მონტუხეტეპ III
მონტუხეტეპ III – მონტუხეტეპ II-ის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ტახტზე ადის მისი ვაჟი, მონტუხეტეპ III (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2010-1998 წწ.). გამეფების დროისათვის იგი უკვე შუახანს გადაცილებული კაცი იყო და არაორდინარული მამის მიერ მოწესრიგებული ქვეყნის ტახტზე თორმეტი მშვიდი წელი გაატარა. თუმცა ახალგაზრდობის დროინდელ გამოსახულებებში იგი მეომრად არის წარმოდგენილი, გამეფების შემდეგ ძირითადად აღმშენებლობითი სამუშაოებით იყო დაკავებული. მის მიერ აგებული ტაძრები და მათ კედლებზე მოთავსებული რელიეფები ეგვიპტის ხელოვნების ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალად არის მიჩნეული. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი უფროსი ვაჟი სენუსერტი, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი იმდენად მალე გარდაიცვალა, რომ მისი ოფიციალურად მეფედ კურთხევაც კი ვერ მოესწრო. მის გარდაცვალებას მოჰყვა რაღაც პერიოდი, რომლის ისტორიის რეკონსტრუქცია პრაქტიკულად ვერ ხერხდება, რის შემდეგ ეგვიპტის ფარაონი ხდება მონტუხეტეპ IV