აკურის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკურის მამადავითის მონასტერი.
IX საუკუნე ბაზილიკა

აკურის მონასტერი - აკურის მამადავითის მონასტერი IX საუკუნე ბაზილიკა და სამონასტრო შენობების ნაშთები (გალავანი, მარანი და სხვა) კახეთშია, დღევანდელ თელავის რაიონში, სოფ. აკურიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ტყეში (ქვემოთ, ხევში, მდინარე ვანთისხევია).

ძეგლის თავისებურება სავსებით შეესაბამება გარდამავალ ხანას. საბედნიეროდ, არსებობს, წერილობითი საბუთებიც მონასტრის დაარსების შესახებ. როგორც გ. ჩუბინაშვილმა დაადგინა, მისი დამაარსებელი ყოფილა IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოდვაწე ილარიონ ქართველი, რომლის X ს-ში დაწერილ „ცხოვრებაშიაც“ ნათქვამია ილარიონმა „აღაშენა მონასტერი დედათათვის მოწესეთა ადგილსა კეთილსა და შუენიერსა და შეიყვანა მას შინა ღირსი იგი დედაი და დაი თვისი და იღუწიდა შვილებრითა მოღუაწებითა და შეწირნა სოფელნი რავდენნიმე, ვითარ შემძლებელ იყო, და განუწესა წესი და კანონი, ვითა ჯერ არს მონასტერსა შინა ყოფისაი, ლოცვისა, და მარხვისა და ყოვლისავე წესიერად ქცევისა“ (მართალია, ტექსტში არ არის მითითებული, რომ ეს სიტევები სწორედ აკურის მონასტერს ეხება, მაგრამ ამ ვარაუდის დასადასტურებლად არსებობს საკმარისი საფუძველი: აკურის მონასტერი დავითგარეჯის მეტოქი იყო, ილარიონ ქართველი კი სწორედ ამ მონასტერთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული და მკაცრ გარეჯულ წესდებას მისდევდა; აკურას კი სწორედ დავით გარეჯელის პატივისცემით ეწოდა მამადავითი.

XVI საუკუნის ერთი საბუთი, ალექსანდრე კახთა მეფის სიგელი მოწმობს, რომ აკურაში მართლაც დედათა მონასტერია, ისევე როგორც ილარიონის მიერ თავისი დედისთვის დაარსებული მონასტერი იყო; შენობის არქიტექტურაც, როგორც ითქვა, ამ ხანას მიგვითითებს. გ. ჩუბინაშვილი შენიშნავს, რომ ამ ცნობათა გათვალისწინებით გასაგები ხდება ეკლესიის გეგმის თავისებურებაც - ჩრდილოეთი ნავის შუაზე განივი კედლით: ამგვარად შექმნილი დასავლეთი მონაკეეთი, რომელსაც აღმოსავლეთ მხარეს სულ მცირე ნიშაც აქვს, უეჭველია, ილარიონის დედისთვის განკუთვნილი სამლოცველო ადგილი იყო.

ნახსენები სიგელი, ბოძებული 1597 წელს, მოგვითხრობს, რომ ალექსანდრე მეფეს აკურის მონასტერში დაუბინავებია თავისი და ქეთევანი. თვით შენობის კედლებზე (მაგ., დასავლეთ ფასადზე) შემორჩენილი, საღებავით შესრულებული, წარწერები, თუმცა კი საკუთარ სახელებს შეიცავს, ხელშესახებ რაიმე ცნობას არ გვაწვდის. ეკლესიის კანკელი XVI საუკუნის მეორე ნახევრისა უნდა იყოს. „შენობის გარეთა ზომები: 12,8 x 17,2 მ., სიმაღლე შიგნით - 11,6 მ.

ბიბლიოგრაფია

  1. აკურა. მამადავითის ეკლესია //ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.7-10. სოფ. აკურას მამადავითის (დავით გარეჯელი) ეკლესიაში შემორჩენილი ხუთი წარწერის პალეოგრაფიული ანალიზი.
  2. აკურა. მამადავითის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.312-313. მამადავითის მონასტრის მთავარ ბაზილიკაზე შემორჩენილი X საუკუნის სამსტრიქონიანი წარწერის ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.115).
  3. აკურას „მამა-დავითი“ //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.183-185. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. წმ. მამა დავით გარეჯელის სახ. მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის შიდა სივრცის ფოტოები.
  4. Акура //Беридзе В. Грузинская архитектура.-Тб., Литература да хеловнеьа, 1967.-с.40. Статья содержит краткие сведения об истории основания в Акуре (855 г.) монастыря Давида Гареджойского выдающимся церковным деятелем Илларионом Грузином. Отмечены архитектурные особенности церкви представляющей трехнефную базилику(северный неф, которой разделен поперечной перегородкой на две самостаятельные каппелы).
  5. Гомелаури И., Ревия Р. Каталог проектов обмеров и рисунков академика архитектуры Н.П. Северова //Ars Georgica. Серия В. Вопросы нового и советского искусства.-1964.-N6.-с.171.
  6. Памятники культуры Грузии. Каталог выставки.-Тб., 1967.-с.65.
  7. Путеводитель к выставке древне-грузинской архитектуры.-Тф.,1935.-с.15. С илл.
  8. Шмерлинг Р. Малые формы в архитектуре средневековой Грузии.-Тб.,1962.-с.208. С таб., илл.
  9. ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში.-თბ.,2012.-გვ.27-28. მამადავითის მონასტერში მდებარე ტაძრის,აკურას სამნავიანი ბაზილიკის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.



წყარო

ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები