აფშერონსკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფშერონსკი – (ინგლ. Apsheronsk, რუს. Апшеронск), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარის აფშერონსკის რაიონში, ქ. კრასნოდარიდან 103 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. ბელორეჩენსკიდან 43 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქ. მაიკოპიდან 60 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მთავარი კავკასიური ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ფშეხის (მდინარე ბელაიას მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 209 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური და ნოტიო. ზამთარი რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. თებერვლის საშუალო ტემპერატურაა 1,4°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,8°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 990 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის დეკემბერზე (110 მმ), ხოლო მინიმუმი – აგვისტოზე (70 მმ).

აფშერონსკის ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხა, წიფელი, წაბლი, ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, ატამი) და ვენახები. საკურორტო ადგილის მიდამოები დაფარულია ფოთლოვანი ტყეებით (მუხა, წიფელი, წაბლი, ნეკერჩხალი, ვერხვი, რცხილა, იფანი, ალვის ხე), რომლებშიც გვხვდება, აგრეთვე: ველური ვაშლი, ველური მსხალი, სოკო, კუნელი და წერწა.

აფშერონსკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: „ესენტუკის“ ტიპის ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული მინერალური წყლები; „ბორჯომის“ ტიპის ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები; თერმული იოდობრომიანი მინერალური წყლები; აეროიონებით, ფიტონციდებითა და ტყის არომატით გაჯერებული ჰაერი.

აფშერონსკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლების პერორალური მიღება (დალევა) და ამ წყლებით გამორეცხვები, შესხურებები და ინჰალაციები; თერმული იოდობრომიანი მინერალური წყლების აბაზანები; ჰაერისა და მზის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები აფშერონსკში წასასვლელად: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდგამომყოფი გზების პათოლოგიები; შაქრიანი დიაბეტის.ინსულინდამოუკიდებელი ფორმა; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, შარდ-სასქესო ორგანოებისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. აფშერონსკში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატი „ურღვევი კედელის“ სახელობის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი (1998-2003 წლები) და ამ მონასტრის ტერიტორიაზე არსებული 2 ეკლესია – წინასწარმეტყველ ელიას სახელობის (2002-2003 წლები) და წმიდა მოწამეთა მართასი და მარიამის სახელობის (2006-2009 წლები) და ორი სამლოცველო – წმიდა დიდმოწამე ისიდორეს სახელობის (XX საუკუნის დასაწყისი) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატი „ცხოველსმყოფელი წყაროს“ სახელობის; მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის (1952 წელი) და პატრიარქისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა წმიდა ტიხონის სახელობის (1996-2009 წლები); წმიდა გიორგის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია „სურბ გევორქი“ (XIX საუკუნის 90-იანი წლები); ქალაქის მეჩეთი (XX საუკუნის დასაწყისი) და სხვ.; ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა და სხვ.),
ქ. აფშერონსკის მიდამოებში (დაბა გუამკასთან – ქვის ხანის ადამიანის სადგომის (ძვ.წ. X-IX ათასწლეული) ნაკვალევი; დოლმენები (ძვ.წ. IV-III ათასწლეული); სკვითების სამარხები (ძვ.წ. IV-III საუკუნეები); ლანდშაფტური ნაკრძალი „კამიშანოვა პოლიანა“; ნაკრძალები – „ივანოვა პოლიანა“ და „სემიგორიე“; კანიონები – „ვოლჩიი ვოროტა“ და „სუხაია ბალკა“; ხეობები – აბაძების (მდინარე ციცეზე), გუამის და მდინარე კურჯიფსის; ტბები – სამურის, ცისფერი, „ხუკო“ და „ზაგადოჩნოე“; ჩანჩქერები – უნივერსიტეტის, ხადიჟენის, „ჩინარევი“, „ზაკრუჩენი“, მდინარე მოტუზკაზე და სხვ.; გამოქვაბულები აზიშთაუს რეგიონში (აზიშის, „კრასივაია“, „ნეჟნაია“) და ნაკრძალ „კამიშანოვა პოლიანაში“ (კამიშანოვსკაია, „პიკეტნაია“) და სხვ.; კლდეები – „ტაძარი“ და „მძინარე ჩერქეზი“; სამთო- სათხილამურო კურორტი ლაღონაკი და სხვ.),
ქ. ბელორეჩენსკში (ნამარხი მამონტების ნეშტები (ძვ.წ. XXX-XX ათასწლეული); 120-ზე მეტი ყორღანი (XIV- XV საუკუნეები); მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის (1882 წელი), ყოვლადწმიდისა დეოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლის ველიკოვეჩნოეში; დენდროპარკი დაბა განჩარკაში; ხაჯოხი – ჩანჩქერების და კანიონების კომპლექსი დაბა კამენომოსტსკისთან; ბალნეო-კლიმატური კურორტი ველიკოვეჩნოე და სხვ.),
ქ. კრასნოდარში (ქვის ხანის ადამიანის სადგომის (ძვ.წ. XXII-XXI ათასწლეული) ნაკვალევი; ძველი ნაქალაქრების (ძვ.წ. IV-III საუკუნეები) ნაშთები; მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრები – წმიდა დიდმოწამე ალექსანდრიელი ქალწულისა ეკატერინეს სახელობის – ძველი (1814 წელი) და ახალი (1900-1914 წლები); მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის (1843-1844 წლები), წმიდა დიდმოწამის, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის (1895-1903 წლები), წინასწარმეტყველი ელიას სახელობის (1904-1912 წელი), ყუბანის კაზაკთა ჯარის ყოვლადწმიდა სამების სახელობის (1910 წელი), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის სახელობის (1992-1999 წლები), წმიდა მოწამე იოანე მხედრის სახელობის (1995-2000 წლები), რუსეთის კეთილმორწმუნე მთავრისა წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის (2003-2006 წლები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატი „მკურნალის“ სახელობის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (2006-2012 წლები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის (2008-2014 წლები); მართლმადიდებლური სამლოცველოები – კირილეს და მეთოდიოსის სახელობის (1996-1998 წლები), ყოვლადწმიდათა სახელობის (2009 წელი) და სხვ.; წმიდა გიორგის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია „სურბ გევორქ“ (XIX საუკუნის 90-იანი წლები); წმიდა ლიბორის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1996-1999 წლები); მუზეუმები – თ. კოვალენკოს სახ. კრასნოდარის სამხატვრო, რუსეთის კულტურის ფონდის კრასნოდარის სამხარეო ფილიალი, ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის ისტორიის, ყუბანის საფოსტო კავშირის, სამხედრო ტექნიკის („გამარჯვების იარაღი“), ყუბანის ლიტერატურული, კულტურიზმის („სამსონი“), თანამედროვე ხელოვნების, კრასნოდარის სახანძრო და სხვ.; ე. ფელიცინის სახელობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი-ნაკრძალი; სახლ-მუზეუმები – თ. ბურსაკის და ვ. ვისოცკის; სამხატვრო გალერეები – კრასნოდარის, „არტ- სოიუზი“, „დეკოსი“, „იუგი“, „იქს-არტი“, „ლესტნიცა“, „სანტალი“, „სემ კარტინ“; სამხატვრო ცენტრი „ფრეიმი“; სახვითი ხელოვნების საგამოფენო დარბაზი; თანამედროვე ხელოვნების კრასნოდარის ინსტიტუტი; შენობები – სახელმწიფო ბანკის (1876 წელი) და საკანონმდებლო კრების (1896 წელი); ვ. შუხოვის ჰიპერბოლოიდური კოშკი (1896 წელი); ვ. რუბეჟანსკის ყოფილი კარ-მიდამო (1908 წელი); 1905-1915 წლებში აშენებული სახლები; ს. ბაბიჩის წყალ-ელექტრო-სამკურნალო (1916 წელი); ბოტანიკური ბაღები – დენდროპარკი და უნივერსიტეტის; ზოოპარკები – „საფარი-პარკი“, „ოკეან-პარკი“, ოკეანარიუმი, ნორჩი ნატურალისტების სადგურის სამხეცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის უნივერსიტეტის სამხეცე; აკვაპარკები – „ეკვატორი“ და „აქვალენდი“; თაღები – გმირების, „მეხსიერების“ და სხვ.; მემორიალური კომპლექსები – „სამშობლოსთვის ბრძოლებში დაღუპული ყუბანელები“ და სამხედრო-საძმო; ობელისკები – მიძღვნილი ყუბანის კაზაკთა ჯარის 200 წლისთავს და 46-ე არმიის ჯარისკაცებს; ძეგლები – „ცუგათა დედაქალაქი“, „საფულე“, „შურიკა და ლიდოჩკა“ კლარა ლუჩკოს და ბევრი სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები