სახლის ბეღურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სახლის ბეღურა

სახლის ბეღურა (ლათ. Passer domesticus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

სახლის ბეღურა საშუალო ზომის ბეღურაა, ფრთა 70-85 მმ-ია; კუდი – 55-65 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 23-25 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, აგრეთვე წელი და კუდზედა ბუმბულები მუქი რუხი აქვს; პირის კუთხეებიდან თვალების ქვემოთ ფართო შავი ზოლები გასდევს. ლოყები და მათი მოსაზღვრე კისრის გვერდები რუხია. თვალების ზემოთ და უკან, აგრეთვე კისრის ზემო მხარე მოჟანგისფრო-წაბლისფერია; ზურგზე არის შავი და წაბლისფერი გასწვრივი წინწკლები. ფრთის დიდი მფარავები და მეორე რიგის მომქნევები მუქი მურაა, ფართო წაბლისფერი არშიებით. პატარა მფარავები წაბლისფერია, შავი ძირებით. ფრთის საშუალო მფარავები ძირში მუქი მურაა, ხოლო წვეროს ნახევარი თეთრი აქვთ, რაც ფრთაზე განივ ზოლს წარმოქმნის. პირველი რიგის მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა. ნიკაპი, ყელი, ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი შავია; მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები – ღია რუხი, სხეულის გვერდები – რუხი. ნისკარტი შავია, ფეხები – მუქი მურა. ახალ ბუმბულსაფარველზე მამლის თავი ზემოდან, წელი და კუდზედა ბუმბულები მურა ელფერისაა. მომქნევებს, ზურგისა და საჭის ბუმბულებს ფართო ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ. ყელისა და ჩიჩახვის შავი ბუმბულები თითქმის დაფარულია მათი თეთრი არშიებით. სხეულის მუცლის მხარე და გვერდები ჭუჭყიანი და ჟანგმიწისფერია. ზრდასრულ დედალს თავი და კისერი ზემოდან, წელი და კუდზედა ბუმბულები მუქი მურა აქვს. თვალების ზემოთ და უკან ვიწრო ღია ფერის ზოლებია; ლოყები მორუხო-მურაა; ზურგზე მურა ფერის გასწვრივი წინწკლებია. ყელი, ჩიჩახვი და მკერდი მურა-რუხია, მუცელი – ღია რუხი; კუდქვეშა ბუმბულები – მოთეთრო. ფრთაზე განივი თეთრი ზოლი ვიწროა.

აღწერილია 14-19 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება: ჩვეულებრივი სახლის ბეღურა – P. d. domesticus Linn., 1758; წინააზიური სახლის ბეღურა – P. d. biblicus Hartert, 1910 და ჰირკანული სახლის ბეღურა – P. d. hyrcanus Sarudny et Kudaschew, 1916.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, დაუსახლებელი უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა; აზიის უდიდეს ნაწილს – ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და ცენტრალური, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის გამოკლებით. ბინადრობს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, მცირე აზიასა და არაბეთში, მისი ცენტრალური და დასავლეთი რაიონების გარდა. ბუნებრივი არეალის გარდა, აკლიმატიზებულია აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის მრავალ ადგილას, აგრეთვე ბევრ კუნძულზე, სადაც ამჟამად ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკვეთრად გამოხატული სინანთროპული ფრინველია. ბინადრობს ნაირგვარ, მეტწილად კულტურულ ლანდშაფტში, ბარშიც და მთაშიც, ყველგან სადაც არის ადამიანის დასახლება და მისდევენ მეცხოველეობას, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, უმეტესად კი მარცვლოვანების მოყვანას.

გამრავლება

ბუდობს განცალკევებულ წყვილებად, თუმცა ხშირად ბუდეები ერთმანეთის მახლობლადაა განლაგებული. ბუდეს აკეთებს შენობების ხვრელებში, სახურავების ქვეშ მიუდგომელ ადგილას, ზოგჯერ ხრამების ფერდობებზე სოროებში, ხის ფუღუროებში, დიდი ზომის მტაცებელ ფრინველთა ბუდეების კედლებში. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება, შესაძლოა – ზოგან სამჯერაც. გამრავლება იწყება აპრილის პირველ ნახევარში და გრძელდება აგვისტომდე. დებს 5-6 კვერცხს, იშვიათად მეტსაც. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 11-13 დღემდე გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი საკმაოდ დიდხანს, ბუდიდან გადმოფრენის შემდეგაც.

კვება

სახლის ბეღურას საკვები მეტად ნაირგვარია. იგი იკვებება კულტურული თუ ველური მცენარეების თესლებით, როგორც მინდვრებში, ისე ბეღლებსა და საწყობებში. ჭამს ადამიანის საკვების ნარჩენებს, შინაური ფრინველისა თუ სხვა ცხოველების საკვებს, ხილსა და კენკრას. ზაფხულში ბარტყების გამოკვების პერიოდში, მრავლად ჭამს მწერებსაც.

მნიშვნელობა

ზოგიერთ ადგილას, სადაც ეს ფრინველი რიცხვმრავალია, იგი საგრძნობ ზიანს აყენებს მარცვლოვანთა ნათესებს, ბეღლებსა და საწყობებს. გაზაფხულზე აზიანებს ხეხილის კვირტებსა და ყვავილებს. გამრავლების პერიოდში მოაქვს გარკვეული სარგებლობა მავნე მწერების განადგურებით. ამიტომ საჭიროა მისი რიცხობრიობის რეგულირება და არა მთლიანად მოსპობა, რაც დადასტურებულია ჩინეთში დაშვებული შეცდომით.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები