მიმინოსებრი ასპუჭაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიმინოსებრი ასპუჭაკა (ლათ. Sylvia nisoria Bechstein, 1795) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მიმინოსებრი ასპუჭაკა თითქმის ბეღურასოდენა ფრინველია, ფრთა 80-90 მმ-ია, კუდი – 65-75 მმ, ნისკარტი – 11-13 მმ, წონა – 22-30 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგად ჩანს. ზრდასრული მამალი ზურგის მხრიდან ნაცრისფერია; თავი ზემოდან და გვერდებიდან ზურგზე რამდენადმე უფრო მუქია. ფრთები მუქი რქისფერია. მხრების, ზურგის ქვემო ნაწილის, კუდზედა ბუმბულების, ფრთების საშუალო და დიდი მფარავებისა და შიგნითა მეორე რიგის მომქნევების ბოლოებზე თეთრი არშიებია, რომლებიც ბუმბულის ძირითადი შეფერილობისაგან მუქი ასპიდური ზოლებითაა გამოყოფილი. საჭის ბუმბულები ასპიდურ-მურაა, თეთრი ბოლოებით (შუა წყვილის გარდა), ხოლო კიდურა წყვილის შიგნითა მარაოებზე თეთრი ლაქები უფრო მეტ ადგილს იჭერენ. სხეულის ქვემო მხარე მორუხო-თეთრია, რუხი განივი („ქერცლისებური“) ზოლებით, განსაკუთრებით ყელზე, მკერდზე და გვერდებზე. დედალი გამოირჩევა მამლისაგან სხეულის ზედა მხარეს რუხი შეფერილობის მოწაბლისფრო-ჩალისფერი ელფერით. მკერდსა და გვერდებზე ხშირად ჟანგმიწისფერი გადაჰკრავს, ხოლო მუცლის მხარეს განივი ზოლები ნაკლებია. ნისკარტი მუქი რქისფერია, ხოლო ფეხები – მორუხო-მურა.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული მიმინოსებრი ასპუჭაკა – S. n. nisoria Bechst., 1795.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ცენტრალურ ევროპას და დასავლეთ ციმბირს: დასავლეთით – იუტლანდიის ნახევარკუნძულამდე და რეინის დაბლობამდე; ჩრდილოეთით – შვეციისა და ფინეთის სამხრეთ ნაწილებამდე, სსრ კავშირში – თითქმის მე-60 პარალელამდე, ომსკამდე და ნოვოსიბირსკამდე; აღმოსავლეთით – ალტაის დასავლეთ და სამხრეთ კალთებამდე; სამხრეთითიტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ეგეოსისა და შავი ზღვების ჩრდილოეთ სანაპიროებამდე, კავკასიაში და კოპეტ-დაღში. ზამთარს ატარებს აფრიკის მთელ აღმოსავლეთ ნახევარში და სამხრეთ-დასავლეთ არაბეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს ტყისპირებში, ნაკაფებში, ბაღებში, მდელოებზე, ველებში, ხეობებში, ყველგან – მხოლოდ ბუჩქნარებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ბუჩქებზე, იშვიათად ხეზეც, მაგრამ შედარებით დაბლა. მაისის დასაწყისში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

კვება

მიმინოსებრი ასპუჭაკა მწერიჭამია ფრინველია. ჭამს როგორც ზრდასრულ (იმაგოს სტადიაში) მწერებს, ისე მათ ლარვებს, რომელთაც პოულობს ბუჩქებზე, ხეებზე, ბალახზე, მიწაზე. ზაფხულის მეორე ნახევრიდან მის საკვებ რაციონს ემატება ზოგიერთი კენკრაც.

მნიშვნელობა

მრავალი მავნე მწერის მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ბაღების, პარკებისა და სატყეო მეურნეობისათვის. ამასთან საკმაოდ კარგი მგალობელიცაა.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები