ათანასე ალექსანდრიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათანასე ალექსანდრიელი (დიდი) - (დაახლოებით 298-373 წწ.) – ალექსანდრიის ეკლესიის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მამა და ღვთისმეტყველი (ალექსანდრიული სკოლის წარმომადგენელი), ალექსანდრიის პატრიარქის – ალექსანდრეს მდივანი, შემდგომში – მემკვიდრე საპატრიარქო ტახტზე, არიანული ერესის წინააღმდეგ შეუპოვარი მებრძოლო და მართლმადიდებლობის თავდადებული დამცველი.

310 წელს აკურთხეს დიაკვნად. ალექსანნდრიის მთავარეპისკოპოსს ახლდა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325), ალექსანდრესთან ერთად ათანასე იყო არიანული მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მედროშე. ნიკეის კრებაზე მისმა მჭერმეტყველურმა გამოსვლამ დიდი გავლენა იქონია ამ კრების საბოლოო დადგენილებასა და ქრისტიანული რწმენის სიმბოლოს (მრწამსის) ჩამოყალიბებაზე. 328 წ. ალექსანდრე ალექსანდრიელის გარდაცვალების შემდეგ ათანასე აირჩიეს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსად . ეს კათედრა მას დროგამოშვებით ეჭირა 45 წლის განმავლობაში. არიანელები გააფრთებით იბრძოდნენ ათანასეს წინაარმდეგ და რამდენჯერმე შეძლეს კიდეც მისი გადაყენება (336, 339,356, 362, 365). თავის მრავალრიცხოვან თხზულებებში, განსაკუთრებით დოგმატურ და პოლემიკურ შრომებში, რომლებითაც ის ილაშქრებდა არიანელთა წინააღმდეგ და იცავდა სამების დოგმატს, ჩანს ათანასეს უდიდესი ნიჭი და ფართო განათლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი „არიანელთა ისტორია მონაზონთათვის“. ათანასე ისტორიაში შევიდა როგორც ათანასე დიდი.

ათანასეს თხზულებათა ქართული თარგმანები:

ათანასე ალექსანდრიელის მრავალრიცხოვანი თხზულებების თარგმნა ქართულ ენაზე ადრევე დაიწყეს. ქართულ ენაზე შემონახულია მისი როგორც ჰომილეტიკური, ეგზეგეტიკური, ასკეტიკური და ჰაგიოგრაფიული ხასიათის შრომები, ასევე ეპისტოლეთა თარგმანებიც. მისი თხზულებები სხვადასხვა დროს თარგმნეს ექვთიმე მთაწმინდელმა, გიორგი მთაწმინდელმა, ეფრემ მცირემ, არჩილ მეფემ და სხვ. ათანასე ალექსანდრიელის თხზულებათა თარგმანები შესულია „დიდ სჯულის კანონში“, „მრავალთავებში“, სხვადასხვა სახისა და ხასიათის ჰომილეტიკურ და ასკეტიკურ კრებულებში.

  • ბიბლიოლოგია - „თარგმანებაჲ ფსალმუნთაჲ” Qut 29, A 14;
  • „გამოკუევაჲ ძალისა ფსალმუნისა“ — A 38 ;
  • „ფსალმუნთათჳს“ — A 38.
  • ჰაგიოგრაფია – „ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი“ — A19, A1109, A79, A689;
  • „წამებაჲ წმიდისა მინაჲსი და ერმოგინე და ევღრაფოჲსი“ — A70, H341;
  • „ცხორებაჲდა განგებაჲ წმიდათა მამათან სტეფანესი და ნიკონისი“ — A 249.
  • ჰომილეტიკა — „თქუმული წმიდისა ათანასი ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისაჲ ამაღლებისათვს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“ – A1 44;
  • „მიცემისათჳს უფლისა ჩუენისა იუდაჲსგან ჰურიათა მოშურნებისა“ — Ath 11;
  • „შობისათჳს წმიდისა იოანნე წინამორბედისა და ნათლისმცემელისა“ – Q 336;
  • „სიტყუაჲ წმიდისა და დიდისა ათანასი მთავარეპისკოპოსისა ალექსანდრიელისაჲ მელქისედეკისთვს“ — H282;
  • „თქუმულნი... ვითარმედ მთავარნი სიკუდილითა ბოროტითა მოკუდებიან“ — A112;
  • „საკითხავი... დღისა მისთჳს მეერგასისა და მოსლვისათჳს სულისა წმიდისა“ — A 144;
  • „სიტყუაჲ აღწერისათვს ყოვლადწმიდისა ქალწულისა და ღმრთისმშობელისა მარიამისა და იოსებისთჳს, რომელმან მოითხოვა იგი“ — A162, A182, „ქალწულებისათჳს“ – A584, A1448 და სხვ.
  • „თქუმული წმიდისა ათანასი ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისაჲ, ვითარ კაც იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და რამეთუ ღმრთისმშობელი მარადის ქალწული მარიამ და რომელი იშუა მისგან და იგივე კაცი“ — A19, A95;
  • „სიტყუაჲ, რაითა არა განვიკითხავდეთ ყოველთა ცოდვილთა“ - A 112;
  • „თქუმული სასწაულისა მისთჳს, რომელი იქმნა პატიოსნისა ხატისა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ბივრიტე ქალაქსა შინა“ — A551, H3258 და სხვ.;
  • „თქუმული...ქრისტეს ჯუარისათჳს“ — A691, H1027 და სხვ.;
  • „საკითხავი თქუმული ათანასი ეპისკოპოსისაჲ, ჭეშმარიტებისა წმიდისა ჯუარისათჳს და რომელსა ზედა ივნო ქრისტემან“ – A144; „თქუმული ხატისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“ — A112.
  • ეპისტოლეები — ეპისტოლე ეპიკტიტოს მიმართ კორინთელისა —A266;

ქართულ ხელნაწერებში შემორჩენილია ისეთი თხზულებებიც, რომელთა ავტორობასაც ქართ. თარგმანები ათანასე ალექსანდრიელს მიაწერს, სინამდვილეში კი იოანე ოქროპირის ეკუთვნის, მაგ.: „აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“ — A691.

ე. მანია


Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები