ქართველიშვილი იოანე
იოანე ქართველიშვილი – (დ. 1772, სოფ. ფხვენისი, გ. –1816). საზოგადო მოღვაწე და ქართულ კულტურის მოამაგე. ეწეოდა პედაგოგიურ, ლიტერატურულ მოღვაწეობას, მთარგმნელობით მუშაობას. განსაკუთრებით ფასეულია ქართველიშვილის მემუარები, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და საყურადღებო ცნობებს შეიცავს XVIII ს. საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ.
1734 ქართველიშვილი სასწავლებლად მიაბარეს კალოუბნის ეკლესიაში. 1788 სიონის ტაძარში მთავარ-დიაკვნად აკურთხეს, 1792 კი მღვდლად ეკურთხა. 90-იან წლებში ფიზიკისა და ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. გრამატიკას ასწავლიდა ვარლამ ერისთავი. მალე ქართველიშვილი, როგორც ფრიად განსწავლული პიროვნება, იულონ ბატონიშვილმა თავის ძეთა აღმზრდელად მიიწვია.
1804-იდან ქართველიშვილმა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. სასწავლებელში მუშაობის დროს (1809) მან შეადგინა ქართული ენის გრამატიკა – „ქართული ღრამმატიკა შეთხზული ტფილისის საკეთილშობილო სასწავლებლის მოძღვრის პროტოპოპის იოანე ქართველიშვილისაგან სახმარად მისვე სასწავლებელსა. 1809 წ. ტფილისი“. სახელმძღვანელოს შექმნის საბაბად ავტორი ასახელებს ანტონ I-ის გრამატიკის სირთულეს. რადგან „სივრცისა გამო მისისა არა ადვილ ძალუცსთ ჰსწავლებად იგი მცირეწლოვანთა ყრმათა, ამისათვის და გულისმოდგინებითა ძლითცა თანამდებობისა ჩემისადმი ეგრეთვე სასარგებლოთცა ყრმათა თანამემამულეთა ჩემთათა დავშვერ შეთხზვასა ხელმყოფმან აღწერად ამისსა“. ქართველიშვილის ხელნაწერი გრამატიკა, როგორც სახელმძღვანელო, მასობრივად უნდა ყოფილიყო გავრცელებული ხსენებულ სკოლაში (ა. იოსელიანი).
1815 თბილისში დაიბეჭდა ქართველიშვილის ხელნაწერი გრამატიკისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული „ქართული ღრამმატიკა“, რომლის მეორე გამოცემა (მოსკოვი, 1825) არსებითად არ განსხვავდება პირველისაგან.
1815 გამოცემული გრამატიკა შეიცავს 16 თავს (77 პარაგრაფს). იწყება ნორმატიული გრამატიკის ტრადიციული განსაზღვრით: „ღრამმატიკა არს ჰსწავლა ჴელმძღუანელი კანონიერისა უბნობისა და მართლწერისადმი“. იგი იყოფა სამ ნაილად: ეტიმოლოგია-ლექსთწარმოება (მორფოლოგია), ლექსთთხზულება (სინტაქსი) და ორთოგრაფია (მართლწერა). II გამოცემაში წარმოდგენილია მხოლოდ პირველი ნაწილი.
პირველი თავი ეხება ასოებს, მარცვლებსა და ლექსებს (სიტყვებს), ასოები დაჯგუფებულია – ხმოვნად, ორხმოვნად და უხმოდ. ხმოვანი-„სხვათა ასოთა შეუწევნად აწარმოებენ ხმებს“ (ა, ე, ი, ო, უ) ორ ხმოვანი –ბრჯგუდ აწარმოებენ ორ ხმას“ (ჲ, ჳ, ჵ, ჰ). დანარჩენები უხმო ასოებია.
სიტყვის (მეტყველების) ნაწილთა შესახებ მსჯელობისას გამოყოფილია მეტყველების 8 ნაწილი: სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, მიმღეობა, თანდებული, ზმნიზედა, - კავშირი, შორისდებული. პირველი ოთხი – შეცუალებითია (ფორმაცვალებადი), დანარჩენები – შეუცვალებითნი (ფორმაუცვლელნი). მეტყველების ნაწილებს ახასიათებს სახე და ნაკვეთი. სახის მიხედვით სახელები იყოფა ორ ჯგუფად: პირველსახედ (მზე, დღე…) და წარმოებულად (მზიური, დღიური… ნაკვთი ფუძის აგებულებას გულისხმობს. ფუძეები იყოფა ორ ჯგუფად: მარტივად (პატივი, კეთილი.) და რთულად (კეთილისმყოფელი…)
სახელები დაყოფილია სამ ჯგუფად: არსებით სახელებად (კითხვა – ვინ? რა?), ზედშესრულად (კითხვა – ვითარი?) და რიცხვითად (კითხვა – რამდენი?). წარმოდგენილია 9 ბრუნვა: წრფელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, შემასმენლობითი, დაწყებითი, მოთხრობითი, მოქმედებითი და წოდებითი, ბრუნვათა დახასიათებისას მითითებულია, თუ რას გამოხატავს ბრუნვა და რა კითხვას უპასუხებს იგი. ბრუნვის ნიშნები გამოყოფილი არ არის. სახელთა დაბოლოების მიხედვით განსხვავებულია კანკლედობის (ბრუნების) ოთხი ჯგუფი. შენიშნულია ფონეტიკური ცვლილებები, რომლებიც ბრუნებისას ხდება – ფუძეთა კვეცა და კუმშვა.
საკმაოდ დაწვრილებით არის განხილული და სისტემაში მოყვანილი სიტყვაწარმოებითი ელემენტები. ცალკეა განხილული ნაცვალსახელები. გამოყოფილია მათი 6 ჯგუფი. ავტორი მსჯელობს ნაცვალსახელთა პირსა და რიცხვზე, იძლევა ბრუნების ნიმუშებს.
წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა ზმნას. განხილულია მდევარნი ზმნათა (ზმნის კატეგორიები): ნაკვეთი, სახე, რიცხვი, პირი, სქესი (მოდალობა), უღვლილება; ზმნის დაბოლოებები დროთა მიხედვით, ზმნათამაპიროვნებლები და მამრავლებელნი (პირისა და რიცხვის ნიშნები). გარჩეულია კანონიერი და უკანონო ზმნები. მნიშვნელობის მიხედვით განსხვავებულია: არსებითნი (არის, მყოფობს…), შემოქმედებითნი (მოქმედებითიგვარის ზმნები – განატფობს, დასაჯა.…), ვნებითნი (განიტფების, დაისაჯა..), უმეშვეობითნი (საშუალო გვარის გაგებით – მრწამს, მაქვს… საშუალი ზმნები იყოფიან ხატშემოქმედებითებად (განიხარა, უცხოვრიეს…) და ხატოვნებითებად (ეჰსწვები, ჰცხონდა… )
ზმნის უღვლილებაში გარჩეულია ორი ტიპი: 1. როდესაც აწმყო დროის მხოლობით რიცხვში I პირის მაპიროვნებელია ვ, II პირი იწყება ხმოვნებით, III პირის დაბოლოებაა -ს (სუბიექტ. წყობის ზმნები) და 2. როდესაც აწმყო დროის მხოლობით რიცხვში I პირის მაპიროვნებელია მ, II პირისა – გ, III კი – ამ ნიშანთა შემდგომი ასოები (ობიექტ. წყობის ზმნები), წარმოდგენილია უღვლილების პარადიგმები.
ბოლო თავებში განხილულია მიმღეობა, თანდებული, ზმნიზედა და შორისდებული.
იმის მიუხედავად, რომ ქართველიშვილი თავის გრამატიკაში ძირითადად ემყარება ანტონ I-ისა და გაიოზ რექტორის გრამატიკებს, მან მაინც მოახერხა საკუთარი სიტყვის თქმა. ამასთანავე, XVIII-XIX სს. ქართულ გრამატიკებს შორის ქართველიშვილის გრამატიკა გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და დახვეწილობით, მასალის სისტემატიზაციით, სხარტი და გასაგები განმარტებებით.