უკეთესად „ბენფიკა“ თამაშობს. ფეხბურთის არსი ხომ გოლის გატანაა.

დიდებული შემტევი თამამი გვიჩვენა ეუსებიომ 1963 წელს ლონდონში, როდესაც იგი ფიფა-ს ნაკრებში გამოვიდა ინგლისელთა წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ უეფა-მ სკოპლეს მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად ბელგრადში მოაწყო ევროპისა და იუგოსლავიის ნაკრებთა მატჩი. „რა დიდებული გუნდი იყო, – იგონებს ეუსებიო, – იაშინი, მასოპუსტი, ზეელერი, მესეი..“ ამ მატჩში თვით ეუსებიომ აღფრთოვანებაში მოიყვანა მაყურებელი. მისი დარტყმები 20-29: მეტრიდან საუცხოო იყო.

ეუსებიოს მდიდარი სპორტული ბიოგრაფიის ძირითადი თავი მაინც მსოფლიოს VIII ჩემპიონატი გახლავთ.

სადაც არ უნღა თამაშობდეს ამის შემდეგ „მოზამბიკელი ჯიქი“, სადაც არ უნდა გამოჩნდეს იგი მოედანზე, მაყურებლებს ერთი სიტყვა აღმოხდებათ ხოლმე: „ეუსებიო!“

წყარო

ოქროს ბურთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები