ლაღიძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ლაღიძე

რევაზ ლაღიძე – (10.VII, 1921, სოფ. ბაღდათი – 16.X.1981, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).

1939 დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი), 1941-49 უკრავდა სიმფონიურ ორკესტრში. 1948 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“ (1975), მუსიკალური კომედიები „მეგობრები“ (1951) და „კომბლე“ (1957), სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“ (1949), ფართოდ ცნობილი სიმფონიური სურათი „საჭიდაო“ (1952), რამდენიმე საგუნდო სიმღერა–კანტატა („საქართველო,“ „ბალადა ვაზზე“, „მელის ვარძია“, „ოდა მესხეთს“, „ჰიმნი ქუთაისს“, „მოხეური ბალადა“ და სხვ.), საფორტეპიანო (ცნობილი „ტოკატა“ და სხვ.) და ჩელოს (პოემა, „ელეგია“ და სხვ.) პიესები, მუსიკა სპექტაკლებისა (სულ 40-ზე მეტი) და კინოფილმებისათვის („საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ზვიგენის კბილი“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა,“ „განგაში“, „ყვავილი თოვლზე“, „კეთილი ადამიანები“, „გლახის ნაამბობი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „შეწყვეტილი სიმღერა“ და სხვ. სულ 30-ზე მეტი). განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიური გამომსახველობით, რამაც მას ქართველი ხალხის სიყვარული მოუპოვა. „სიმღერა თბილისზე“ საქართველოს დედაქალაქის მუსიკალურ ემბლემად იქცა, ხოლო სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“ – 80- 90 ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლებში – არაოფიციალურ ჰიმნად. ქართული საოპერო მუსიკის შესანიშნავი ნიმუშია „ლელა“ (დაიდგა თბილისში, ბათუმში, ჩეხოსლოვაკიაში).

რ. ლაღიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ს.ს. ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე; 1964-იდან კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). მინიჭებული ჰქონდა სსრკ სახელმწიფო (1977) და რუსთაველის სახელმწიფო პრემიები (1975). რ. ლაღიძის სახელი მინიჭებული ჰქონდა ამჟამად გაუქმებულ საქართველოს ტელერადიოს სიმფონიურ ორკესტრს, თბილისში არის რევაზ ლაღიძის სახელობი ქუჩა.

გ. ტორაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები