სამთავროს სამაროვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამთავროს სამაროვანი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე არაგვი, დასავლეთით – კოდმანის ვაკობი, სამხრეთით – მონასტრისხევი, ხოლო ჩრდილოეთით – ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა. გამოვლენილი ძეგლებიები მოიცავს პერიოდს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან განვითარებული ფერდალური ხანის ჩათვლით.

XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქციის დროს, სამთავროს ველზე აღმოჩნდა ქვაყუთები. 1871-85 წლებში ავსტრიელმა ბუნებისმეტყველმა და მოყვარულმა არქეოლოგმა ფრიდრიხ ბაიერნმა გათხარა 600-ზე მეტი სამარხი. სამთავროს სამაროვნის სისტემური არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1938 წლიდან, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნის შემდეგ (ხელმძღვ. 1938-40 წლებში ი. ჯავახიშვილი. 1940-47 წლებში ს. ჯანაშია, საველე სამუშაოების ხელმძღვანელები მ. ივაშჩენკო, ა. კალანდაძე). 1938-62 წლებში ჩატარდა 13 საველე არქეოლოგიური კამპანია, გაითხარა 2 ჰა-მდე ფართობი. აღმოჩნდა 3000-მდე სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის სამარხი და ნაძრავი კულტურული ფენების მასალა, 1976 წელს სამთავროზე სტაციონარული არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. გამოვლინდა გვიანდელი ბრინჯაო – ადრინდელი რკინის, ელინისტური, გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები და ახ. წ. II-VIII საუკუნეების 800-მდე სამარხი. სამთავროზე მოპოვებული მასალის ერთი ნაწილი საქართევლოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, დანარჩენი – მოსკოვში, ისტორიის მუზეუმში, ევროპის სიძველეთა საცავებში და მცხეთის მუზეუმში.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია დაშლილი და ადგილგადანაცვლებული კულტურული ფენების მასალით (თიხისა და ქვის ჭურჭელი, ცხოველის ძვლები და სხვ.). სამთავროს ჩრდილოეთ უბანზე გამოვლინდა 5 სამეურნეო ორმო (დიამ. 0,5 მ), რომლებშიც აღმოჩნდა ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრისათვის დამახასიათებელი სქელკედლიანი შავპრიალაზედაპირიანი და მოყავისფროსარჩულიანი თიხის ჭურჭელი.

სამთავროს მინდორი სამაროვნად ქცეულა ძვ.წ II ათასწლეულის I ნახევარში. ყველაზე ადრეული შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხებია. ზოგიერთი მათგანი ქვაწრიანია. რამდენიმე სამახსოვრო სამარხია (კენოტაფი), სამარხთა უმეტეს ნაწილში ქვაწრით შემოფარგლული ფართობის ცენტრში ჩადგმულია მოკლე ქვაყუთი, რომელშიც ასვენია ხელფეხმოკეცილი მიცვალებული, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩნდა მოშავო ან რუხპრიალაზედაპირიანი, ზოგჯერ ნაჭდევი სვასტიკური სახეებით შემკული თიხის ჭურჭელი, სარდიონის, გიშრის, ბროლის მძივები, ოქროს ფურცლისაგან დამზადებული ხაზოვანი ორნამენტით შემკული მძივის გარსაკრავები; ბრინჯაოს მოკლე, ყუნწგახვრეტილი სატევრისპირები. ერთ-ერთ სამარხში (№273) ბრინჯაოს ყუნწგახვრეტილი რაპირისებრი საძგერებელი მახვილიც აღმოჩნდა. აღნიშნული სამარხები აღნაგობით, დაკრძალვის წესითა და ინვენტარით ახლოს დგას თრიალეთის შესაბამისი პერიოდის ძეგლებთან და შეიძლება ძვ. წ. XX-XVI საუკუნეებით დათარიღდეს.

ნაწილი გორასამარხებისა, რომლებშიც აღმოჩენილია შავპრიალა ჭურჭელი, სარდიონის „ნაპობი“ მძივები, ოქროსფურცლოვანი ღილაკ-სამკაულები და სხვ., საკმაოდ განსხვავდება როგორც შუა ბრინჯაოს ხანის, ისე გვიანდელი ბრინჯაოს აღრეული ეტაპის ძეგლებისაგან, ამიტომ ისინი შეიძლება გარდამავალი პერიოდის ძეგლებად იქნეს მიჩნეული და ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებით დათარიღდეს. სამთავროზე გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV-VI სს.) 600-მდე სამარხი გაითხარა, მ.შ. გვიანდელ ბრინჯაოს ადრეულსა და განვითარებულ ეტაპს (ძვ. წ. XIV საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის ჩათვლით) განეკუთვნება 100-მდე სამარხი, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალ ხანას (ძვ. წ X ს.) – 200-მდე სამარხი, ხოლო ადრინდელი რკინის ხანისა (IX-VII სს.) უნდა იყოს 300-მდე სამარხი; შედარებით მცირე ჯგუფი სამარხებისა ძვ.წ. VI-V საუკუნეებით თარიღდება.

სამარხები მეტნაკლებად სწორკუთხა ორმოებია (1,2X0,6-2X1,8 მ; სიღრმე 1 მ-ს აღწევს). ისინი ხის ძელებით ყოფილა გადახურული (იშვიათ შეთხვევაში ორმოს ზევიდან ფილაქვაც ჰხურებია) და მიწაყრილით მოზვინული. ზოგიერთისთვის დამახასიათებელია ფსკერზე რიყის ქვის ერთპირი სწორკუთხა ან ოვალური წყობა ორმოსამარხთა დიდი უმრავლესობა ინჰუმაციური და ინდივიდუალურია, დადასტურდა კენოტაფებიც, მეორადი დაკრძალვის წესი და წყვილთა დაკრძალვის ფაქტებიც. სამარხებში მიცვალებული დაკრძალულია ფეხებმოხრილი, მამაკაცები მარჯვენა გვერდზე; დედაკაცები – მარცხენაზე. მიცვალებულთა დიდი უმრავლესობა მოთავსებულია ოთხ რიყის ქვას შორის (მიცვალებულის სარეცლის საყრდენები), რომელთაგან ორი თავთან აქეთ-იქით უდევთ, ორი – მოკეცილი ქვედა კიდურების არეში. მამაკაცებს ყოველთვის ახლავს იარაღ-საჭურველი და თიხის ჭურჭელი, ზოგჯერ სამკაული, ქალებს – თიხის ჭურჭელი და სამკაული. საერთო წესი ყოფილა მიცვალებულთათვის შინაურ და ზოგჯერ გარეულ ცხოველთა ხორცის ჩატანება.

სარჩევი

ორმოსამარხთა ინვენტარი

სამთავროს ბრინჯაო-რკინის ხანის ორმოსამარხთა ინვენტარი იყოფა 5 ძირითად ჯგუფად: 1. ჭურჭელი, 2. იარაღ-საჭურველი, სამეურნეო იარაღ-ხელსაწყოები, 3. საყოფაცხოვრებო და შინამოსაქმეობის საგნები, 4.სამკაული, 5. ხელოვნების, საკულტო და სხვა დანიშნულების საგნები.

ჭურჭელი

ჭურჭელი ძირითადად თიხისაა, თითო-ოროლა – ლითონისა და ქვის. დამუშავების ტექნიკისა და გარეგნული ნიშნების მიხედვით თიხის ჭურჭელი იყოფა სამ ჯგუფად:

1. ჩარხზე ამოყვანილი სხვადასხვანაირი მოყვანილობისა და სიდიდის, შავპრიალა და რუხ-მქრქალზედაპირიანი, მოშავო და ნაცრისფერკეციანი, რელიეფურად ნაძერწი, ნაჭდევი და ნატვიფრი სახეებით უხეშად შემკული ჭურჭელი (ყველაზე დიდი ჯგუფი);
2. უმორგვო ნაძერწი ლეგა, მოყვითალო-ჩალისფერზედაპირიანი, ზოგჯერ ამობურცულ-გრეხილი სახეებით შემკული ჭურჭელი (მცირე რაოდენობა);
3. მორგვზე ამოყვანილი, მუქმწვანედ, მოყვითალო-მიხაკისფრად მოჭიქული ჭურჭელი (სულ 8 სასმისი).

დანიშნულების მიხედვით შეიძლება გამოიყოს:

1. სუფრის ჭურჭელი (ლანგარი, თეფში, სამარილე, ჯამი);
2. სითხის გადასაზიდ-შესანახი ჭურჭელი (კოკა, გოზაური, დოქი, ხელადა, ტოლჩა);
3. პროდუქტების შესანახი ჭურჭელი (ქოცო, დერგი, ქილა);
4. სამზარეულო ჭურჭელი (ქოთანი, ქვაბქოთანა, კოჭობი);
5. რძის პროდუქტების ჭურჭელი (საწველელი, საწურავი, სადღვებელი, ქილა);
6. საგზაო ჭურჭელი (მათარა, ზოგი კოჭობი და სასმისი, რომლებსაც ზონრისათვის საგანგებო ნახვრეტები აქვთ);
7. ფიგურული ჭურჭელი (ცხენის, ირმის და სხვ. ცხოველთა გამომსახველი);
8. საბავშვო-სათამაშო ჭურჭელი (ჩანჩხურა, ქვევრის იმიტაცია);
9. საკულტო ჭურჭელი (ორსართულიანი ჭურჭელი გველის გამოსახულებით, საკვამლებელი, მხრებდაფანჯრული, სარკმლიანი ჭურჭელი).

იარაღ-საჭურველი, სამეურნეო იარაღ-ხელსაწყოები

გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელ რკინის ხანის სამარხებში დიდი რაოდენობითაა იარაღ-საჭურველი. იგი საუკუნეთა მანძილზე საინტერესო ევოლუციას განიცდის. მაგ., გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე გვხვდება მოკლე, ფოთლისებრი ტარშეურჩენელი სატევარი, მასრაგახსნილი შუბისა და ხელშუბის წვერი, ისრისწვერი და ძვლის ლახტისთავი. მომდევნო ხანებში ჩნდება: ბრინჯაოს მთლიანადსხმული სატევარი (ე.წ. კახური ტიპისა), ბრინჯაოს წვერმახვილი და ბოლოკვეთილი მახვილები, ფარი, მთლიანმასრიანი შუბისწვერები, შუბის ტარის შესამკობი ბუნიკები, სატევარ-მახვილთა ჩამოსაკიდი სამხარიღლიე რგოლები, სარტყლები და ბრინჯაოს აღმოსავლურ-ამიერკავკასიური და კოლხური ცულები და სხვ.

რკინის ხანაში ჩნდება ახალი სახეობის და თვისობრივად უფრო მაღალი ღირსების იარაღი: რკინის საკმაოდ გრძელი, ბრინჯაოს ან ძვლისტარიანი მახვილები და სატევრები, რკინის გრძელი შუბისწვერი, ბრინჯაოს გრძელფრთიანი ისრისწვერები, ხოლო ეპოქის ბოლოს – ყუაკვერიანი რკინის ცულები, ცალპირლესული რკინის სატევარი, მოკლე დანები, სკვითური აკინაკები და ბრინჯაოს სხვადასხვა ტიპის ისრისწვერები და სხვ. ასეთივე ევოლუცია განიცადა სამკაულმაც.

ნამოსახლარები

სამაროვნის ჩრდილო-დასავლეთით, ბორცვზე დაზვერვითი სამუშაოების დროს (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) გამოვლინდა გვიანდელი ბრინჯაო – ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარი – სამთავრო I. სტაციონარული გათხრები დაიწყო 1976 წელს. ოვალური ფორმის განმხოლოებული გორა წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ორი მხრიდან მას მშრალი ხევები ესაზღვრება, ხოლო გორის აღმოსავლეთის კალთები სამთავროს ველს უერთდება. ნამოსახლარის ნაშთები ძირითადად დადასტურდა გორის კალთებზე და თხემზე გორა ათვისებული ჩანს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან. ნამოსახლარი დაზიანებულია გვიანდელი სამარხებისაგან. ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული. ნახევრადმიწური ბანურ-სახურავიანი სახლები ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხით. კედლები შელესილია ალიზით, იატაკი თიხატკეპნილია. შენობათა დასავლეთის, ე.ი. ზურგის, მხარე კონგლომერატშია გაჭრილი – ამ მხარეს კედელში თახჩებია, ხოლო მარცხენა კუთხეში – ნატეხი ქვითა და ალიზით ნაგები ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი. ღუმელზე მიშენებულ თაროებზე სამსხვერპლო-საკურთხევლებია გამართული. ნაწილი საკურთხევლებისა დამოუკიდებელია, უშუალოდ ღუმელთან არ არის დაკავშირებული. ზოგიერთ საკურთხეველზე თიხით ნაძერწი ანთროპომორფული ქანდაკებები დგას.

სახლების ერთ ნაწილში გვხვდება სამეურნეო ორმოები, კერები და ფილაფენილით გამართული ზღვე სანერწყულით. ნამოსახლარზე დადასტურდა რუხი და შავპრიალა თიხის ჭურჭელი, რკინის ნამგალი და დანები; კაჟისა და ობსიდიდიანის ნამგლისპირები, სასრესი და სანაყი ქვები, ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი, თიხისაგან გამოძერწილი ადამიანის გამოსახულებანი და სპირალურორნამენტიანი საბეჭდავი.

ძვ.წ. უკანასკნელ საუკუნეებში სამთავროში ვრცელდება მიცვალებულთა ქვევრებში დამარხვის წესი. სამარხად მეტწილად გამოყენებულია ჰორიზონტალურად ჩაფლული სამეურნეო დანიშნულების (საღვინე) ქვევრები. ქვევრსამარხებში მიცვალებულები ძლიერ ხელფეხმოკეცილი ესვენა, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე იყო თანადამარხვის შემთხვევებიც. ქვევრსამარხებში აღმოჩნდა წითლად ან შავად გამომწვარი პატარა ზომის თიხის ჭურჭელი, ლითონის სამკაულები (სამაჯურები, საყურე-რგოლები, ბეჭდები, მძივები), ბრინჯაოს ეჟვნები, რკინის დანები. ქვევრში დამარხვის წესის პარალელურად არსებობას განაგრძობს დასაფლავების ძველი წესიც დროის იმ მონაკვეთისათვის დამახასიათებელი ინვენტარით.

სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე გამოვლინდა ქვევრ-სამარხების დროინდელი ნამოსახლარი. შენობების საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით; ხოლო კედლები – ალიზით. ბათქაშის სქელი ფენით შელესილ კედლებზე ოთკუთხა პილასტრებია. შენობებს წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის სახურავი ჰქონია. ნამოსახლარებზე აღმოჩნდა წითლად შეღებილი თიხის ჭურჭელი, რომელიც ფართოდაა ცნობილი ელინისტური ხანის ქართლის ძეგლებიდან.

აღნიშნული ნამოსახლარის ახლოს გამოვლინდა გვიანდელი ანტიკური ხანის მარნის ნაშთი (5 ქვევრი), რომელსაც მოკირწყლული იატაკი და კრამიტის სახურავი ჰქონია.

ამავე პერიოდის ნამოსახლარის ნაშთები აღმოჩნდა აგრეთვე სამთავროს სამხრეთ უბანზე.

ადრინდელი შუა საუკუნეების ნამოსახლართა ნაშთები დადასტურდა სამთავროს სამხრეთ ნაწილში. იქვე, ფერდის ძირში, სამხრეთ-დასავლეთით გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების შენობათა კონტურები.

I-IV საუკუნეების სამარხები

ახ. წ. I-IV საუკუნეებში სამთავროზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის სამარხები: 1. ქვაყუთი (ორფერდა და ბანურსახურავიანი), 2. კრამიტსამარხი, 3. თიხისფილასამარხი (აგურფილა სამარხი), 4. ორმოსამარხი, 5, ქვათლილებით ნაგები სამარხი, 6. თიხის სარკოფაგი, 7. კომბინირებული სამარხი (სხვადასხვა მასალისაგან აგებული სამარხი).

ქვაყუთები ნაგებია კარგად დამუშავებული ქვიშაქვისაგან. სამარხის განივ კედლებზე, როგორც წესი, ნარიბანდებია ამოკვეთილი. მდიდრულ სამარხებში იატაკი სხვადასხვა მასალითაა (ქვისფილები, კრამიტი, თიხისფილა) მოგებული. ესენი ძირითადად ინდივიდუალური სამარხებია.

ზოგიერთი კრამიტსამარხი შეკრული იყო მხოლოდ ბრტყელი კრამიტით, ზოგიერთის ასაგებად კი ორივე ტიპის კრამიტი გამოუყენებიათ, მდიდრულ სამარხებს იატაკიც კრამიტისა ჰქონდა. არის როგორც ორფერდა, ისე ბანურსახურავიანი და საშუალო ზომის სამ-სამი ფილაქვით გადახურული კრამიტსამარხები.

თიხისფილა სამარხების განივ კედლებად გამოყენებულია თითო კვადრატული ფილა (0,58X0,58X0,03 მ), ხოლო გრძივი კედლები ნაგებია მთელი და ნახევარი ფილებით (0,29X0,28X0,03მ). სამარხები ქვიშაქვის სამი საშუალო ზომის ფილით იყო გადახურული. იშვიათია აგურფილა (0,3X0,31X0,04 მ) სამარხები.

ზემოაღნიშნულ სამარხებში გვხვდება მრავალფეროვანი მასალა: მცირე ზომის კერამიკული ნაკეთობანი, იმპორტული მინის ჭურჭელი, სამკაულები (გემიანი ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, მძივები), პირსაფარეშო საგნები, რომაული და პართული მონეტები და სხვ. ხშირია მდიდრული ინვენტარის შემცველი სამარხები. 1938 წელს აღმოჩნდა ქვაყუთები, რომელთა კედლებად წარწერიანი ქვები იყო გამოყენებული. ერო-ერთ მათგანზე მცხეთის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის ეპიტაფიაა, ხოლო მეორე წარწერა სამთავროს ველზე ებრაელთა დასაფლავების შესახებ მოგვითხრობს.

I-IV საუკუნეების სამარხები

სამთავროზე ადრინდელი შუა საუკუნების (IV-VIII სს.) მრავალრიცხოვანი სამარხებია აღმოჩენილი. ამ პერიოდში სამარხის გაბატონებულ ტიპს ქვაყუთი წარმოადგენს, არის აგრეთვე ქვის ფილრბით გადახურული ორმოსამარხებიც, ქვაყუთები განსხვავდებიან წინა ეპოქის სამარხებისაგან. ისინი უფრო მაღალია, დიდრონი ლოდებისაგან არის შედგენილი და ზედა ნაწილში შევიწროებულია. სამარხები კოლექტიურ-საოჯახო საკრძალავს წარმოადგენს. მიცვალებულები დაკრძალულია გაშოტილი, ქრისტიანული წესით (გვხვდება აღმოსავლეთით დამხრობილებიც, რაც იქ დაკრძალულთა ეთნიკური, შესაძლოა რელიგიური სიჭრელის მაჩვენებელია). სამარხებში ძირითადად გვხვდება სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები. აღმოჩენილია დიდი რაოდენობით მინის ჭურჭელი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები