მაია ჯალიაშვილი: მონატრების სილამაზე (გალაკტიონ ტაბიძის *შინდისის ჭადრებს*)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



ლამაზი სახელია შინდისი. საქართველოში ორი სოფელია ამ სახელით ცნობილი. დაზუსტებით არ შეგვიძლია თქმა, რომელი შინდისი იგულისხმა პოეტმა, მთავარია ის განცდა, რომელიც ლექსშია დახატული მშვენიერი მხატვრული სახეებით, მთავარია ის მონატრება, ნოსტალგია, რომელიც ლექსის სტრიქონებში ირეკლება.

ნოსტალგიის თემაზე უამრავი ნაწარმოებია დაწერილი. ამ ლექსშიც ლირიკული გმირი გადმოგვცემს თავის მონატრებას. უცხოეთში წასულს ენატრება მშობლიური გარემო, ადგილები, რომლებმაც სიხარული და ბედნიერება შეაგრძნობინეს. მის მოგონებებში ცოცხლდება ჭადრის ხეები, ოღონდ, ორი, წყვილად დარგული ჭადრის ხე. პოეტი მათ მიმართავს, როგორც მეგობრებს, სულიერებს:

"ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით".

ლირიკული გმირი ჭადრებს წარმოიდგენს, როგორც გასხივოსნებულებს. პოეტი ქმნის ახალ სიტყვას, ნეოლოგიზმს: "ბადრებით". არსებობს სიტყვა "ბადრი", რომელსაც მთვარეზე იტყვიან და ეს ნიშნავს – სავსე მთვარეს. აქედანაა სიტყვა: გაბადრული: როცა ვინმე გაღიმებულია, ღიმილი სინათლესავით ეფინება ადამიანს სახეზე, დარდი კი სახეს ქუფრავს. კაცის სახელი ბადრიც ამავე შინაარსისაა – პირნათელი. აქ პოეტი ახსენებს: "შუქთა ბადრებს", ესე იგი, ეს შუქი – კაშკაშაა, სავსეა. ეს პოეტის მოგონების შუქია. დავიწყება ხომ ყველაფერს შლის და აბნელებს. დავიწყება წყვდიადია, მოგონება კი – სინათლე: გონება გამინათდა – ხომ არსებობს ასეთი ხატოვანი თქმა, ესე იგი, რაღაც მომაგონდა. ასეთი სინათლე იჭრება სულში, როცა დიდი ხნის მიტოვებული, დავიწყებული მოგაგონდება. გალაკტიონის პოეზიაში ბევრი პოეტური ნეოლოგიზმია. მაგალითად, სიტყვა "გვეუარესა" ლექსში: "გაგონდება თუ არა": რადგან ამ ლექსშიც გარდასულის მოგონებაა.

"მივდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ და რომელსა მხარესა."

აქ ყურადღებას იქცევს: "მივდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა"

გალაკტიონმა ერთ სიტყვაში მოაქცია განცდა იმისა, თუ როგორი უარესი გახდა დრო. გვეუარესა – ნიშნავს ჩვენთვის გადაიქცა ეს დრო სასტიკად. იგი აღარ ჰგავდა იმ ძველ, ტკბილ, ლაღ, ბედნიერებით სავსე დროს. ამგვარი სიტყვათქმნადობა დამახასიათებელია გალაკტიონისთვის. მაგალითად, "და ოცნება მოგონებას იით მოაიავებს" ("დაფნა"). აქაც საუბარია იმაზე, რომ ოცნება მოგონებას ალამაზებს: იასავით ლამაზსა და სურნელოვანს ხდის. მაგრამ ეს გამოხატა ერთი ულამაზესი ახალი სიტყვით: "მოაიავებს”.

ან კიდევ: "გაჰქრა, დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება". აქაც პოეტს სურს თქვას, რომ ღიმილით აღარ შესცქერის სამყაროს, აღარაფერი ახარებს. ალუბალი კი სიმბოლოა მზიანი დღისა, სიხარულისა, ამიტომაც წერს: "ისე ღიმილით არ ეალუბლება". უამრავი მსგავსი მაგალითი შეიძლება დავძებნოთ. ამ თვალსაზრისით, გალაკტიონის პოეზიაზე გამოკვლევებიც არის შექმნილი. საინტერესოა, დავაკვირდეთ, როგორ ქმნის ახალ სიტყვებს გალაკტიონი და რა მიზნით იყენებს მათ. ხშირად მუსიკალურობის გასამძაფრებლად იგონებს სიტყვებს, რომელთაც შინაარსი არ გააჩნიათ, მაგალითად: ლურჯა რაში.

"მიქრის დალალგადაყრილი,
დოვინ-დოვენ-დოვლი,
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი" ("მოვა, მაგრამ როდის?").

განსახილველ ლექსში კი ვკითხულობთ:

"ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით? "


უცხოეთი უფრო ამძაფრებს სამშობლოს სიყვარულს.

ნოსტალგიის თემაზე უამრავი ნაწარმოებია შექმნილი. შეიძლება გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის "გული" ან კიდევ მისივე "შელოცვა რადიოთი". ნოსტალგიის თემაზეა გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" და კონსტანტინე გამსახურდიას "დიონისოს ღიმილი".
პოეტი ლექსში მეტაფორებით წარმოაჩენს სამშობლოს სილამაზეს:

"კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები?"

შემოდგომაზე ბუნებაში ნაირფერებია, მაგრამ ჭარბობს ყვითელი ფერი. პოეტი ფერს არ ასახელებს, მაგრამ მიგვანიშნებს მასზე "ოქროს ზეწრის ხსენებით", რომელიც შემოხვევია ხეებს. ეს ჩვეულებრივი ყვითელი კი არ არის, არამედ რაღაც გამორჩეული, ძვირფასი, ბრწყინვალე. საოცარი ფერწერული ხატი იქმნება. თითქოს თვალნათლივ ვხედავთ ჭადრებს, ქარვისფერი ფოთლებით. "შემოდგომის მკრთალი ბლონდები" – ეს მეტაფორა უფრო გამოკვეთს ამ ნახატს. Yყველაფერი თითქოს შარავანდედითაა მოცული, რადგან ყოველივეს პოეტის სიყვარულით სავსე მზერა მამშვენიერებს. "ბლონდი" შედარებით უცხო სიტყვაა, ხშირად არ გამოიყენება ჩვეულებრივ მეტყველებაში. ლამაზი სიტყვაა. გალაკტიონს უყვარდა ასეთი ლამაზი სიტყვების მოხმობა პოეზიაში. ბლონდი – აბრეშუმის თხელი ქსოვილია, ლეჩაქისა და თავსაფრისთვის იყენებდნენ. ლექსში ხეებს აქვთ შემოხვეული შემოდგომის მკრთალი ბლონდები.

ლირიკული გმირი იგონებს სამშობლოს ამ სილამაზეს და გული სწყდება, თითქოს ადანაშაულებს თავს, რომ მშობლიური კუთხე მიატოვა, უღალატა ნაცნობ ადგილებს, მეგობარ ხეებს, ამიტომაც საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც "უთვისტომოსა და გარეწარს":

"მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები”.

უთვისტომო უნათესაოს, უმეგობროს ნიშნავს. სწორედ ასე გრძნობს თავს უცხოეთში პოეტი, სადაც არ ხვდებიან ნაცნობები და ახლობლები, არ ესმის მშობლიური ენა. რატომ უწოდებს საკუთარ თავს გარეწარს? ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ამართლებს სამშობლოდან წასვლას. ეს დანაშაულად მიაჩნია, ცოდვასავით ჰკიდია კისერზე და აწუხებს, სინდისი ქენჯნის და არ ასვენებს. გვხასენდება პაოლო იაშვილის ლექსი "წერილი დედას"  იქ ლირიკული გმირი მშობლიური სოფლიდან ქალაქშია გაქცეული და საკუთარ თავს ადანაშაულებს ღალატში. სოფელში უამრავი საქმეა გასაკეთებელი, თვითონ კი ქალაქში უმიზნოდ და უსაქმურად დაეხეტება. ამ ლექსში არის ასეთი სტრიქონები:

"როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი", ან კიდევ:
"და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე – სალახანა".

ლირიკული გმირი თავს სალახანას უწოდებს, ესე იგი, ზნედაცემულ, გადაგვარებულ კაცად მიიჩნევს თავს. დავიკუნტები –ამ სიტყვით წარმოაჩენს, როგორ ცხოვრობს ქალაქში – არა ლაღად და მხარგაშლილად, არამედ მოკუნტული, რადგან თავი არა აქვს გამოსაჩენი, უკეთურ ხალხთან აქვს კავშირი, არ ცხოვრობს წესიერად და სირცხვილისგან თავიც ვერ აუწევია.

ლექსში ვკითხულობთ:

"თქვენთან რბიოდნენ ნათელნი დღენი,
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური".

ლირიკული გმირი იხსენებს ბავშვობის უმანკო, ნათელ დღეებს და მეტაფორებით წარმოაჩენს. აქ ყურადღებას იქცევს სიტყვა "გედური", ბავშვობა იყო შეფერილი გედის ფერით. გედი გალაკტიონის პოეზიაში მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა:

"სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის", ან კიდევ:

"და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა"

გედი ხან პოეტის სულის გამოხატულებაა, ხან პოეზიისა და ხელოვნებისა. ამ შემთხვევაში, ის სიწმინდეს გამოხატავს.

"ახლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?"

ლირიკულ გმირს თითქოს ჩაესმის სამშობლოდან წამოსული საყვედურის ხმები: ნაცნობი ჭადრები მას მისტირიან, მის ჩავლილ წლებს, მის ბავშვობას. ბავშვი ხომ ახლოა ბუნებასთან, მისთვის მთელი სამყარო თითქოს გახსნილია, ბავშვს ესმის ბუნების ენა.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს გალაკტიონის ულამაზეს ლექსში  "არხალი":

"ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,
ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო.
ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,
შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.
ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას,
ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა,
ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას
და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.
ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს
ნახირი მოდის საღამო დროის,
უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს
და ქალი კივის იმ "დოი-დოი”-ს."

ჭადარი ხშირად იხატება გალაკტიონის პოეზიაში, როგორც სიმბოლო გარდასულისა, წარსულისა, მშობლიურისა და სიმშვიდისა.

"ეს წინათ იყო, მდინარეს თითქოს
ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი
და კიდეებზე მდუმარედ იდგა
შეუცნობელი შრიალი ჭადრის.
შრიალი ვერხვის, შრიალი ყანის,
უდარებელი სამშობლო მხარე!
რა უწყალოა რონინი ხანის
აუსრულებელ იმედთა გარე!" ( "ეს წინათ იყო")

მოგონებებიც ხშირად გაიელვებენ მის პოეზიაში და მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ:

"წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი და ძველი ღვინო...
ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ დავთვრე მოგონებებით,
რომ მეც საზარლად ვიქვითინო და ვიქვითინო.
ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის წრფელი სიამე...
სადაა ჩემი ყვავილები, სადაა რწმენა?
ზეცავ სასტიკო, მიპასუხე, მითხარი რამე!" ( "ელეგია
").

ასე ლამაზად გამოხატა გალაკტიონმა მონატრების ტკბილ-მწარე განცდა ლექსში "ორო ჭადარო". დიდი ძალა აქვს გალაკტიონის სიტყვას, ჯადოსნურ გავლენას ახდენს მკითხველზე, სულის თვალს უხელს და სულ სხვანაირად დაანახვებს სამყაროს.