აქსიონოვო
აქსიონოვო – (ინგლ. Acsionovo, რუს. Аксѐново), კლიმატური და კუმისით სამკურნალო კურორტი რუსეთის ფედერაციაში, ბაშკირთოსტანის ალშევსკის რაიონში, ქ. უფიდან 162 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით და კურორტ აქსაკოვოდან 30 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ბუგულმა-ბელებეის მაღლობზე, ზღვის დონიდან 335 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი.
ჰავა – კონტინენტური, ველის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -18°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 648 მმ. წელიწადში 287 მზიანი დღეა.
აქსიონოვოში გვხვდება: მუხის, ვერხვის, არყის ხის, ფიჭვისა და ნაძვის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორია დაფარულია არყის ხეების კორომებით.
კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია ველის ჰავა. სამკურნალო მიზნით გამოიყენება, აგრეთვე, კუმისი.
აქსიონოვოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია. გამოიყენება, აგრეთვე, კუმისის პეროლალური მიღება (დალევა).
ჩვენება აქსიონოვოში წასასვლელად: ფილტვების ტუბერკულოზი.
ტურისტული ობიექტები:
აქსიონოვოსთვის უახლოესი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები განლაგებულია კურორტ აქსაკოვოს მიდამოებში (იხ. აქსაკოვო) და ქ. უფაში.