წყალწყალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალწყალა (ლათ. Motacilla alba Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წყალწყალა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-100 მმ-ია, კუდი 82-105 მმ, ნისკარტი – 10-14 მმ, წონა − 20-30 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის მცირე განსხვავება არის შეფერილობაშიც. მამალს ზაფხულში შუბლი, თავის გვერდები, კისერი და სხეულის ქვემო მხარე თეთრი აქვს. სხეულის გვერდები – ღია ნაცრისფერი; თხემი, კეფა, კისრის უკანა ნაწილი, ნიკაპი, ყელი, ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი – შავი. შავი ყელი და თავი ერთმანეთისაგან თეთრი ზოლითაა გამოყოფილი. ფრთის პატარა მფარავები, მხრებისა და ზურგის ბუმბულები რუხია, კუდის ზემო მფარავები – მოშავო, ხოლო მათ შორის ყველაზე გრძელებს კიდეებზე ღია ფერის წინწკლები აქვთ. ფრთების საშუალო და დიდი მფარავები, აგრეთვე მომქნევები მუქი მურაა, თეთრი არშიებით; საჭის შუა წყვილი შავია, ღია ფერის არშიებით, ხოლო კიდურა წყვილი თეთრია, შიგნითა მარაოებზე დიდი რაოდენობის შავი ფერით. საჭის დანარჩენი ბუმბულები შავია. ნისკარტი და ფეხებიც შავია. დედალი ზაფხულში უფრო მკრთალია, ყელსა და ნიკაპზე ზოგჯერ თეთრი.

აღწერილია 15-მდე ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება დასავლეთ ციმბირული წყალწყალა – M. a. dukhunensis Sykes, 1832 და ევროპული წყალწყალა – M. a. alba Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს მთელ ევროპას, აგრეთვე აზიის უდიდეს ნაწილს, სამხრეთით მცირე აზიამდე, სირიამდე, ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილამდე და მონგოლეთამდე ჩათვლით. ბუდობს ალასკის დასავლეთ ნაწილშიც. იზამთრებს ძირითადად ირანში, ავღანეთში, ბელუჯისტანში, ინდოეთში, არაბეთსა და აფრიკაში. საქართველოში მობუდარია დასავლეთ ციმბირული ქვესახეობა, ხოლო მოზამთრე – ევროპული წყალწყალა.

ბიოტოპი

ყველა სეზონში ეტანება ღია ადგილებს, თუმცა წყალსატევების (მდინარეების, ტბების, ნაკადულების) ნაპირებზე გვხვდება ტყეშიც. უფრო ხშირია ადამიანის სამოსახლოებთან, სადაც არის დაბალმოზარდი მცენარეულობა. განსაკუთრებით მრავლადაა ფერმებთან, ხე-ტყის საწყობებთან, აგრეთვე ბოსტნებსა და ბაღებში. ვერტიკალურად ვრცელდება 3000 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლისპირა ფლატეზე, მიწის ნაპრალებში, ბუჩქების ძირას პატარა ჩაღრმავებაში, ხეების მიწისზედა ფესვების საფარქვეშ. წელიწადში 2-ჯერ მრავლდება. პირველად აპრილის ბოლოს, ხოლო მეორედ ივნისის შუა რიცხვებში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. ბარტყების გამოკვებაში მამალიც მონაწილეობს. საინკუბაციო პერიოდი 12 დღეს გრძელდება.

კვება

წყალწყალა იკვებება ნაირგვარი პატარა ზომის წყლის სანაპიროებზე გამორიყული ან ნაკელსა და ბალახნარებში მცხოვრები მწერებით, აგრეთვე ობობებით, კიბოსნაირებით, შემოდგომითა და ზამთარში – მცირე რაოდენობით წვრილი თესლებითაც.

მნიშვნელობა

უამრავი მავნე მწერის განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები