ჭვინტასპუჭაკა
ჭვინტასპუჭაკა (ლათ. Sylvia curruca Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − ასპუჭაკა (Sylvia)
ჭვინტასპუჭაკა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 60-65 მმ-ია, კუდი – 50-60 მმ, ნისკარტი – 12-14 მმ, წონა – 10-14 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან მოცისფრო-რუხია; თავის გვერდებზე ფართო შავი ზოლებია. ზურგი და მხრები მოწაბლისფრო-რუხია; კუდზედა ბუმბულებს მოცისფრო-რუხი ელფერი გადაჰკრავთ. ფრთები და კუდი მურა-რქისფერია, ვიწრო მოყვითალო ან მოთეთრო არშიებით. მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს უფრო ფართო მოთიხისფრო-რუხი არშიები აქვთ. საჭის კიდურა ბუმბულებზე თეთრი სოლისებური ლაქებია. საჭის დანარჩენი ბუმბულების ბოლოებზე ზოგჯერ პატარა თეთრი კოპლებია. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მოვარდისფრო-ჟანგმიწისფერი ან მორუხო ელფერით მკერდსა და გვერდებზე. დედალი ზოგჯერ გამოირჩევა თავზე მოწაბლისფრო ელფერით. გაცვეთილ ბუმბულსაფარველზე ქრება მოწაბლისფრო ელფერი და მკაფიოდ ჩნდება რუხი ფერი. ნისკარტი მოშავოა, ფეხები – მოცისფრო-რუხი.
აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ჭვინტასპუჭაკა – S. c. caucasica Ognev et Banjkowski, 1910.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის დიდ ნაწილს: დასავლეთით საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან, აღმოსავლეთით იმიერბაიკალეთამდე და მდ. ჰუანჰეს სათავეებამდე; ჩრდილოეთით ვრცელდება: ევროპაში – 66-ე პარალელამდე, აზიაში – ქ. სალეხარდამდე, მდ. ენისეიზე – თითქმის პოლარულ წრემდე, ხოლო მდ. ლენაზე – ოლიოკ-მინსკამდე; სამხრეთი საზღვარი გადის სამხრეთი საფრანგეთიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ერაყისა და ავღანეთის სამხრეთ რაიონებში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. ზამთრობს ცენტრალურ აფრიკაში, ინდოეთში და ცეილონზე. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ტყისპირებში, წვრილი რცხილნარის კორომებში, ჭალაშიც და მთის ფერდობებზეც, ბუჩქნარებში, სადაც არაა სხვა სახეობის ასპუჭაკები.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მეტწილად ბუჩქებზე, ზოგჯერ პატარა ხეზე, ველის ზონაში – იშვიათად მიწაზეც. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, მეორედ ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ რიცხვებში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითადი საკვებია მწერები, ჭამს ობობებს, ჭიებს და სხვა წვრილ უხერხემლოებსაც, ზაფხულის მეორე ნახევრიდან ეტანება კენკრასაც.
მნიშვნელობა
მრავალი მავნე მწერის განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.