რუხი ასპუჭაკა
რუხი ასპუჭაკა (ლათ. Sylvia communis Latham, 1787) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − ასპუჭაკა (Sylvia)
რუხი ასპუჭაკა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 70-80 მმ-ია, კუდი 60-70 მმ, ნისკარტი – 9-11 მმ, წონა – 13-24 გ. სქესობრივი დიმორფიზმის სიდიდესა და შეფერილობაში მცირედაა გამოხატული. მამალი მხოლოდ ოდნავ დიდია დედალზე. გამრავლების პერიოდში მამალი ზურგის მხარეს მორუხო-მურაა; თავი და კუდზედა ბუმბულები რუხია; მეორე რიგის მომქნევები და ფრთის მფარავები მურაა, ფართო მოქარცისფრო არშიებით; ასევე მურაა პირველი რიგის მომქნევები და მტევნის მფარავები, მაგრამ ვიწრო ღია ფერის არშიებით. საჭის ბუმბულების კიდურა წყვილი მოთეთროა, შიგნითა მარაოზე მუქი ლაქით, მეორე წყვილს წვეროებზე თეთრი ლაქები, ხოლო მესამე წყვილს – თეთრი არშიები აქვთ. ყელი თეთრია. მუცლის მხარე – მოთეთრო, მკერდსა და გვერდებზე მოვარდისფრო-ჟანგმიწისფერი ელფერით. დედალი საერთოდ მამლის მსგავსია, მაგრამ ზურგის მხარე უფრო ერთფეროვანია, მუცლის მხარე კი მოწაბლისფრო-ჟანგმიწისფერი. ზაფხულში მეორე რიგის მომქნევებსა და ფრთის ზემო მფარავებზე ქარცი არშიები უფრო მკრთალი ხდება. შემოდგომით ზურგის მხარე მოწაბლისფროა, ხოლო არშიები ფრთაზე უფრო ფართო და ჟღალია. ნისკარტი მუქი მურაა, ხოლო ფეხები – მოყავისფრო-მურა.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური რუხი ასპუჭაკა – S. c. icterops Menetries, 1832.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, თითქმის მთელ ევროპას მახლობელი კუნძულებითურთ და აზიის დასავლეთ ნაწილს, აღმოსავლეთით საიანის მთებამდე, გობის ალტაიმდე და აღმოსავლეთ ტიანშანამდე. ჩრდილოეთით აღწევს – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო ფინეთში 65-ე პარალელებამდე, სსრ კავშირში არხანგელსკამდე, ტობოლსკამდე და კრასნოიარსკამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სანაპიროებიდან არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ირანისა და ავღანეთის ცენტრალურ რაიონებში. ზამთრობს აფრიკაში, არაბეთსა და ინდოეთში. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარ ბუჩქნარებში, ტყისპირებში, მეჩხერ ტყეში, ველის ზონის ბუჩქნარებში, ჭალებში, მთების ფერდობებზე.
გამრავლება
ბუდეს აგებს დედალი და მამალი ერთობლივად, ბუჩქებზე, მიწასთან ახლოს, ბალახებში ან პირდაპირ მიწაზე, ნამჯის, ხმელი ბალახისა და სხვა მასალისაგან. მაისის პირველ ნახევარში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, რომელსაც ხშირად ცვლის მამალიც. საინკუბაციო პერიოდი 11-13 დღეს გრძელდება. წელიწადში მრავლდება ორჯერ. მეორე ბუდობა იწყება ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში.
კვება
რუხი ასპუჭაკას საკვებს შეადგენენ მწერები, რომელთაგან უმრავლესობა სოფლის მეურნეობისა და ტყის კულტურების მავნებელია. ჭამს ობობებს, აგრეთვე შემოდგომით – კენკრასაც.
მნიშვნელობა
მრავალი მავნე მწერის მასობრივი განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.