ათონის მრავალთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათონის მრავალთავი - ხელნაწერი კრებული (Ath.11/80 – X საუკუნე), რომელიც დაცულია ივირონში ათონის ქართველთა მონასტერში (ივირონი). მისი ფოტოასლი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ათონის მრავალთავი შეიცავს 94 საკითხავს, რომელთა ძირითადი ნაწილი ჰომილეტიკური ჟანრის თხზულებებია. მათ ავტორებად გვევლინებიან IV-V საუკუნეების ისეთი ცნობილი საეკლესიო მამები, როგორებიც არიან: კირილე იერუსალიმელი, ათანასე ალექსანდრიელი, ეფრემ ასური, მელეტი ანტიოქიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, ბასილი კესარიელი, იოანე ოქროპირი, ევსუქი იერუსალიმელი, ევსტათი ანტიოქელი, ანტიპატროს ბოსტრელი, პროკლე კონსტანტინოპოლელი, ეპიფანე კვიპრელი, ევსები ალექსანდრიელი, გრიგოლ ნეოკესარიელი, ტიტე ბოსტრელი და სხვ.

ათონის მრავალთავი შინაარსობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ქადაგება-ჰომილიებთან ერთად მასში დასტურდება ჰაგიოგრაფიული, პატერიკული, ეგზეგეტიკური, პოლემიკური ჟანრის ნათარგმნი თხზულებები და აპოკრიფები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ კრებულში დაცული ისეთი საკითხავები (ჯვრის გამოჩინებისა და სამსჭვალთა პოვნის), რომლებიც წმინდა ჰომილეტიკური ჟანრის ფარგლებში ვერ თავსდება და უფრო ქრისტიანულ საისტორიო მწერლობის ძეგლებს წარმოადგენენ.

ათონის მრავალთავის ბერძნულ და სხვა უცხოენოვან ჰომილეტიკურ კრებულებთან ურთიერთმიმართების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იგი ტიპოლოგიურად ბიზანტიური სრული წლის პანეგირიკონის C ტიპისა და მეორე საღვთისმსახურო საკითხავი კრებულის — ჰომილარიის (დიდი მარხვის საკითხავთა სისტემა) არქეტიპის კომპილაციას წარმოადგენს.

ათონის მრავალთავი სხვა ქართულ მრავალთავებთან (სინური მრავალთავი – sin. 32-57-33, უდაბნოს მრავალთავი - A1109, ტბეთის მრავალთავი - A19, კლარჯული მრავალთავი - A144, პარხლის მრავალთავი — A95) შედარებით განსხვავებულ სურათს იძლევა როგორც მასალის შერჩევის, ისე ავტორთა დასახელების მხრივ. გარდა ამისა, რედაქტორს გარკვეული მოსაზრებით შემოკლებული აქვს ზოგიერთი საკითხავის ტექსტი და იქიდან ამოღებული ცალკეული პასაჟები, რომლებიც, მისი აზრით, ზედმეტი იყო და ამძიმებდა თხზულებას.

არსებობს კრებულის საკითხავთა უცხოენოენოვანი ვერსიები ბერძნულ, სომხურ, სირიულ, არაბულ, კოპტურ, სლავურ, ეთიოპურ, ლათინურ ენებზე. თარგმანთა ძირითადი ნაწილი ბერძნულიდანაა შესრულებული. ზოგიერთი მეცნიერის აზრით (მ. ვან ესბროკი, ე. ჭელიძე), რამდენიმე ქართული საკითხავის წყარო სირიული და სომხური ტექსტებია, თუმცა მკვლევართა ნაწილი (მ. მაისურაძე, მ. მამულაშვილი, ა. ღამბაშიძე, მ. ჩხენკელი, თ. ჩუბინიძე) ჰომილიების ქართულ თარგმანებში სომხურ და სირიული დედნის კვალს ვერ ხედავს, ბერძნული გავლენა კი აშკარაა.

ათონის მრავალთავში ნათარგმნ ჰომილეტიკურ თხზულებებთან ერთად შეტანილია აგრეთვე იოვანე ბოლნელი ეპისკოპოსის ორიგინალური ქართული ჰომილიები, კერძოდ, სამარხვო კვირათა ქადაგებები და ზოგიერთი სხვა.

ათონის მრავალთავის ერთი ნაკვეთი (ფრანგული თარგმანითურთ) გამოსცა ნ. მარმა; ი. აბულაძემ ათონის, უდაბნოს, ტბეთის, პარხლის, კლარჯული მრავალთავებისა და A 535 კრებულის მიხედვით გამოაქვეყნა რამდენიმე საკითხავის კრიტიკული ტექსტი.

1999 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მკვლევართა (მ. მაისურაძე, მ. მამულაშვილი, ა. ღამბაშიძე, მ. ჩხენკელი) მიერ გამოიცა „ათონის მრავალთავი, იოვანე ბოლნელის ქადაგებანი“, სადაც ეს წერილობითი ძეგლი ისტორიულ-ლიტერატურული და ტექსტოლოგიური თვალსაზრისით არის განხილული; დაბეჭდილია პირველი ორიგინ. მქადაგებლის, იოვანე ბოლნელის, ქადაგებები ამ მრავალთავიდან, აგრეთვე რამდენიმე ფსევდოოქროპირისეული ჰომილია, რომლებიც გამომცემლებს იოვანე ბოლნელის თხზულებად მიაჩნიათ.

მ. მაისურაძე

ლიტერატურა

  • აბულაძე ი., „მრავალთავი“, ენიმკის „მოამბე“, 1941, ტ. 14;
  • ათონის მრავალთავი, იოვანე ბოლნელის ქადაგებანი, წგ.: თბილისის სასულიერო აკადემია, სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები, ე. ჭელიძის რედ., ტ. 1, თბ., 1999;
  • მაისურაძე მ., მამულაშვილი მ., ღამბაშიძე ა., ჩხენელი მ., „ათონის მრავალთავი”, იოვანე ბოლნელის ქადაგებანი, თბ., 1999;
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2007.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები