ფეიქარასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეიქარასებრნი (ლათ. Ploceidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ფეიქარასებრთა ოჯახი აერთიანებს მეტწილად ბეღურასოდენა ფრინველებს. მხოლოდ რამდენიმე აღწევს შოშიისოდენამდე. სხეულის საერთო აგებულებით ძალიან ჰგვანან მთიულებს. ნისკარტი მარცვალჭამია ტიპისაა, კონუსური და რამდენადმე წაგრძელებული, შუა ნაწილში ოდნავ ამოზნექილი, გვერდებიდან შეზნექილი ან ნისკარტზედას წვერო რკალისებურად მოხრილი. ნესტოები მრგვალია, ზოგიერთ სახეობას დაფარული აქვს პატარა ბუმბულებით. ფრთა ჩვეულებრივად მოკლე და ბოლოში მომრგვალებულია, თუმცა არიან ისეთებიც (ქათქათა მთიულა, კლდის ბეღურა და სხვ.), რომელთაც საკმაოდ გრძელი და მახვილი ფრთები აქვთ. პირველი რიგის მომქნევი 10-ია. მათ შორის პირველი სხვებზე მოკლეა ან რუდიმენტულია. კუდი შეიცავს საჭის 12 ბუმბულს, შედარებით გრძელი, ბოლოში პირდაპირი ან ოდნავ მომრგვალებულია. მამალ სამოთხის ქვრივას საჭის ერთი-ორი ცენტრალური წყვილი ძლიერ წაგრძელებული აქვს. ბუმბულსაფარველი მჭიდროა, შეფერილობით ტროპიკული ფორმები მეტად მკვეთრი და ნაირფერია, ხოლო ზომიერი სარტყლის ფორმები – უფრო სადა და მკრთალი. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში უმრავლესობას კარგად აქვს გამოხატული.

ბინადრობენ მეტწილად ღია კულტურულ ლანდშაფტში, მეჩხერი ტყის ფრაგმენტებში, ბუჩქნარიან მინდვრებში, მარცვლოვანთა ყანების მახლობელ ქარსაცავ ზოლებში, ბაღებსა და ვენახებში, ადამიანის სამოსახლოებში სოფლებსა და ქალაქებში. ყველაზე მეტი მაინც სავანის ტიპის ნათელ ტყეებში არიან. უმრავლესობა ეტანება დაბლობებს. არიან კლდეებისა და მაღალი მთების ფორმებიც. ყოფნის ხასიათის მიხედვით უმრავლესობა მობინადრე ან მომთაბარეა. რამდენიმე პალეარქტიკულ სახეობას (ინდოეთის ბეღურას, შავგულა და კლდის ბეღურებს) ნამდვილი სეზონური მიგრაციებიც ახასიათებთ.

მონოგამიური ფრინველებია. ზოგიერთებს ახასიათებს ბიგამია და პოლიგამიაც. რიგი სახეობისათვის დამახასიათებელია ბუდის პარაზიტიზმი. ბუდობენ ჩვეულებრივად კოლონიებად, ხშირად ათასობით და მილიონობით წყვილი ერთად, იშვიათად ცალკეულ წყვილებადაც. ბუდეს აკეთებენ მეტწილად ხეებზე, ბუჩქებზე, ბალახებში ან ფუღუროებში, რაიმე საგნის სიღრუეში, კლდის ნაპრალებში, სოროებში. განსაკუთრებით მოხდენილ ბუდეს წნავენ ნამდვილი ფეიქრები. ბუდეს აკეთებენ უპირატესად მამლები, ხოლო დედლები მონაწილეობენ ბუდის აგებაში მხოლოდ დასკვნით ეტაპზე. დებენ 2-8 კვერცხს. კრუხად სხდებიან დედლები, ზოგჯერ მამლებიც. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.

ფეიქარასებრთა ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი კულტურული სტადიის თესლები. გამრავლების პერიოდში ჭამენ მწერებსაც, რაც აგრეთვე და ველური მცენარეების როგორც მომწიფებული, ისე სიმწიფის სხვადასხვა ძირითად საკვებს წარმოადგენს ბარტყებისთვისაც. ზოგიერთი მასობრივი სახეობა შესამჩნევ ზიანს აყენებს მარცვლოვანთა ნათესებს; სხვებს, ზოგიერთ ზიანთან ერთად, მნიშვნელოვანი სარგებლობაც მოაქვთ სახალხო მეურნეობისათვის.

ფეიქარასებრთა უმრავლესობა გავრცელებულია აღმოსავლეთი ნახევარსფეროს ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ზონებში. განსაკუთრებით მრავლად არიან ისინი აფრიკაში, შემდეგ აზიაში, ავსტრალიაში და ევროპაში. სახლის ბეღურა აკლიმატიზებულია ამერიკაშიც; ამჟამად ფართოდაა იქ გავრცელებული.

ოჯახის სისტემატიკა სრულყოფილად ჯერ კიდევ არაა დამუშავებული. სხვადასხვა ავტორის მიერ გამოიყოფა 150-დან 263-მდე სახეობა, რამდენიმე ქვეოჯახითა და გვარით. საქართველოში მოიპოვება ამ ოჯახის 3 გვარი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები