ხალხური: ეთერისა და აბესალომის ამბავი (ჩაწერილია თედო რაზიკაშვილის მიერ კახეთში, სოფელ ვეჯინში)
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი! იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. უშვილოდ გადაგებას აპირებდნენ, რომ ცოლს არ დაეჟინა ქმრისათვის: წადი მკითხავთან, აკითხვინე, გაიგე, რა მიზეზით არა გვყავს შვილი, იქნება წამალი იცოდეს რამე და გვიშველოსო.

წავიდა კაცი მკითხავთან და აკითხვინა. მკითხავმა სამი ვაშლი მისცა და თან დაარიგა: წაიღე ეს ვაშლები, როდესაც მოგშივდეს, ეგ ორი ვაშლი მიეცი შენს ცოლს, ერთიც, რო მოსწყურდეს, მაშინ შეჭამოს და შვილი გეყოლებათო.

გზაზე კაცს მოშივდა, ვეღარ გასძლო და შეჭამა ორი ვაშლი, მოსწყურდა წყალი და შეჭამა მესამეც.

ვაშლები შეჭამა თუ არა, კაცს კანჭში ქალი ჩაესახა, მოიჭრა კანჭი კაცმა და გადააგდო. სუნზე ორბი მოფრინდა, დაჰყრიყინა კანჭს, ჩასჭიდა კლანჭები და წაიღო თავის ბუდეში, ერთი მაღალი ხის კენწეროზე.

კანჭიდან გაჩნდა ქალი. უვლიდა ორბი, უზიდავდა საჭმელს, წავიდოდა, დაივლიდა ქვეყანას, მოძებნიდა, იპოვიდა, სადაც კარგი საჭმელი იქნებოდა, და მოუტანდა ქალს.

ქალი დღითი დღე იზრდებოდა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ იმაზე ლამაზი ამომავალი მზეც კი არ იქნებოდა.

იმ ქვეყანაში ერთი ხელმწიფის შვილი იყო, სახელად აბესალომი. იმ ადგილებში, სადაც ის ხე იდგა, სანადიროდ დადიოდა. შენიშნა ხეზე ქალი და ჩაუვარდა გულში. მიდიოდა ყოველდღე ხესთან და შორით ესიყვარულებოდა.

ერთხელ აბესალომმა ყელმოღერებული ეთერი რომ დაინახა, ვეღარ გაძლო და დაუძახა:

„ჩამოდი, ეთერო, ძირსა,
მანდ რას უზიხარ ხესაო,
ჩამოდი, ცოლად გამომყევ,
მანდ ნუ იღერებ ყელსაო.“

– არაო, – უპასუხა ეთერმა, – მე შენ ცოლად რას გამოგადგებიო:

„მდიდარი ხარ, მდიდრის შვილი,
დედ-მამითა ხარ ქებული,
მე ობოლი, ობლის შვილი,
ობლობით ვარ დაჩაგრული,
კაცის კანჭში ჩასახული,
შარის პირას ნაგდებიო,
ორბის კლანჭით აღებული,
ხის კენწერსა გაზრდილიო,
შენ შენი ქნა და წახვიდე,
გამიშვა წყალწაღებული“.

აბესალომმა ღვთის ფიცი მისცა, არ გიღალატებო:

„ზევიდან ღმერთი ცეცხლსა ყრის,
ქვეშ აბესალომ უდგება,
ეთერო, შენსა ღალატსა
ღვთის შვილი ვინ შეუდგება?!
ომში ხმალამოღებულსა
აბჯარიც ჩამამიწყდება,
წყალი უწყალოს ალაგსა,
ზღვა იყოს, ამამიშრება,
შვიდის წლის გზასა მავალსა
     
საგძალიც წამამიწყდება,
მუხლებზე ნადები თოფი,
უბეშიც დამიბრუნდება“.
    წამიწყდება - გამომელევა
       
დაიჯერა ეთერმა აბესალომის ფიცი, დასთანხმდა ცოლობაზე. აბესალომმა, ნიშნად ფიცისა, ერთი შავტარიანი დანა აჩუქა, შეისვა ცხენზე და წამოიყვანა.

აბესალომს ერთი ყმა ჰყავდა, სახელად მურმანი. წინ გაგზავნა თავის დასთან, მარეხთან, და შეუთვალა: ცოლი მომყავს, გიშრისთმიანი ეთერი, და საქორწილო ტანისამოსი დაგვიმზადეო.
     
       
მიიყვანეს ეთერი შინ, ჩააცვეს საქორწილო ტანისამოსი, დაწერა აბესალომმა წიგნები და კომლზე კაცი დაიბარა თავის სახელმწიფოდან. გაგზავნა მურმანი სანადიროდ, გაატანა წერილები.     წიგნი - აქ: წერილი; კომლზე კაცი - თითოეული კომლიდან (ოჯახიდან) თითო კაცი
       
მიდის მურმანი გზაზე, შეჰყრია ეთერის სურვილი და კლავს. „ვინ არის ისეთი კაცი, რომ ეთერი აბესალომს შეაძულოს და მე ჩამიგდოს ხელშიო“, – ფიქრობს თავისთვის მურმანი.

შემოხვდა წინ ეშმაკი მურმანს და ჰკითხა:

– სად მიდიხარ, ან აგრე რას დაუღონებიხარო?

მურმანმა თავისი ამბავი უამბო. ეშმაკმა უთხრა:

– შორს რად ივლი, წამალს მე გასწავლი, ისეთ წამალს, რომ აბესალომმა ეთერი თავისი ხელით შენ მოგცეს; წამალს გასწავლი, თუ შენს სულს მე მომცემო.

– ოღონდ ეთერი ჩემი გახდეს და სულს როგორ დავზოგავო, – უთხრა მურმანმა.

– მაშ ქაღალდი დამიწერე, რომ პირობას არ გადახვალ და მე გასწავლი წამალსაო, – უპასუხა ეშმაკმა.

დაუწერა მურმანმა ქაღალდი და მისცა. ეშმაკმა უთხრა:
     
       
– ჯვარს რომ დაიწერენ ეთერი და აბესალომი, ეთერს ჩუმად ერთი მუჭა ფეტვი ხელუკუღმა შეაყარე, მკბენარი დაეხვევა და რამდენიც არ უნდა აცილონ, ვერ მოაცილებენ, სანამ შენი ხელი არ შეეხებაო.     მკბენარი - იგივეა, რაც ტილი
       
სულგაყიდული მურმანი შინ დაბრუნდა.

ჯვარი რომ დაიწერეს ეთერმა და აბესალომმა და ეკლესიიდან გამოდიოდნენ, მურმანმა ქალს ერთი მუჭა ფეტვი შეაყარა. დაეხვია ეთერს მკბენარი, აცლიან, მაგრამ უფრო მეტი ეხვევა. შეწუხდა აბესალომი, გამოიყვანა ეთერი ხალხში და საჯაროდ დაიძახა:

„ორშაბათს შეყრილ მიჯნურნი
სამშაბათს გავიყარენით,
ვისაც რომ შაყრა გეწყინათ,
გავყრილვართ, გაიხარენით,
ვის გინდათ ქალი ეთერი,
მე სანადიროდ მივალო“.

აუსრულდა მურმანს წადილი, გახარებულმა ჩოქით სალამი მისცა აბესალომს და შეჰღაღადა:

„უბოძე შენსა მურმანსა,
შენი ერთგული ყმა ვარო“.

მოუყვანა აბესალომმა ეთერი და ჩააბარა მურმანს. რაკი მურმანმა ხელი მოსჭიდა, ეთერს მკბენარი მოსცილდა იმწამსვე. წაიყვანა და დაისვა ცოლად.

ეთერის სიყვარული ცეცხლად მოედო აბესალომს. ერთხელაც შეხვდა მურმანს, ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:

„მურმან, მურმან, შენსა მზესა,
ეთერ ქალი რარიგია?“

მურმანმა უპასუხა:
     
       
„რას ჰკითხულობ, ცათა სწორო,
ცოლის ქება აუგია,
შენც გინახავს ბროლის ციხე
როგორ ცამდე მაღალია,
შიგა ზის ქალი ეთერი,
ყელი მოუღერებია,
წელი წვრილი, ბეჭი ფართე,
თეძოს თავი მაღალია,
შუბლი ბრტყელი, წარბი წვრილი,
    აუგი - საძრახისი რამ, ცუდი
საფეთქელი მწყაზარია,
ცხვირი სტვირი, კბილი მძივი,
ბაგე ხახვის ფურცელია,
ცხრანი მულნი გარს უსხედან,
ყველა პირისფარეშია,
დედამთილი უკან უზის,
გიშრის დალალის მწვნელია,
ცხრა მაზლი კარებს ადგანან,
დალესილი ალმასია,
    მწყაზარი - მეტად ლამაზი, მოხდენილი, მშვენებით სავსე
მამამთილი ერდოზე წევს,
გველეშაპის მამკლავია.“
    ერდო - 1. დატკეპნილი სახურავი სახლისა; 2. ამ სახურავში შუაცეცხლის თავზე ამოჭრილი ადგილი, საკვამურის დანიშნულების
       
ამის გამგონე აბესალომი ეთერის სიყვარულით კიდევ უფრო შეწუხდა და ავად გახდა. მოინდომა მურმანის მოშორება და ეთერის ისევ ხელში ჩაგდება. დაიბარა მურმანი და უბრძანა: წადი, უკვდავების წყალი მომიტანე, ეგების კარგად გავხდეო. მურმანი შეფიქრიანდა, ფარსაგი არა მჭირსო. გამოსთხოვა ცხრა დღის ვადა აბესალომს.    
ფარსაგი არა მჭირს - კარგი ამბავი არა მჭირს (ფარსაგი - რიგიანი, ხეირიანი, კარგი)
       
წასვლისას დედას და დას ძალიან შეეხვეწა მურმანი: გაუფრთხილდით ეთერს, ნიავსა და მზის სხივსაც ნუ მიუშვებთ მასთანო.

აბესალომი საშინლად ავად გახდა, კვდებოდა, იმის წამალი აღარსად იყო. გამოვიდა აბესალომის და, მარეხი, წავიდა სოფელში და ჩივის:

– ძმა მიკვდება, მიშველეთ რამე, უწამლეთ ჩემს ძმასაო.
     
       
– იქნებ ეთერის სურვილი ჰკლავდესო; შეიტანე, დაუწყვე ტახტზე მტრედის ფრთა, გამტკიცული პური, წითელი ღვინო და ყორნის ბოლოო.     გამტკიცული პური - წმინდად გაცრილი ფქვილისაგან გამომცხვარი პური (გამტკიცვა - წმინდად გაცრა)
       
შეიტანა მარეხმა და ყველა ეს დააწყო ტახტზე. მობრუნდა აბესალომი, აიღო მტრედის ფრთა ხელში და უთხრა: მტრედის ფრთავ, თეთრი ხარ, მაგრამ ეთერისთანა ვერა ხარო. აიღო ახლა გამტკიცული პური და უთხრა: პურო, გამტკიცული ხარ, მაგრამ ეთერის სახისთანა კი ვერა ხარო. აიღო წითელი ღვინო და უთხრა: წითელო ღვინოვ, წითელი კი ხარ, მაგრამ ეთერის ლოყებივით კი ვერაო. ბოლოს ყორნის ბოლო აიღო. აიღო და თქვა: შავი ხარ, შავი, ყორნის ბოლოვ, მაგრამ ეთერის თვალ-წარბისთანა კი ვერაო.

მარეხს უთხრა:
     
       
„ადე, მარეხო- მასკვლაო,
ეთერსა კარსა უარე,
თუ გკითხოს ჩემი ამბავი,
დაჯექ და წვრილად უამბე.“
    მასკვლაო (დიალექტ.) - ვარსკვლავო
       
წავიდა მარეხი ეთერის მოსაყვანად.

აბესალომის ავადობა რომ გაეგო, ეთერი დედამთილს გამოჰპარვოდა, შესულიყო აბესალომის ბაღში, ერთი ჭადრის ძირას დამჯდარიყო და დაეწყო ტირილი. ბევრი ეტირა და დაღლილს ჩასძინებოდა.

მივიდა მარეხი და მძინარი ეთერი რომ დაინახა, დაუძახა:
     
       
„მე ბანი-ბან დაგეძებდი,
შენ ბაღჩის ბოლოს გეძინა,
ოქროსა ღილი გაგეხსნა,
ბროლისა მკერდი გეჩინა,
ეგ შენი შავი დალალი
მორევისავით გეფინა.“
    ბანი - დატკეპნილი ბრტყელი სახურავი სახლისა, ერდო
       
ეთერს მაინც ვერ გააგონა, მეორედ გადასძახა:

ეთერო, შემოვიარე
იმ შენის ციხის არესა,
   


ციხის არე
- აქ: სასახლის ირგვლივ
გადმოვიხედე, ავტირდი,
ლოგინი გიგავ მთვარესა!
ეს გაზაფხულიც მოვიდა,
მარტი, აპრილი, მაისი,
ადე, ეთერო, გამომყე,
შენ მამირჩინე ძმა ისი.
ავიღებ ბარსა, ნიჩაბსა,
დავხვეტავ გზასა, ხვინჭასა,
მარმარილოსა დაგიფენ,
ფეხი არ დასცე ქვიშასა!
ისეთს სასახლეს აგიგებ,
სულ მარმარილოს ქვისასა,
შიგა-შიგ ფიცარს ჩავუყრი,
     
აბანოურის ხისასა,
წინ საჩრდილობელს მოვიყვან,
მაღალსა, ალვის ხისასა,
ზედ ყაჭ -აბრეშუმს გადმოვფენ
    აბანოურის ხე, აბანოზი - ძვირფასმერქნიანი ხის ჯიში, მის მერქანს იყენებდნენ ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადებისას

ყაჭი - აქ: იგივეა, რაც აბრეშუმი
საჩრდილობელსა მზისასა;
შიგ ხალიჩებსა დაგიფენ
ნაქსოვსა ფარდაგისასა,
ზედ ბილურს ჩამოგიკიდებ
სასმელად ვარდის წყლისასა.
აჰა, ეთერ, ტყავ- ტოლომა,
   



ტოლომა - ფართო და მოკლე ბეწვიანი ზედა სამოსი
 
აფხაზურად შეკერილი,
აჰა, ეთერ, თავსაბური
მოთვალმარგალიტებული,
აჰა, ეთერ, ჯორ-ცხენები,
არაბეთიდან მოსული~.
     
       
ეთერმა უთხრა:

„არცა მინდა ჯორ-ცხენები
არაბეთიდან მოსული,
არცა მინდა ტყავ-ტოლომა
აფხაზურად შეკერილი,
არცა მინდა თავსაბური
მოთვალმარგალიტებული...
გაზაფხულისა პირზედა
მინდორზე მოვა სოსანი,
ამიღო და ყმასა მიმცა!
უღირსი გვირგვინოსანი!„

მაინც გაჰყვა ეთერი: ნეტავი ჩემის ნახვით მოგირჩეს ძმა და როგორ არ წამოვალო.

მივიდნენ აბესალომის კარსა. ქალმა რომ ბანზე ფეხი შედგა, აბესალომი სულს ებრძოდა, იცნო ეთერის ხმა და წამოწოლილმა დაიძახა:

„ეთერი ბანზე შემოდგა,
ბანი და კარი შაინძრა,
ბანიდამ ჩამაიხედა,
სულში ნათელი ჩამიდგა.
წამწამსა და წამწამს შუა
ბაღი გაგიშენებია,
ეთერო, მობრძანებისთვის
მადლი მომიხსენებია,
ეთერ, ტყუილად გარჯილხარ,
ვარ საიქიოს მავალი,
უფალსა უბრძანებია
გზა ვიწრო, მარტოდ სავალი.“

მივიდა მარეხი და ახარა აბესალომს:

„ძმაო, მოვიდა ეთერი,
თუ გაქვს თვალებში ნათელი!“

აბესალომმა უთხრა:
     
       
„ეთერს აქ მობრძანებისთვის
ცხენი უბოძეთ საღარი.“
   
საღარი
- შუბლთეთრი ცხენი
       
ეთერმა უპასუხა:

„ეთერსა ცხენი არ უნდა,
არსად წამსვლელი არ არი.“

კარებთან რომ მივიდა ეთერი, აბესალომი გადაბრუნდა, პირი კედლისკენ ქნა და იმწამს სული განუტევა. ეთერიც მივიდა და დაეკონა:

„აბესალომის დანაო,
ჯიბეს მიძევხარ თანაო,
ამოგიღებ და დაგიცემ
მარჯვენა ძუძუსთანაო.
პირი ჩემკენ, ტარი შენკენ,
ზედ დაგაკვდები თანაო,
ერთადამც დავიხოცებით,
ერთადამც დაგვმარხვიანო,
გზის ძირსამც დაგვაღირებენ,
გზის თავსაც დაგვმარხვიანო.
მიწასაც მოგვაღირებენ,
ფოთოლსაც მოგვაყრიანო,
თავს ვარდი ამოსულიყვეს,
დილის ნიავი შლიდესო,
ზედ მოდიოდნენ ჩიტები,
ბუდობდნენ, ბარტყებს ზრდიდნენო.
ფეხთითა წყარომც გამოვა,
შიგ ოქროს თასი იდგესო,
ყველა მუშა და მაშვრალი,
ყველა ჩვენ დაგვნატრიდესო.
დალევდეს ამვლელ-ჩამვლელი,
შენდობას შეგვითვლიდესო,
რა კარგი რამ დახოცილან,
ისევამც ადგებიანო.“

წამომდგარა ეშმაკი და უთქვამს:

„ადგომა წესი არ არის,
სულითამც ცხონდებიანო“.

* * *
     
       
აბესალომ და ეთერი
ღმერთმა შეჰყარა ერთფერი!
   
ერთფერი
- ერთმანეთის მსგავსნი, ერთნაირები, ერთმანეთის შესაფერისნი
       
მოვიდა მურმანი, გათხარა საფლავი და ისიც მათ შუაში ჩაწვა. მურმანის საფლავზე ნარი ამოვიდა, აბესალომის და ეთერის საფლავზე კი – ვარდი და ია. გადაიხრებიან ვარდი და ია ერთმანეთის მოსახვევად, მაგრამ ეკალი დგას შუაში და უშლის. მურმანის ფეხთით ლეკვები ამოძვრებიან ხოლმე და დილა-საღამოს ყმუიანო.     ნარი - ეკლიანი ბალახი

„ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.“