სავათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სავათი

სავათი (ლათ. Otis tarda Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი სავათისებრთა ოჯახისა სავათისნაირთა რიგიდან.

ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა

სავათი დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 465-670 მმ-ია, გალო − 110-165 მმ, ნისკარტი — 45-50 მმ, წონა დედლისა − 5-6 კგ, მამლისა − 12—14 კგ. ნაპოვნია 18 კგ-იანი ეგზემპლარებიც. მამალი ბევრად დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის დიდი განსხვავება არაა. ზრდასრული მამალი გაზაფხულზე ზურგის მხარეს მოჟანგისფრო-ჟანგმიწისფერია, ფართო შავი განივი ზოლებით. თავი და კისრის დიდი ნაწილი ნაცრისფერია. ნიკაპის მახლობლად კისრის გვერდებზე გამოზრდილი აქვს ძაფისებური ბუმბულების „ულვაში“. საჭის კიდურა ბუმბულები თეთრია, შავი ბოლოებით, ხოლო ცენტრალური წყვილი ჟანგისფერია, შავი განივი ზოლებით. პირველი რიგის მომქნევები მუქი მურაა, მეორე რიგისა — მურა, თეთრი ძირებით. ფრთის საშუალო და ქვემო მფარავები თეთრია, მორუხო ელფერით. კისრის წინა მხარეზე, ჩიჩახვსა და კისრის უკანა ნაწილზე ჟღალი „საყელურია“. მუცელი თეთრია, ზაფხულის განგურის შემდეგ მამალს „ულვაშები“ აღარ აქვს, ხოლო კისერი და ჩიჩახვი რუხი ხდება. ფეხები მომწვანო-მურაა, ნისკარტი — მუქი-რუხი, შავი წვეროთი. ზრდასრულ დედალს გამრავლების პერიოდში „ულვაში“ არ აქვს. სხვა დროს იგი არ გამოირჩევა მამლისაგან, თუ არა მხოლოდ პატარა ზომით.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული სავათი — O. t. tarda Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი აფრიკის ველებს, ტყე-ველებსა და ნახევარუდაბნოებს. საბჭოთა კავშირში ბუდობს ყირიმსა და კავკასიაში, ყაზახეთსა და შუა აზიის ველებზე, ციმბირსა და ალტაიში, შორეულ აღმოსავლეთში. არეალის უმეტეს ნაწილში მიმომფრენია. ზამთრობს ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთ ირანში, სამხრეთ-დასავლეთ თურქმენეთსა და ტაჯიკეთში. საქართველოში ცნობილია როგორც გადამფრენი და ნაწილობრივ მოზამთრე ფრინველი, მეტწილად შირაქის, ტარიბანისა და ალაზნის ველებზე. მიმოფრენის დროს ნახულობენ დასავლეთ საქართველოშიც.

ბიოტოპი

ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ყამირ მიწებზე; ჩვეულებრივად გაშლილ ველებზე, ტყე-ველებში, ნახევარუდაბნოებში. ზოგან მოიპოვება მაღალი მთების ველებზედაც.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. გამრავლებას იწყებს აპრილის მეორე ნახევარში. მიწაზე გაკეთებულ მარტივ ბუდეში დებს 2, იშვიათად 3 კვერცხს. ბუდის აგებაზე, ინკუბაციასა და მართვეების აღზრდაზე მხოლოდ დედალი ზრუნავს. საინკუბაციო პერიოდი 28-30 დღეს გრძელდება.

კვება

საკვების შედგენილობა შერეული ხასიათისაა და ცვალებადობს წლის სეზონების მიხედვით. ზაფხულში მცენარეული საკვებიდან უმთავრესია რთულყვავილოვანთა ბალახების ფოთლები, ტუბერებით, ყვავილები და ღეროები. ცხოველებიდან ჭამს მწერებს, ხვლიკებს, პატარა ზომის მღრღნელებს, ზოგჯერ სხვა ფრინველების მართვეებს. ზამთარში ძირითადი საკვებია მცენარეულობა, მათ შორის საშემოდგომო ხორბლის ჯეჯილი.

მნიშვნელობა

სავათი სანადირო ფრინველია. მას მოიპოვებენ უხვი და მაღალი ღირსების ხორცისათვის. ამჟამად მისი რიცხობრიობა ძლიერ შემცირებულია და მასზე ნადირობა აკრძალულია. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები