ჩვეულებრივი ჭრიჭინა-მეჩალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი ჭრიჭინა-მეჩალია (ლათ. Locustella naevia Boddaert, 1783) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი ჭრიჭინა-მეჩალია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 50-65 მმ-ია, კუდი – 40-60 მმ, ნისკარტი ნესტოების წინა კიდეებიდან – 8-10 მმ, წონა – 10- 15 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზემო მხრიდან მურა-წენგოსფერია, მაგრამ ყოველ ბუმბულზე ღერძულა მუქი მურა ლაქაა, განსაკუთრებით ზურგსა და თავზე. წარბებს ზემოთ ღია ფერის ზოლები ძლივს შესამჩნევია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა. მომქნევების გარეთა მარაოებზე წენგოსფერ-მურა არშიებია, ხოლო საჭის ბუმბულებს წვეროები ღია ფერის აქვთ. მუცლის მხარე ღია მოთიხისფროა, მაგრამ ყელსა და მუცელზე მოთეთროა, ხოლო მკერდზე ზოგჯერ შეიმჩნევა მუქი მურა წინწკლები. კუდის ქვემო მფარავებზე მუქი მურა გასწვრივი ლაქებია. ფრთის ქვემო მფარავები მკრთალი ჟანგმიწისფერი ან მოთეთროა. ნისკარტი მუქი მურაა, ფეხები – ხორცისფერ-მოყვითალო.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური ჩვეულებრივი ჭრიჭინა-მეჩალია – L. n. naevia Bodd., 1783.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და დასავლეთი ციმბირის დიდ ნაწილს – აღმოსავლეთი ესპანეთიდან და ბრიტანეთის კუნძულებიდან, ალტაის მთებამდე და მინუსინსკის ქვაბულამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება დაახლოებით მე-60 პარალელამდე, ხოლო სამხრეთით საზღვარი გაივლის ჩრდილოეთი ესპანეთიდან, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებით, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალკანეთში, მდ. ბუგის ქვემო დინებაზე, ყირიმში, უხვევს დონის ზემო დინებისაკენ, შემდეგ ეშვება ურალსკამდე, გადადის სირ-დარიის დაბლობზე და მიდის ჩრდილოეთ ტიანშანამდე, ზაისანის ქვაბულამდე, სამხრეთ ალტაიმდე და მინუსინსკის ქვაბულამდე. კავკასიაში არის იზოლირებული არეალი. ზამთრობს სამხრეთ ევროპაში (პირენეის, აპენინის, ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე), ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში და დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბუდობის დროს ირჩევს ტყის ზონაში ტენიან მაღალ ბალახნარებსა და მდელოებს, მეჩხერი ბუჩქნარებით, ჭაობებს – დაბალი ბუჩქებითა და მაღალი ბალახებით ან ტენიან ფოთლოვან, განსაკუთრებით კი წიწვიან დაბალმოზარდ ტყეს (ახალგაზრდა ტყეს).

გამრავლება

ბუდეს იკეთებს დაბალ ბუჩქნარებში, მაღალ ბალახნარებში, ლელიანში ან ლერწმიანებში, მიწაზე პატარა ჩაღრმავებაში. მაისის მეორე ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. არის ცნობები ზოგან ივლისში მეორე ბუდობის შესახებაც. საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღემდე გრძელდება.

კვება

ჭრიჭინა-მეჩალიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, მათი ლარვები და ჭუპრები, აგრეთვე ობობები.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები