შუა ევროპის ვაკე
შუა ევროპის ვაკე ანუ გერმანია-პოლონეთის ვაკე-დაბლობი წარმოადგენს ევროპის ვაკის დასავლეთ ნაწილს, რუსეთის ვაკის გაგრძელებას, რომელსაც სამი მხრიდან გააჩნია ბუნებრივი საზღვარი – ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვები, სამხრეთით ცენტრალური ჰერცინული ევროპის მთისძირები, დასავლეთით – ქვემო რაინი. აღმოსავლეთით შუა ევროპის ვაკის ლანდშაფტი შესამჩნევი ცვლილებების გარეშე ებმის რუსეთის ვაკის ლანდშაფტს. ვაკის ტერიტორია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია დაახლოებით 600 კმ-ზე, ხოლო სიგანე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მკვეთრად კლებულობს 500-დან 200 კმ-მდე. ვაკის ფარგლებში მდებარეობს მთელი რიგი ქვეყნები — მთლიანად დანია და ნიდერლანდები და გერმანიის და პოლონეთის ჩრდილოეთი ვაკე ნაწილები.
რუსეთის ვაკისაგან განსხვავებით, შუა ევროპის ვაკის ზედაპირი უფრო ბრტყელი და ერთფეროვანია, ნაკლები სიმაღლის, კლიმატურად უფრო ოკეანური, რასთან დაკავშირებითაც ფართოფოთლოვანი ტყეების ეკოსისტემას მეტი არეალი გააჩნია. დასავლეთისაკენ ველური ბუნების ანთროპოგენური ტრანსფორმაციის ხარისხიც მატულობს.
სარჩევი |
რელიეფი
შუა ევროპის ვაკე წარმოიშვა ბალტიის კრისტალურ ფარსა (ჩრდილოეთით) და პალეოზოურის ნაოჭა სტრუქტურებს (სამხრეთით) შორის განვითარებულ ვრცელი როფის გაღუნვის ადგილას. გაღუნვა დაიწყო პალეოზოურის ბოლოს და მას შემდეგ მესამეულის დამლევამდე გაბატონებული იყო ზღვიური პირობები, რომელსაც პერიოდულად ცვლიდა რეგრესია და კონტინენტური პირობები. ვაკის ტერიტორია ზღვისგან საბოლოოდ განთავისუფლდა მესამეულის დამლევს, რომლის შემდეგ რელიეფის წარმომქმნელ მთავარ ფაქტორად გვევლინება ძველი (ქვედა) მეოთხეულის გამყინვარება, რომლის ფორმები თანამედროვე მორფოგრაფიაში ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ფონის შემქმნელია. მაქსიმალური გამყინვარების დროს ყინული ფარავდა ვაკის თითქმის მთელ ტერიტორიას. თანამედროვე რელიეფში გაცილებით უფრო ნათლად არის შემორჩენილი უკანასკნელი გამყინვარების (რომელიც მოიცავდა ვაკის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს) კვალი. რეგიონი მყინვარულ-აკუმულაციური ვაკის კლასიკური მაგალითია. მეზოკაინოზოური ასაკის ზღვიური დანალექი ქანების საფარს გადახურავს მნიშვნელოვანი სისქის კონტინენტური (ტბიური, ალუვიური, მყინვარული) ნაფენები. მარტო მყინვარული წყების სიმძლავრე 100-200 მ შეადგენს.
გამყინვარების შემდგომ პერიოდში განახლდა ტერიტორიის დაწევა და მასთან დაკავშირებით ტრანსგრესია, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა ჩრდილოეთის და ბალტიის შელფური ზღვები.
ვაკის დასავლეთი ნაწილის ზედაპირი გაცილებით უფრო ვინრო და ბრტყელია, რომლის სიმაღლე 100 მ ნაკლებია, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი, სანაპიროს გაყოლებით, ზღვის დონეზე დაბლაა. ხმელეთში იჭრებიან წყალმარჩხი ყურეები, რომლებიც წარმოქმნილია ისტორიულ დროში სანაპირო ტერიტორიის დაწევის შედეგად. მათგან ყველაზე დიდია ზეიდერზეს ყურე, რომელიც ზღვიდან გამოყოფილია დასავლეთ ფრიზის კუნძულებით.
ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროს გაყოლებით ჩამწკრივებულია დი- უნური სანაპირო ზოლის დაძირვის შედეგად წარმოქმნილი დასავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ფრიზის კუნძულები, რომლებიც კონტინენტისაგან გამოყოფილნი არიან ვატებით. სანაპირო ზოლის დაძირვისა და ვატების წარმოქმნის შედეგად წარმოიშვა ერთგვარი მეორე შიდა სანაპირო ხაზი, რომელიც გერმანიაში ცნობილია მარშების, ხოლო ნიდერლანდებში – პოლდერების სახელწოდებით. ეს არის ზღვის მაქსიმალური მოქცევის შედეგად წყლით დაფარული დაბლობის ზოლი. მის ფარგლებში მდებარეობს სახნავი მიწების მნიშვნელოვანი მასივები, რომელთა წყალდიდობისაგან დასაცავად სახელმწიფოს (ნიდერლანდებს) გიგანტური მასშტაბის საინჟინრო ტექნიკური ნაგებობების შექმნა და მისი პერიოდულად განახლება უხდება.
პოლდერების ზოლს შიგნით ცვლის შედარებით მაღალი, მაგრამ ნაკლებად ნაყოფიერი ზიანდრული ქვიშებით აგებული ზედაპირი, ეგრეთ წოდებული გესტების ზონა, ხოლო მისგან სამხრეთით მთისწინა ვაკეზე ლიოსისმაგვარ წყებებზე წარმოქმნილია ნიადაგები.
შუა ევროპის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილი ბევრად უფრო განიერია, სიმაღლე მეტია (პოლონეთის ტერიტორიაზე 337 კმ-მდე), რელიეფი შედარებით მრავალფეროვანია, უკანასკნელი გამყინვარების ბოლო მორენებისაგან წარმოქმნილია უამრავი ბორცვები, ხოლო მათ შორის მრავალრიცხოვანი დაგუბებული ტბაა, მასთან დაკავშირებით ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთმა ნაწილმა მიიღო პოზოზერიეს სახელწოდება, ბოლომორენული ბორცვების ზონა, რომელიც გადაჭიმულია იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან რუსეთის ვაკემდე, ცნობილია ბალტიის ტბიური სერის ნახელწოდებით. ბალტიის ზღვის სანაპირო ლაგუნურ-ლიმანური ტიპისაა, მოხერხებულ უბეებში (გდანსკის და სხვ.) განლაგებულია მსხვილი საპორტო ქალაქები.
ვაკის აღმოსავლეთ ნაწილის რელიეფის ხასიათს ბოლო მორენების ზოლიდან სამხრეთით უმეტესად განსაზღვრავს ყინულების ნადნობი წყლის მოქმედება, რასთანაც დაკავშირებულია ზანდრული (ქვიშიანი) ვაკეების წარმოქმნა.
ჰავა
ჰავა ვაკის უმეტეს ნაწილზე ზომიერად კონტინენტურია, მაგრამ იმავე განედებში მდებარე რუსეთის ვაკესთან შედარებით უფრო ტენიანია და რბილი, ზომიერად ყინვიანი ზამთრით. დასავლეთიდან ალ- მოსავლეთისაკენ დიდ გადაჭიმულობასთან დაკავშირებით ჰავის ნაირგვარობა უფრო ნათლად ჩანს ატლანტის ოკეანიდან დაშორების მიხედვით, განსაკუთრებით ზამთრის სეზონში. უკიდურეს დასავლეთში ჩრდილოეთის ზღვისპირა ზოლში ზამთარი რბილია, თითქმის უყინვო, იანვრის საშუალო ტემპერატურა ნული 13° ფარგლებშია, თოვლის მდგრადი საფარი არ წარმოიქმნება, მდინარეები თითქმის არ იყინებიან, ნალექების წლიური რაოდენობა (700-800 მმ) ბევრად აღემატება წლიურ აორთქლებადობას. აღმოსავლეთისაკენ ჰავის კონტინენტურობა თანდათან მატულობს, ზამთარში ხშირდება რუსეთის ვაკის მხრიდან კონტინენტური ჰაერის შემოჭრა, რის გამოც ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა (ვარშავაში − -4°-მდე), ნალექების წლიური რაოდენობა 500 მმ-მდე კლებულობს. თოვლის მდგრადი საბურველი 2-3 თვე დევს. მდინარეები იყინებიან. ზაფხულის სეზონში თერმული კონტრასტები საგრძნობლად განეიტრალებულია. ივლისის საშუალო ტემპერატურა შიდატერიტორიულად პლუს 17-19° ფარგლებში იცვლება.
შიდა წყლები
შუა ევროპის ვაკე ხასიათდება ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით, რისთვისაც ხელსაყრელია ჰავა და მნიშვნელოვან ნაწილში რელიეფიც. რეგიონის ტერიტორია განეკუთვნება ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვების აუზებს. მთავარი მდინარეები (ელბა, ვეზერი, ოდერი, ვისლა) სათავეებს იღებენ მთებიდან (ჩეხეთის მასივის და კარპატების) და ხასიათდებიან შერეული საზრდოობით – წვიმით, თოვლის ნადნობი წყლით და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონეები გაზაფხულზე აღინიშნება. მასში შერწყმულია თოვლის ნადნობი წყალი და გაზაფხულის წვიმები. დასავლეთისაკენ წვიმის წყლის ხვედრითი წილი მატულობს და დონეების რყევადობა კლებულობს. აღმოსავლეთისკენ მდინარეთა გაყინვის ხანგრძლივობა მატულობს, მდინარე ვისლა საშუალოდ 2-2,5 თვე იყინება.
მდინარეთა წყალგამყოფები ვაკის ფარგლებში სუსტად არის გამოხატული, რაც აადვილებს არხებით ერთმანეთთან მათ დაკავშირებას.
არც ერთი მნიშვნელოვანი სიდიდის ტბა შუა ევროპის ვაკეზე არ გვხვდება, ბევრია მყინვარული წარმოშობის მცირე სიდიდის ტბები, განსაკუთრებით პოოზერიეში.
მცენარეული საფარი ველური ბუნება დასავლეთში წარმოდგენილი იყო ფართო ფოთლოვანი ტყეებით ტყის ყომრალ ნიადაგებზე, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში – შერეული ტყეებით კორდიან ეწერ ნიადაგებზე. ამჟამად ტყეებს უკავია ტერიტორიის მცირე ნაწილი, განსაკუთრებით დასავლეთში. აღმოსავლეთისკენ ტყიანობა თანდათან მატულობს და მაქსიმუმს აღწევს პოოზერიეში. ნიდერლანდებში, დანიასა და ჩრდილო და დასავლეთ გერმანიაში ბუნებრივი ტყეები თითქმის არ შემორჩენილა და მათი ადგილი უკავია ნოყიერ ბუნებრივ და ნათეს მდელოებს, სახნავ მიწებს და ხელოვნურ ტყენარგავებს, რომელშიც მთავარი ადგილი უკავია წიწვოვანებს, განსაკუთრებით ნაძვს. ფართოფოთლოვანი ტყეების მთავარი ტყეშემქმნელი ჯიშებია მუხა და წიფელი. აღმოსავლეთისაკენ ჰავის კონტინენტურობის ზრდასთან ერთად ტყის ეკოსისტემაში წიფლის როლი თანდათან კლებულობს. შერეული ტყეების ტყეშემქმნელი ჯიშებიდან მთავარია ფიჭვი, ნაძვი, მუხა, ცაცხვი და ნეკერჩხალი. ზანდრულ (ქვიშიან) ვაკეებზე გაბატონებულია ფიჭვნარი.
ვაკის დასავლეთ სანაპირო ზოლში დიუნებისა და გესტების ზედაპირს მცირენაყოფიანი, ქვიშიანი, ეწერი და ჭაობიანი ნიადაგებით, ფარავს მანანიანი, სანაპირო დიუნებზე ფიჭვის მცირე კორომებიცაა.
შერეული ტყის ველური ბუნება კარგად არის დაცული ბელოვეჟის ტევრის ნაკრძალში.
ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო ტყეების გაჩეხვასთან დაკავშირებით ძლიერ გაღარიბდა, ბევრი სახეობა მთლიანად გაქრა ანდა შემოგვრჩა მხოლოდ ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში.
ბუნებრივი ტყეების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ტრანსფორმაციამ გამოიწვია მღრღნელების და მწერების, მათ შორის მინდვრის მავნებელთა მომრავლება. ბელოვეჟიის ნაკრძალმა თითქმის მთლიანად შემოგვინახა ევროპის შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეების ფაუნა: კეთილშობილი ირემი, ლოსი, შველი, გარეული ღორი, კვერნა, ციყვი, მაჩვი და სხვა, აგრეთვე სარეწაო ფრინველები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაკრძალში დაცული დომბას ჯოგი.
ბუნებრივი რესურსები
ბუნებრივი რესურსებიდან შუა ევროპის ვაკისათვის მთავარია წყლისა და მიწის რესურსები. მინერალური რესურსებით (განსაკუთრებით პირველხარისხოვანით) ღარიბია, მოიპოვება მურანახშირი, ლაგუნებში — სხვადასხვა მარილი.
შუა ევროპის ვაკეზე ბუნებრივი ლანდშაფტის რეგიონული კონტრასტები ყველაზე ნათლად გამოხატულია დასავლეთ ოკეანურ სექტორსა (პოლონეთის პოოზერიეს დასავლეთით) და აღმოსავლეთ, შედარებით კონტინენტურ სექტორს შორის.