ხალხური: შემომეყარა ყივჩაღი (კითხულობს უშანგი ჩხეიძე)
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



შემომეყარა  ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა,
- ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
“ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა”.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
- ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს  ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა,
- არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით
- ის, ქალი წავიდა სხვისას
 

    ყივჩაღი ანუ ყივჩაყი - თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენები. გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი დავით IV აღმაშენებელმა 1118 წელს საქართველოში 40 ათასი ყივჩაყი გადმოასახლა. აღმაშენებელმა ცოლად შეირთო ყოვჩაყთა ერთ-ერთი მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი.

თავთუხი - ხორბლის ერთ-ერთი სახეობა. მისი ფქვილისგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი.

ბადაგი – ყურძნის წვენი. აქ: საუკეთესო ღვინო.

ლაშრის ჯვარი (ხატი) - ფშავ-ხევსურთა სალოცავი