ქათქათა მთიულა
ქათქათა მთიულა (ლათ. Montifringilla nivalis Linnaeus, 1766) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ქათქათა მთიულა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ფეიქარასებრნი (Ploceidae)
- გვარი − ქათქათა მთიულა (Montifringilla )
ქათქათა მთიულა ბეღურაზე დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 110-125 მმ-ია, კუდი — 62-75 მმ, ნისკარტი — 13-15 მმ, წონა — 30-45 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრულ ფრინველს ზაფხულში თავი ზემოდან მოწაბლისფრო-რუხი აქვს; ლოყები და პირის კუთხეები — მუქი რუხი. ზურგი მურაა, არამკვეთრი მკრთალი გასწვრივი სიჭრელით. კუდის მფარავები მუქი მურაა, წვეროს ნაწილში მსხვილი თეთრი და შავი ლაქებით. საჭის შუა წყვილი მოწაბლისფრო-შავია, ხოლო დანარჩენი — თეთრი, მოწაბლისფრო-შავი ლაქებით წვეროში; მათ შორის საჭის კიდურა ბუმბულები სუფთა თეთრია. პირველი რიგის მომქნევები მოწაბლისფრო-შავია, მაგრამ მათ შორის ყველაზე შიგნითას თეთრი ლაქა აქვს. მეორე რიგის მომქნევები, გარდა შიგნითა ერთისა, თეთრია, მოწაბლისფრო-შავი ძირებით. ფრთის მფარავებიც თეთრია, ხოლო პატარა ფრთა მოწაბლისფრო-შავი. ყელი შავია, მუცლის მხარე თეთრი, ნისკარტი და ფეხები — შავი.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ალპური ქათქათა მთიულა – M. n. alpicola Pallas, 1811.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი შეიცავს რამდენიმე იზოლირებულ ნაწილს ევროპასა და აზიაში: პირენეის, ალპების, აპენინის, ბალკანეთის, კავკასიის, მცირე აზიის, პალესტინის, ჩრდილო-დასავლეთი ირანის, ავღანეთის, შუა და ცენტრალური აზიის, მონგოლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ალტაის მთებში. მობინადრე ფრინველია, მაგრამ ახდენს მცირე გადანაცვლებას ვერტიკალური მიმართულებით. საქართველოში მოიპოვება მრავალ ადგილას როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მთების სუბალპურსა და ალპურ ზონაში, ირჩევს ფრიალო კლდეებს, მაღალი მთების ველებზე ქვა-ღორღიან ადგილებს, მინდვრებსა და მდელოებს, მეტწილად მთის პატარა მდინარეებისა და ნაკადულების სიახლოვეს, სადაც არის დიდი ლოდები ან კლდეების ნანგრევები.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად, თუმცა ხშირად — ერთმანეთის მახლობლად. ბუდეს იკეთებს კლდეების ღრმა ნაპრალებში ან ქვის შენობების კედლებში. მაისის შუა რიცხვებში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, ხოლო მამალს მოაქვს მისთვის საკვები. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღეს გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.
კვება
ქათქათა მთიულას ძირითად საკვებს შეადგენენ ზაფხულში მწერები, ობობები და სხვა პატარა ზომის უხერხემლოები. მწერებითვე კვებავს ბარტყებსაც. შემოდგომით და ზამთარში ჭამს მეტწილად ნაირგვარ თესლებს, რომელთაც პოულობს ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად, გზებზე, ნეხვში და სხვ.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, თუმცა დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.