ბოსტნის გრატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოსტნის გრატა

ბოსტნის გრატა (ლათ. Emberiza cirlus Linnaeus, 1766) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ბოსტნის გრატა ბეღურაზე ოდნავ პატარა ფრინველია, ფრთა 70-85 მმ-ია, კუდი – 65-70 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა 20-25 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი და კისერი ზემოდან მომწვანო-რუხი აქვს, თხემზე შავი ღერძულა წინწკლებით. ზურგი მოწითალო-ჟანგისფერია, შავი ან ჟანგმიწისფერ-წენგოსფერი გასწვრივი ლაქებით. კუდზედა ბუმბულები წენგოსფერ-რუხია, მაგრამ ცენტრში მოწაბლისფრო ლაქები აქვთ. ფრთის საშუალო და დიდი მფარავები მუქი რქისფერია; პირველი რიგის მომქნევებს ლიმონისფერ-ყვითელი არშიები აქვთ; მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს და ფრთის დიდ მფარავებს – ფართო ჟანგისფერი არშიები საჭის ბუმბულები რქისფერია, მომწვანო-რუხი არშიებით. საჭის კიდურა ორ წყვილს დიდი თეთრი სოლისებური ფორმის ლაქები აქვთ. თვალებს ზემოთ ზოლები, ლოყები, კისრის გარდიგარდმო ზოლი, მკერდის უკანა ნაწილი, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები მკრთალი ლიმონისფერ-ყვითელია. ნისკარტიდან თვალებისა და ყურების გასწვრივ შავი ზოლები გადის. მკერდის წინა ნაწილი მომწვანო-რუხია; სხეულის გვერდებზე მურა წინწკლებია. ზრდასრული დედალი ზურგის მხარეს წენგოსფერ-ჟანგმიწისფერია, მკაფიო შავი და არამკაფიო ჟანგისფერი გასწვრივი ლაქებით. სხეულის ქვემო მხარე მკრთალი ლიმონისფერ-ყვითელია, ვიწრო მოშავო-მურა ღერძულა ზოლებით, განსაკუთრებით მკერდზე. ნისკარტზედა მუქი რქისფერია, ნისკარტქვედა – მოცისფრო, ფეხები – მურა-ხორცისფერი.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ბოსტნის გრატა – E. c. cirlus Linn., 1766.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, წინა აზიასა და ევროპის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს. ჩრდილოეთით ვრცელდება ინგლისის სამხრეთ ნაწილამდე, დასავლეთით – მთელ ევროპაში, სამხრეთით ხმელთაშუა ზღვის კუნძულების ჩათვლით; აღმოსავლეთით – შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროებამდე. საქართველოში ცნობილია, როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი, მეტწილად სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში.

ბიოტოპი

ბინადრობს მთა-გორაკებიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისპირებში, აგრეთვე კულტურულ ლანდშაფტში – ბაღებში და პარკებში.

გამრავლება

ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი, ბუჩქებზე მიწასთან ახლოს. წელიწადში მრავლდება ორჯერ, ზოგან – სამჯერაც. პირველი ბუდობა მიმდინარეობს აპრილის ბოლოდან, ხოლო მეორე – ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ნაპოვნია ბუდობა სექტემბერშიც, რომელსაც მესამე ბუდობად მიიჩნევენ. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, მამალი კი ამ დროს კვებავს დედალს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.

კვება

ბაღის გრატა იკვებება მეტწილად მცენარეთა წვრილი თესლებით, აგრეთვე კენკრით, ხოლო ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების პერიოდში, მრავლად კენკავს ნაირგვარ მწერებსაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით საერთოდ სასარგებლო ფრინველია. საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები