წითელმუცელა ბოლოცეცხლა
წითელმუცელა ბოლოცეცხლა (ლათ. Phoenicurus erythrogaster Güldenstädt, 1775) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − ბოლოცეცხლა (Phoenicurus)
წითელმუცელა ბოლოცეცხლა სხვა ბოლოცეცხლებზე დიდი ზომისაა, ფრთა 95-110 მმ- ია, კუდი – 70-80 მმ, ნისკარტი – 9-12 მმ, წონა – 23-30 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამალს თხემი და კისრის უკანა ნაწილი თეთრი აქვს; შუბლი, თავისა და კისრის გვერდები, ყელი, ჩიჩახვი და მკერდი, ზურგი, მხრები და ფრთები შავი, მხოლოდ ფრთების შუაში დიდი თეთრი ლაქებია; კუდი, კუდზედა ბუმბულები, მკერდის უკანა ნაწილი და მუცელი ჟანგისფერ-ქარცია. დედალი ზემო მხრიდან მურა-ქვიშისფერია, ხოლო ქვემო მხრიდან – უფრო ღია ფერის, მკერდსა და მუცელზე მოქარცისფრო ელფერით. კუდი და კუდზედა ბუმბულები ჟანგისფერ-ქარცია, მაგრამ საჭის ბუმბულებს მურა არშიები და წვეროები აქვთ, ცენტრალური წყვილი კი მთლიანად მურაა. დედალს ფრთებზე თეთრი ლაქები არა აქვს. ნისკარტი და ფეხები მამალს შავი აქვს, დედალს – მუქი მურა.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური წითელმუცელა ბოლოცეცხლა. – Ph. e. erythrogaster Güld., 1775.
სარჩევი |
გავრცელება
წითელმუცელა ბოლოცეცხლას აქვს რამდენიმე, შედარებით მცირე იზოლირებული არეალი. ეს ფრინველი ბუდობს კავკასიაში, ჩრდილოეთ ირანში, შუა აზიაში − პამირიდან ტარბაგატაიმდე, ალტაიზე, საიანის აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიკალისპირა მთებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ იმიერბაიკალეთში, ავღანეთში, პაკისტანში, ჰიმალაის მთებში, მონგოლეთსა და ტიბეტში. ყველგან მობინადრეა, მათ შორის საქართველოშიც.
ბიოტოპი
ბინადრობს მაღალი მთების სულ ზემო, ალპურ ზონაში მყინვარებთან ახლოს, ვიწრო ხეობებში და მდინარეთა სათავეებთან, დიდლოდებიან ხრამებში. ზამთარში ინაცვლებს უფრო დაბლა, მდინარეთა ღრმა ხეობების ქაცვის ბუჩქნარებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებში, ქვებს შორის ღრიჭოებში, მიწაზე ქვების ძირში. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, მამალი ამ დროს კვებავს დედალს, ხოლო შემდეგ ბარტყებსაც. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა ზუსტად არაა დადგენილი. არაპირდაპირი დაკვირვებით იგი 13 დღეს უნდა უდრიდეს.
კვება
ზაფხულში ძირითადად მწერებით იკვებება, ხოლო შემოდგომითა და ზამთარში ჭამს ქაცვის კენკრასაც.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.