თოხიტარა
თოხიტარა (ლათ. Aegithalos caudatus Linnaeus, 1758) – ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა – თოხიტარა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − თოხიტარასებრნი (Paradoxornithidae)
- გვარი − თოხიტარა (Aegithalos)
თოხიტარა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 55-67 მმ-ია, კუდი – 70-100 მმ, ნისკარტი 6-8 მმ, წონა – 7-11 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველის თავი, კისერი და სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მოვარდისფრო ელფერით კუდქვეშა ბუმბულებზე, მუცელსა და გვერდებზე; ზურგის წინა ნაწილი, კუდზედა ბუმბულები და ფრთის უკანა მფარავები მოთეთრო-მოვარდისფრო, შავის ნარევით. მომქნევები მურა-შავია, მაგრამ შიგნითა მარაოებზე არის თეთრი ლაქები. საჭის შუა ბუმბულებიც მურა-შავია, ხოლო კიდურა სამი წყვილი – თეთრი ლაქებით შიგნითა მარაოებზე, მათ შორის კიდურა წყვილი თითქმის მთლიანად თეთრია. ნისკარტი შავია, ხოლო ფეხები – მუქი მურა.
აღწერილია 20-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური თოხიტარა – A. c. major Radde, 1884.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევრაზიის ტყის ზონას ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. ჩრდილოეთით ვრცელდება ტყის ზონაში სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებზე, არხანგელსკამდე, ურალზე მე-60, ხოლო ენისეიზე – 59-ე პარალელებამდე, ლენის სათავეებამდე და კამჩატკის ყელამდე. სამხრეთით მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, ხოლო აზიაში – მდ. ურალის შუა წელიდან სემიპალატინსკის, ზაისანის ქვაბულის, იმიერბაიკალეთის და დაურიის გავლით, უსურიის მხარემდე; აგრეთვე მოიცავს ჩინეთს, კორეას, იაპონიას, სახალინსა და კამჩატკას. იზოლირებული არეალი არის მცირე აზიის, ამიერკავკასიის, ირანისა და ავღანეთის ტერიტორიებზე. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, სამხრეთში – მომთაბარე. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი, თუმცა ახდენს ვერტიკალურ გადანაცვლებას სეზონურად.
ბიოტოპი
ბინადრობს მეტწილად ფოთლოვან ტყეებსა და მაღალ ბუჩქნარებში; ეტანება მეჩხერ ადგილებს, ტყისპირებს, გვხვდება ჭალებში, პარკებში, ბაღებში, მთის ფერდობების ტყეებშიც და ტყის ზემო საზღვართან არყნარებსა და ნეკერჩხლიანებში.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აკეთებს არყზე, მუხაზე, მეტწილად – ბებერ ხეებზე. მამალს მოაქვს ბუდისათვის მასალა, ხოლო წნავს დედალი. დახურული, სფეროს ფორმის ბუდე დაწნულია ხავსის, მცენარეული ბოჭკოს, მღიერების, ბალახის ღეროებისა და სხვა მასალისაგან, ხოლო შიგნიდან ამოფენილია ბუმბულითა და ღინღლით. აპრილის პირველი რიცხვებიდან დებს 10-12 კვერცხს. დადასტურებულია წელიწადში ორჯერ გამრავლება. მეორე ბუდობა მიმდინარეობს მაისის ბოლო ან ივნისის პირველი რიცხვებიდან. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-13 დღეს გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.
კვება
თოხიტარა მწერიჭამია ფრინველია. მათ შორის უმთავრესია ტყის ნაირგვარი მავნებლები – ცხვირგრძელა ხოჭოები, კუსებური ბაღლინჯოები, ქერცლფრთიანთა მუხლუხოები, კოღოები და მრავალი სხვა. ჭამს ობობებსაც, ხოლო მცენარეულ საკვებს – ძალიან იშვიათად და მცირე რაოდენობით.
მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობის, პარკებისა და ბაღებისათვის.