სარსარაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარსარაკი

სარსარაკი (ლათ. Otis tetrax Linnaeus, 1758) − ფრინველი სავათისებრთა ოჯახიდან.

სარსარაკი საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 245-280 მმ-ია, გალო − 60-70 მმ, ნისკარტი — 24-25 მმ, წონა − 850-1000 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრადაა გამოხატული გამრავლების პერიოდში. ზრდასრულ მამალს გაზაფხულზე ზურგის მხარე მუქი აქვს, განივი მოჩალისფრო-ყვითელი სიჭრელით. კისრის უკანა მხარეს შავი ფერის წაგრძელებული ბუმბულებია. ლოყები, ყურების მფარავები, ყელი და კისერი წინა მხრიდან მუქი რუხია, მაგრამ კისერზე 2 თეთრი ზოლია საყელურივით შემოვლებული. ამ თეთრ ზოლებს ქვემოდან შავი ზოლები გასდევს. ჩიჩახვის გვერდები ზურგის შეფერილობისაა. დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია. პირველი რიგის გარეთა მომქნევები მურაა, ღია ფერის წვეროებით; შიგნითა მომქნევები თეთრია, წვეროს ქვემოთ მურა ლაქებით. კუდის ზემო მფარავები თეთრია, მუქი ლაქებით ან ზოლებით. საჭის შუა ბუმბულები ისევე ჭრელია, როგორც ზურგი. საჭის დანარჩენი ბუმბულები თეთრია, მუქი განივი ზოლებით. ნისკარტი მოწაბლისფრო-რუხია, ფეხები − მოყვითალო-რუხი. შემოდგომით ყელი თეთრია, ლოყები და ყურების მფარავები − ჭრელი, ისევე როგორც თხემი. კისერი და ჩიჩახვი მოჩალისფრო-ყვითელია, მუქი ნახევარმთვარის ფორმის ლაქებით. ზრდასრული დედალი მამლის შემოდგომის შეფერილობის მსგავსია, მაგრამ მკერდსა და მუცლის გვერდებზე ბევრი აქვს მუქი ნახევარმთვარისებური სიჭრელე.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება აღმოსავლური სარსარაკი — O. t. orientalis Hartert, 1916.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს დასავლეთ პალეარქტიკას, ჩრდილო-დასავლეთი აფრიკიდან, პირენეის ნახევარკუნძულს, საფრანგეთს და დასავლეთი ევროპიდან სსრკ გავლით ავღანეთამდე და კაშგარიამდე. სსრ კავშირის ფარგლებში ბუდობს ევროპული ნაწილის, დასავლეთი ციმბირის, ყაზახეთისა და ნაწილობრივ შუა აზიის ველებზე. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია. ზამთრობს ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიასა და ინდოეთში, მცირე რაოდენობით აგრეთვე ყირიმსა და ამიერკავკასიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი — ალაზნის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში. მიმოფრენის დროს გვხვდება დასავლეთ საქართველოშიც.

ბიოტოპი

ბინადრობს ყამირ და ნასვენ ველებზე, მაღალბალახნარიანი საფარით, ზოგჯერ მარცვლოვანებითა და ეფემერებით. ზოგან უპირატესობას ანიჭებს მშრალ ქვიშნარ ველებს, სადაც მხოლოდ წივანა ბალახი ვითარდება მცირე რაოდენობით.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აწყობს მიწაზე, უბრალო ჩაღრმავებაში და ამოფენილია ხმელი ბალახითა და ბუმბულებით. მაისის პირველ ნახევარში დებს 3-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება.

კვება

სარსარაკი იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. ცხოველურ საკვებში ჭარბობს მწერები. ზამთრის საკვებში მეტწილად მცენარეულობაა.

მნიშვნელობა

ერთ-ერთი ძვირფასი სანადირო ფრინველია ველის ზონაში, მაგრამ ახლა მისი რიცხობრიობა მკვეთრადაა შემცირებული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები